Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9691
EUR
3.2797
RUR
0.0461
GBP
3.6989

თამარ ჩუგოშვილის ინიციატივის მიზანია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, რაღაცნაირად, მსხვერპლად შევწიროთ „კლანს“ და ვეცადოთ, რომ ნაკლები დისკომფორტი იყოს საბჭოში, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას.

 

ანა დოლიძე ჩუგოშვილის ინიციატივას მიუღებლად მიიჩნევს.

 

„ეს წინადადება ჩემთვის მოულოდნელი და რა თქმა უნდა, მიუღებელია. ამ ხუთი ადამიანის გაყვანაში იგულისხმება ნაზი ჯანეზაშვილიც, რადგანაც ეს იგულისხმება, ერთადერთი აზრი მაქვს, რომ ამ ინიციატივის მიზანია ნაზი ჯანეზაშვილი, რაღაცნაირად, მსხვერპლად შევწიროთ „კლანს“ და ვეცადოთ, რომ ნაკლები დისკომფორტი იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. სხვა შემთხვევაში, თუ მართლა მართლმსაჯულების ინტერესი გაქვს როგორ შეიძლება მოგაფიქრდეს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოდან გაიყვანო?! პირიქით, ათი ნაზი ჯანეზაშვილი უნდა შემოიყვანო. მეორე პრობლემა ის არის, რომ უმრავლესობას ყველანაირი ბერკეტი აქვს, შეცვალოს კანონმდებლობა და საბჭოს დანიშვნებზე ქვორუმი 14 კაცამდე ასწიოს, კაციშვილს ვეღარ დანიშნავენ ნაზის და ჩემს გარეშე. ანუ აქ იმის გარდა ვერაფერს ვხედავ, რომ გაიყვანონ ხუთი ადამიანი და შემოიყვანონ ხუთი ზაზა ხარებავა. ამას ვინ დაუშლის პარლამენტს და ვანო ზარდიაშვილს?! ამიტომ ეს შემოთავაზება მიუღებელია“, - განაცხადა დოლიძემ.

 

ამასთან, ანა დოლიძე მიმართავს ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძეს და თამარ ჩუგოშვილს, დაასახელონ, თუ როგორ მოხვდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „კლანის“ მხარდამჭერი არამოსამართლე წევრები, მაშინ როდესაც საბჭოში ვერ მოხვდნენ ისეთი გამოცდილი პროფესორები როგორებიც არიან: ირაკლი დვალიძე, კახა წიქარიშვილი და მაია ივანიძე.

 

„მინდა ყველას ვკითხო, ვინც ამ საკითხში „ოცნებიდან“ მონაწილეობდა, მათ შორის, თამარ ჩუგოშვილს, დაასახელოს მისცა თუ არა მან ხმა ზაზა ხარებავას, ადამიანს, რომელსაც უბრალოდ არ აქვს პროფესიული ბიოგრაფია და რომელიც ამ „კლანის“ მთავარი მხარდამჭერია. დაასახელონ როგორ მოიპოვა ზაზა ხარებავამ 84 ხმა საბჭოში გასამწესებლად. ახლა რომ ძალიან გული შესტკივათ, იგივე კითხვით მინდა მივმართო მამუკა მდინარაძეს, ეკა ბესელიას. მარტივი შესაძლებელია გამოიწვიონ სამი კაცი, რა საჭიროა გამოიწვიო ხუთი კაცი?! თუ აწუხებთ „კლანის“ თანამოაზრეები ეს ხალხი არის: შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა და ლევან გზირიშვილი. ყველა გადაწყვეტილებას უდასტურებენ „კლანს“.

 

თამარ ჩუგოშვილი ძალიან კარგი იურისტია, ამიტომ არ მჯერა, რომ თავის წინადადებებში ვერ გაითვალისწინა, რომ ამ ხუთში მოიაზრება ადამიანი, ვინც მართლა კარგი გაგებით „ააფეთქა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

შეგახსენებთ, პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

გვსურს, სასამართლო სისტემისადმი ნდობა საქართველოში ურყევი იყოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში დანიშვნის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ევროკავშირისთვის.

