Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.877
EUR
3.1892
RUR
0.0467
GBP
3.7369

იმპიჩმენტის პროცედურა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაა,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატმა პირველ ოფიციალურ განცხადებაში ისაუბრა.

 

მისი თქმით, იმპიჩმენტის მუხლები რაიმე სახის დანაშაულზე არ მიუთითებს და ეს დემოკრატების მხრიდან 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობაა.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის სენატში გადაცემას დაუჭირა მხარი.

 

შეგახსენებთ, რომ იმპიჩმენტის საფუძველი ტრამპსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარი გახდა, სადაც ტრამპი ზელენსკის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი „მისი სამეფო უმაღლესობის“ ტუტულით აღარ ისარგებლებენ და სახელმწიფო სახსრებს აღარ მიიღებენ, - ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წყვილი დედოფალს ოფიციალურად ვეღარ წარმოადგენს.

 

ბუკინგემი აცხადებს, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია „ფროგმორის კოტეჯის“ მოსაწყობად, რომელშიც მათ დიდ ბრიტანეთში ყოფნისას უნდა იცხოვრონ, 2,4 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას აპირებს.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში გაზაფხულიდან შევა.

 

ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა დედოფალ ელისაბედ II-ის განცხადებაც.

 

„რამდენიმე თვიანი საუბრებისა და ბოლოდროინდელი დისკუსიების შემდეგ, მოხარული ვარ, რომ ერთად ვიპოვეთ კონსტრუქციული და მხარდამჭერი გზა ჩემი შვილიშვილისა და მისი ოჯახის მომავლისთვის.

 

ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ჩემი ოჯახის საყვარელი წევრები.

 

ვაცნობიერებ იმ გამოწვევებს, რაც მათ წინაშე იდგა განსაკუთრებული ყურადღების გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში და მხარს ვუჭერ მათ სურვილს, ჰქონდეთ უფრო დამოუკიდებელი ცხოვრება.

 

მსურს, მადლობა გადავუხადო მათ თავდადებული შრომისათვის რაც ქვეყნასა და მის ფარგლებს გარეთ გაწიეს. განსაკუთრებით ამაყი ვარ იმის ნახვით, თუ როგორ სწრაფად გახდა მეგანი ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

 

მთელი ჩემი ოჯახი იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეთანხმება მათ საშუალებას მისცემს, ახალი, ბედნიერი და მშვიდი ცხოვრების შენება დაიწყონ“, - ნათქვამია დედოფლის მიერ გავრცელებულ წერილში.

 

შეგახსენებთ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე უარის თქმას და მუშაობით ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას აპირებენ.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა. მან წერილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა.

 

კონგრესმენი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.

 

„როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი შეშფოთების შესახებ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევისა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესების გამო. მე ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის 3 დეკემბერით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, სადაც ხაზგასმულია მათი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით.

 

მიუხედავად 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდგომი პროგრესისა ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში მკვეთრად უარყოფითი ტენდენცია გამოვლინდა“,- წერს კონგრესმენი.

 

კონგრესმენის თქმით, სწორედ ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება. მას მაგალითად მოჰყავს ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან, რომელიც შევიწროების ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა.

 

მარკუეინ მალინი ასევე გამოეხმაურა სოციალურ მედიაკომპანია „ფეისბუქის“ მიერ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშების დაბლოკვას.

 

„ცოტა ხნის წინ „ფეისბუქმა“ დახურა „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშები, რომელიც საქართველოში ოპოზიციური ხედვების ჩასახშობად „კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას“ მიმართავდა და ანტიდასავლურ გრძნობებს ავითარებდნენ, მათ შორის განსაკუთრებით აშშ-ის წინააღმდეგ“,-წერს კონგრესმენი

 

წერილის ბოლოს, კონგრესმენი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო კვლავ დარჩება ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების მიმართ.

 

„ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა იმოქმედებს სწრაფად იმ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ასე იმსახურებს“, – წერს კონგრესმენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ხელისუფლებამ იმდენად მოიჭრა თავი და იმხელა დისკრედიტაცია განიცადა, რომ კვალიფიციური კადრები ერიდებიან თანამშრომლობას და ერთი და იმავე ადამიანების ჯგუფს ატრიალებენ ერთსა და იმავე თანამდებობებზე“,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, ჩანს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას კვალიფიციური კადრები ერიდებიან.

 

„ერთსა და იმავე ადამიანებს რამდენჯერმე აბრუნებენ ერთსა და იმავე პოზიციაზე, ეს ნიშნავს, რომ კადრების დეფიციტიცაა. ვფიქრობ, დღევანდელმა ხელისუფლებამ იმდენად მოიჭრა თავი და იმხელა დისკრედიტაცია განიცადა, რომ უკვე კვალიფიციური კადრები ერიდებიან მათთან თანამშრომლობას და რჩება ერთი და იმავე ადამიანების ჯგუფი, რომელთაც ატრიალებენ ერთსა და იმავე თანამდებობებზე“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი ძალადობრივ შეტევას ახორციელებს პარლამენტზე, მეორე ნაწილი სხდომებში არ მონაწილეობს და მესამე ქიმიურ ნივთიერებებს ასხამს დარბაზში, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს კრიტიკული დამოკიდებულება ასეთი საპარლამენტო პროცესის მიმართ, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან NDI-ის კვლევის შეფასებისას გააკეთა.

