ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება დაუსაბუთებელი ბრალდებაა.

 

როგორც მეუფე საბამ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოსთან მყოფ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, მეუფე პეტრემ ეს ბრალდება უნდა დაასაბუთოს.

 

„ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როდესაც მას არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება და ბრალდება. როდესაც ხდებოდა მეუფე პეტრესთან დაკავშირებით მისი საკითხის განხილვა, ჩვენ ვცდილობდით, რომ მას გამოეთქვა სინანული, რადგანაც თუკი არის ეკლესიაში პრობლემები, მან უნდა ისაუბროს ამაზე სინოდზე. მან დაარღვია ამით კანონიკური კუთხე და სინოდის ნაცვლად საჯაროდ როდესაც მიდის საუბარი და თანაც დაუსაბუთებელი ბრალდებები, ჩვენგან იყო მისადმი მოთხოვნა, რომ მას შენდობა ეთხოვა. მაგრამ გადაგვიჭრა ყველა გზა. მე ვიყავი პირადად ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ვაპირებდი დავჩოქილიყავი წმინდა სინოდის მღვდელმთავრების წინაშე და მეთხოვა, რომ მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან გადაჭრა ყველა გზა“, - განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ.

 

კითხვაზე: რა არის მეუფე პეტრეს განცხადების მიზანი? მეუფე საბამ განაცხადა, რომ ეს მედიამ მას უნდა ჰკითხოს.

 

„ის ბრალდება, რომელსაც აყენებს, უნდა დაასაბუთოს“, - ბრძანა მეუფე საბამ და დასძინა, რომ მეუფე პეტრეს გადაყენების საკითხს წმინდა სინოდის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.