 

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებთ ამ პროცესს. გვსურს, სასამართლო სისტემისადმი ნდობა საქართველოში ურყევი იყოს. რისი ხილვაც გვსურს, ის არის, რომ საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს კრიტერიუმები მოსამართლეების დანიშვნისთვის, რომლებიც ისარგებლებენ საზოგადოების ნდობით. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი და ვიმედოვნებ, რომ ბოლოს კარგ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ელჩმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის პროცესი სწორად უნდა წარიმართოს. ამის შესახებ ელჩმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანრი ოხანაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

“შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა რიგი საკითხები. ჩემთვის, ევროკავშირისთვის ეს პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომიტეტია. შევთანხმდით, რომ რიგ საკითხებზე გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. განვიხილეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა. ასევე შევეხეთ მოსამართლეების შერჩევის პროცედურას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. სწორად უნდა წარიმართოს შერჩევის კრიტერიუმების დადგენის პროცესი, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობა, გამჭვირვალობა და სანდოობა პროცესის ფარგლებში. ჩვენ პარლამენტთან ვსაუბრობთ ამ საკითხზე და განვაგრძობთ შეთავაზებებისა და რჩევების მიცემას, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს“, - განაცხადა ელჩმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მოსალოდნელი იყო იმ კანონპროექტის ჩავარდნა, რომელიც საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს.

 

გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, 9 დეპუტატის ეს კანონპროექტი კონსტიტუციურ ნორმებს ვერ პასუხობდა, ვინაიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა თვითონ კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

 

„საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ ერთ გამონაკლისს უშვებს მოსამართლის უვადოდ დანიშვნის წესიდან და ეს არის პირველად განწესების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მოსამართლე სამი წლის ვადით განწესდეს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში, მოსამართლე უნდა დაინიშნოს უვადოდ. ამიტომ ვფიქრობდი, რომ შესაძლოა, ეს კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში ყოფილიყო. ასე რომ, ეს შედეგიც მოსალოდნელი იყო", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

 

21 თებერვალს, პარლამენტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 45-მა დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.

 

შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

 

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერდნენ ხელს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტის მიერ წარდგენილი ხუთი კაცის გამოწვევა ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში, ეს გამოიწვევს ჩემს გათავისუფლებას, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

 

 ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა დგას თამარ ჩუგოშვილის ამ ინიციატიის მიღმა და განმარტავს, რომ კანონი გამოწვევის ტერმინს საერთოდ არ ცნობს. ამასთან, ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოს წევრს უფლებამოსილება შესაძლოა, შეუწყდეს იმ შემთხვევაში, თუ ის მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებს. ჯანეზაშვილი მოითხოვს, დაუკონკრეტდეს, თუ რა შემთხვევაში არ შეასრულა მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოვალეობა სათანადოდ.

 

„თამარ ჩუგოშვილის ამ ინიციატივის უკან რა დგას, არ ვიცი, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინდივიდუალური წევრის დამოუკიდებლობა მაქსიმალურად უნდა იყო დაცული. კანონში საფუძვლებია ჩამოთვლილი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს. ერთ-ერთი პუნქტი არის მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება. მაშინ, როცა ამაზეა საუბარი, მე პირადად, ვინმემ უნდა ამიხსნას, რა ნაწილში შევასრულე არაჯეროვნად ჩემი მოვალეობები. მეორე, ვენეციის კომისიამ თქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, (და ზუსტად ჩემზე თქვა) უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი დამოუკიდებლობის გარანტიებიო. კანონში ეს ჩანაწერი, ანუ არაჯეროვანი შესრულება უნდა ეფუძნებოდეს გათავისუფლების შემთხვევაში ობიექტურ კრიტერიუმებსო. ამიტომ, უნდა ამიხსნას ვინემ, თუ რა ნაწილში ვერ შევასრულე ჩემი მოვალეობა და კი ბატონო, მერე ვიმსჯელოთ.

 

პარლამენტის მიერ წარდგენილი ხუთი კაცის გამოწვევა ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში, ცხადია, ეს გამოიწვევს ჩემს გათავისუფლებას. ეს არ არის გამოწვევა. გამოწვევის ტერმინს კანონი არ ცნობს. გამოწვევა იქნებოდა მაშინ, თუ პარლამენტის წევრი ვიქნებოდი და უკან დამაბრუნებდნენ. ამიტომ, ეს არის უფლებამოსილების შეწყვეტა. საერთოდ, პრეცედენტი, გინდა თუ არა ეს გადაწყვეტილება მიიღე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გამოგიწვევ, არასწორია“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

 

ამ კონტექსტში ჩუგოშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სწორედ პარლამენტის მიერ შეყვანილი წევრების მხარდაჭერითა და ხმებით ხორციელდება.

 

შეგახსენებთ, 2013 წლის 1 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან. საბჭოს 8 წევრს ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პარლამენტს მიმართავს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც მოსამართლეთა ქონების კანონიერებას დაადგენს.

 

როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეთა ქონების შესახებ ტელევიზიით გასული სიუჟეტი სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის არსებობაზე მიუთითებდა.