 

თუმცა, აქვე თალაკვაძე აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგები ხშირად არ ემთხვევა საზოგადოების განწყობებს და ის ენდობა არჩევნებს და იქ დაფიქსირებულ საზოგადოების განწყობას.

 

„სამწუხაროა, რომ ამ კვლევითი ორგანიზაციის შედეგები ძალიან ხშირად არ ემთხვევა საზოგადოების განწყობებს. რაც შეეხება ინსტიტუტებთან დაკავშირებულ რეიტინგებს, მე კონკრეტულად პარლამენტთან დაკავშირებით გიპასუხებთ, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი ძალადობრივ შეტევას ახორციელებს პარლამენტზე, მეორე ნაწილი სხდომებში არ მონაწილეობს და მესამე ქიმიურ ნივთიერებებს ასხამს დარბაზში, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს კრიტიკული დამოკიდებულება ასეთი საპარლამენტო პროცესის მიმართ. ასე რომ, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, იფიქრონ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, იმაზე, რომ ხელფასს იღებენ იმაში, რომ ემსახურებოდნენ საზოგადოებას და მონაწილეობდნენ კანონშემოქმედებით და ზედამხედველობის პროცესში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წესიერად ილაპარაკე, - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველ-ვიცე სპიკერს გია ვოლსკის მიმართა.

 

ბიუროს სხდომაზე ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტთან მუშაობის პრობლემატურობაზე საუბრობდა, რა დროსაც ვოლსკიმ გარკვეული რეპლიკა გააკეთა.

 

ამის შემდეგ კობერიძემ მას მიმართა, რომ არტისტიზმი კარგია, თუმცა არა ბიუროს სხდომაზე. თავის მხრივ, პირველმა ვიცე-სპიკერმა ლევან კობერიძეს ურჩია, თავად დაკავდეს არტისტული საქმიანობით.

ნებისმიერი სხდომა, რომელიც სასამართლოში გაიმართება, გამოყენებული იქნება ჩვენს ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის, რადგან ამ პროცესზე საუბარიც კი აღარ ღირს, ეს არის ფარსი დადგმული ბიძინა ივანიშვილის მიერ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოსთან, პროცესზე შესვლის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხაზარაძის განმარტებით, ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაც კი აჩვენებს, რომ აღნიშნული საქმე თითიდან არის გამოწოვილი.

 

„ეს არის მარიონეტული პროკურატურა, რომელიც დაკავებულია იმით, რომ სხდომის შემდეგ რა მოიფიქროს, რომ პიარულად რაღაც მიაწოდოს საზოგადოებას, უკვე ეს მასალაც აღარ აქვთ. განსაკუთრებით, როცა რამდენიმე დასკვნა დაიდო გარე ექსპერტების, არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი ექსპერტების მიერ. ომბუდსმენის დასკვნა ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი საქმე. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ აქ მხოლოდ ჩვენს საქმეზე არ უნდა ვისაუბროთ, უამრავი ადამიანია ანალოგიურ სიტიაციაში და მინდა გითხრათ, რომ მადლობელი ვარ, რომ როგორც რიგითი ქართველი, მოვხვდი ამ სიტუაციაში და ქვემოდან გავიგე თუ როგორ არის დამპალი სისტემა, როგორ არის აბსოლუტურად ყველაფერი შესაცვლელი და როგორ უჭირთ იმ ადამიანებს, ვისაც უსამართლოდ ექცევიან. ეს საკუთარ თავზე თუ არ გამოსცადე, ვერ გაიგებ სხვას როგორ უჭირს. ამიტომ მე მადლობელი ვარ, რომ ამ გზას გავდივარ ბადრისთან ერთად, ვნახულობ იმ სიმახინჯეს, რომელიც საბჭოური მენტალობიდან დარჩა საქართველოში. ჩვენ ამას ძირფესვიანად შევცვლით და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, დავამყარებთ ისეთ სიტუაციას, სადაც ადამიანს ექნება დაცვისა და სტაბილურობის გარანტია და იმის შიში არ ექნება, რომ მისი ოჯახის წევრი, შვილი, მეგობარი იქნება დაჩაგრული სისტემის მიერ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კი ვაკრიტიკებთ, ვამხელთ მის ქმედებას, მაგრამ ადამიანურად გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოსთან, პროცესზე შესვლამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ხაზარაძის თქმით, კომპრომისი არ იქნება, რადგან საქართველოს სჭირდება რადიკალური ცვლილებები.