 

"რუსთავი 2"-ის სიუჟეტი ნამდვილად მოიცავდა საკმაოდ შემაშფოთებელ ინფორმაციას, სასამართლო სისტემაში შესაძლო სისტემური კორუფციის შესახებ. მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე და საბჭოს წევრიც, შევშფოთდი და მივმართავ შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს, რომელსაც პირდაპირ ეკუთვნის მსგავსი მაღალი დონის, ფართომასშტაბიანი და სისტემური ტიპის კორუფციასთან დაკავშირებით გამოძიების წარმართვა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც ეს ნაწყენი მოსამართლეებიც, კომპანიაც, შესაძლო კორუფციის შესახებ თავისი ინფორმაციით მივა და საჯაროდ, ხალხის თანდასწრებით იქ დადგინდება სიმართლე, მართლაც რამდენად აქვს ადგილი სისტემურ და ელიტურ კორუფციას ჩვენს სასამართლო სისტემაში, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ პერსპექტივას - ეს იყოს დამოუკიდებლი და ევროპული სახელმწიფო, ფაქტობრივად, მომავალი არ აქვს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც რამდენიმე მოსამართლის ქონებაზე იყო საუბარი, მათ შორის, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის, თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილის ქონების შესახებაც. საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა ქონების კანონიერების თაობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ამ განცხადებებს კი საბჭოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე არამოსამართლე წევრებსა და მოსამართლეებს შორის კამათი მოჰყვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირება კონსტიტუციურ დონეზეა გაწერილი, შესაბამისად, საჭიროდ არ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით რაიმე სახის გადაწყვეტილებები მიიღონ.

 

მათიკაშვილი ჟურნალისტებთან გამოეხმაურა პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის იმ ინიციატივას, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს. დავით მათიკაშვილის განმარტებით, ამ ინიციატივაზე გუნდის შიგნით მსჯელობა არ ყოფილა.

 

„ქართული ოცნების" გამოწვევაა სასამართლო რეფორმა, რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. რეფორმის სამმა ტალღამ ჩაიარა. საკმაოდ დადებითი შეფასება მიიღო ევროპელი კოლეგებისგან. ამჟამად, პარლამენტის თავმჯდომარის პატრონაჟით მიმდინარეობს მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის რეფორმა, რომლისთვისაც ყველაფერი ხორციელდება იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს. რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს, მისი ფორმირების წესი ეს არის კონსტიტუციურ დონეზე გაწერილი, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება. მე არ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილებებია ამ კუთხით საჭირო. თუკი არსებობს რაიმე სახის ინიციატივა, შეგვიძლია ამაზე გუნდის შიგნით ვიმსჯელოთ და მხოლოდ გუნდის შიგნით მიღებული გადაწყვეტილება იქნება ის გადაწყვეტილება, რომლითაც "ქართული ოცნება" იხელმძღვანელებს. ამ ინიციატივაზე გუნდის შიგნით მსჯელობა არ ყოფილა. მე ვერ ვხედავ მიზეზებს, რომ რაიმე სახის მყისიერი გადაწყვეტილება იყოს მიღებული",- განაცხადა მათიკაშვილმა.

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

 

ამ კონტექსტში ჩუგოშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სწორედ პარლამენტის მიერ შეყვანილი წევრების მხარდაჭერითა და ხმებით ხორციელდება.

თუ მურუსიძე არის ცუდი პიროვნება და თუ მას რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მას ეს უნდა დაუმტკიცოთ, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ის ასევე გამოეხმაურა ეკა ბესელიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. მურუსიძის თქმით, საბჭომ იხელმძღვანელა იმ კანონის მიხედვით, რაც პარლამენტს აქვს მიღებული.

 

„ვლაპარაკობთ, რომ მურუსიძე აპრიორი დამნაშავეა და მე მიწევს თავის მართლება, რომ არ ვარ დამნაშავე. ზოგადად, ცივილიზებულ საზოგადოებას ასე აქვს მიღებული, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება მანამდე, სანამ არ დადასტურდება მის წინააღმდეგ, რომ ის დამნაშავეა.