 

„მე მართლა გული მწყდება, კი ვაკრიტიკებთ, ვამხელთ მის ქმედებას, მაგრამ ადამიანურად გული მწყდება თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში, ადამიანურად, როგორც ქართველი ვამბობ ამას, მისმა ამ დეგრადირებამ როგორ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ. 2012 წლის ეს ამხელა ენთუზიაზმი, რომ რაღაც შეიცვლებოდა, ამხელა გეგმები, სად მივიდა ეს ყველაფერი. აქვს ამ ქვეყანას ამხელა რესურსი, რომ სულ ასე წრეზე ვიაროთ ? გული მწყდება, როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება. ქვეყანას სჭირდება რადიკალური ცვლილებები, ქვეყანას სისტემურად სჭირდება ქირურგიული ჩარევა და ქირურგიულ ჩარევაში ვგულისხმობ სისტემის დემონტაჟს ბიძინა ივანიშვილის თამადობით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ხაზარაძემ საპროკურორო საბჭოსთვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენაც შეაფასა და აღნიშნა, რომ სისტემის მანკიერება სწორედ ის არის, რომ ერთსა და იმავე თანამდებობებზე ერთსა და იმავე ადამიანებს აბრუნებენ.

 

„ამას შეიძლება დავარქვათ ბიძინა ივანიშვილის „კარუსელი“. ეს არის ზუსტად ამ სისტემის მანკიერი მხარე, რომ ერთსა და იმავე თანამდებობებზე აბრუნებ ერთსა და იმავე ადამიანებს. გაიხსენეთ, ბოლო 7 წელიწადში, მგონი, 5 პრემიერ-მინისტრი გვყავდა. ვინმემ კითხვა დასვა გადასახადის გადამხდელთა ფული რომ იხარჯება, რა შედეგი მოაქვს ამ ხალხს? ამ ადამიანს ჰგონია, რომ თავისი კომპანიის დირექტორებს ცვლის და თავის აუდიტორებს. ასე არ არის! სახელმწიფო სხვანაირი სტრუქტურაა და ის სხვანაირად იმართება“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ხელი შევუწყოთ ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობას. დღეს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას შეემატება კიდევ ერთი მასშტაბური ობიექტი, ესაა „გარდაბანი 2“, კომბინირებული ციკლის 230 მეგავატიანი თბოსადგური, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

 

თურნავა აცხადებს, რომ თბოსადგური ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას მოსახლეობის, ბიზნესის უწყვეტი ენერგომომარაგებით.

 

„ეს არის ახალი ტექნოლოგიით შესრულებული თბოსადგური და არის ორჯერ უფრო ეფექტური ვიდრე ძველი, ე.წ. ღია ციკლის თბოსადგურები. იცით, რომ ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ენერგეტიკული რეფორმის და ამ დარგის ძირეული გარდაქმნის აუცილებლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით და დავალებით, ჩვენ ეს რეფორმა 2019 წელს დავიწყეთ. შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ახალი, ევროპული ტიპის კანონმდებლობა. შევქმენით ღია, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი, დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა“, - აღნიშნა თურნავამ.

 

მინისტრის თქმით, პრიორიტეტად რჩება განახლებადი ენერგიის ათვისება და 2020 წელი ამ მხრივ გამორჩეულია.

 

მან ასევე ხაზი გაუსვა ახალი თბოსადგურების მშენებლობის მნიშვნელობას, რაც თურნავას თქმით, სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს.

 

„ესაა ჩვენი რეზერვი, რაც სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს. მაგალითისთვის, მხოლოდ ამ თბოსადგურს, შეუძლია თბილისის საშუალო თვიური მოხმარების 70%-ის დაფარვა“,-განაცხადა თურნავამ.

 

ცნობისთვის, გარდაბანში, უკვე არსებული თბოელექტროსადგურების კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებული 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის მქონე თბოელექტროსადგურის მშენებლობაში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 185 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

თბოსადგურის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო.

კანდიდატებიდან მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს და შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, ღირსეული პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმა და პასუხისმგებლობის აღება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის შესახებ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას.

 

პრემიერის თქმით, გენერალური პროკურორის კანდიდატს გარკვეული დროის შემდგომ უკვე საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს და იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია.

 

„ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ცეკვების გარეშე,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა შოთაძის კანდიდატურის შეფასებისას.

ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება.

 

„ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას. მთავრობის სხდომა მაქვს და ცოტა მეჩქარება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პრემიერის პოსტს დატოვებს.

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ღონისძიებისას ფიცი დადო.

 

ცერემონიას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი დაესწრო.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ადასტურებენ.

 

აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი 20 დეკემბერს დაამტკიცა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კელი დეგნანი საქართველოში ელჩის პოზიციაზე 4 სექტემბერს დაასახელა.

 

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტი 2018 წლის მარტიდან ვაკანტურია. 2015 წლიდან 2018 წლამდე ამ პოსტს იან კელი იკავებდა. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს. მანამდე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ პოზიციას როს უილსონი ითავსებდა.

 

კელი დეგნანი არის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც საქართველოში დანიშვნამდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობდა. ამ პოზიციის დაკავებამდე, კელი დეგნანი მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში.

 

25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. კელი დეგნანი იყო სახელმწიფო მდივნისა და პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის სპეციალური მოადგილე. მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. კელი დეგნანი არის სახელმწიფო მდივნის ESA ჯილდოს მფლობელი და საუბრობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებზე.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » January 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?