 

სასამართლო კორპუსი ძალიან დიდ პატივს სცემს ინსტიტუტებს, მათ შორის პარლამენტს. საუბარია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პატივი არ სცა პარლამენტს, როდესაც 8 მოსამართლე უვადოდ გადანიშნა. მე მინდა საზოგადოებას ავუხსნა, პატივს რომ სცემს იუსტიციის საბჭო პარლამენტს, იმიტომ მოქმედებს იმ კანონის შესაბამისად, რომელიც მიიღო პარლამენტმა. პარლამენტმა თქვა, რომ მოსამართლე, რომელიც გამწესებულია 3- წლიანი გამოსაცდელი ვადით, ამ ვადის დასრულების შემდეგ საბჭომ უნდა იმსჯელოს ამ მოსამართლის უვადოდ დანიშვნის თაობაზე. საბჭომ იმსჯელა სამწლიანი ვადის გასვლის ბოლო დღეს და იმ კანონით, რომელიც მიღებული ჰქონდა პარლამენტს, მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომ, მე მინდა ვთქვა, რომ აქ არავითარი უპატივცემულობა საბჭოს პარლამენტის მიმართ არ გამოუხატავს,"- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ფრანგული ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ სასამართლო არის ეფექტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი,- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს კვლევის პრეზენტაციამდე განუცხადა.

 

მისი თქმით, სასამართლოს სისტემის მიმართ არსებული 51%-იანი ნდობა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

 

„კვლევა ჩატარებულია იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით. კვლევის ორგანიზება განახორციელა ფრანგულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა ორგანიზაციამ. ადგილზე, საველე სამუშაოები შეასრულა "გორბმა" . ჩვენი ინფორმაციით, დაფიქსირებული შედეგები საკმაოდ კარგია სასამართლოს ეფექტურობის, მოსართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის აღიარების თვალსაზრისით. გამოკითხულნი არიან, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე სასამართლოს მომხმარებლები, პროფესიული ჯგუფები, პროკურორები და ადვოკატები და ზოგადად, ტენდენცია არის დადებითი. მოსახლეობის გამოკითხულთა უმრავლესობა, 51% მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო არის ეფექტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. კვლევის ავტორები პირდაპირ აღიარებენ,რომ ეს მონაცემი მიახლოებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული ანალოგიური კვლევის მონაცემთან. კერძოდ, საუბარია, 2018 წელს ევრო-ბარომეტრის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომლითაც გამოიკვეთა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ მათი სასამართლო არის ეფექტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ჩვენთან კი 51%. ანუ ეს მონაცემი მიახლოებულია ევროკავშირში დაფიქსირებულ მონაცემთან და დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს კარგი ტენდენციაა.ეს ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება",- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

 

რაც შეეხება ხარვეზებს, მისივე თქმით, კვლევის თანახმად, ხარვეზებთან დაკავშირებით სავარაუდოდ საუბარი იქნება იმაზე, რომ არსებობს საქმეთა სიმრავლის პრობლემა სასამართლოში, რომელიც უნდა დაძლიონ.

 

ამ წუთებში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კვლევის − „სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“ − შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობს. მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

თამარ ჩუგოშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ უფრო მეტი არგუმენტი და სამართლებრივი საფუძვლები უნდა მოვისმინოთ და ამის შემდეგ იქნება სწორი კომენტარის გაკეთება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ინიციატივაზე, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

 

"არსებობს სპეციალური საფუძვლები იმისა, თუ როგორ შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს. მაგალითად, შეიძლება ეს მოხდეს მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი არგუმენტი და სამართლებრივი საფუძვლები უნდა მოვისმინოთ და ამის შემდეგ იქნება სწორი კომენტარის გაკეთება ამ საკითხზე.

 

ერთდროულად რამდენიმე პირი არაჯეროვნად ასრულებდეს უფლებამოსილებას, თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა ინდივიდუალურად უნდა იყოს დასაბუთებული კონკრეტულ შემთხვევაში," - განაცხადა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები უსაფუძვლოს უწოდებენ საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დლლიძის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა შერჩევას იუსტიციის საბჭო აჭიანურებს.

 

"გლობალპრესს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

 

“19 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების გადადების გამო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს ქვედა ინსტანციებში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი შეაყოვნა.

 

აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მოვლენათა დამახინჯებულ ინტერპრეტაციას, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა 2018 წლის 30 ივლისს და კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობდა 31 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიმდინარეობდა ინფორმაციის მოძიებისა და შესწავლის ეტაპი, რომელიც მოიცავს 2 თვეს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ საბჭომ დაიწყო კანდიდატებთან გასაუბრება, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაესაუბრა კონკურსში მონაწილე 77 კანდიდატს. ბოლო გასაუბრება ჩატარდა მიმდინარე წლის 28 იანვარს. აღნიშნულ დღეს იგეგმებოდა გასაუბრების ეტაპის დასრულება, რაც ვერ მოხერხდა ერთ-ერთი კანდიდატის მიზეზით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების არსებობის გამო. აღნიშნული პროცესის პარალელურად საბჭოს მიერ ხორციელდებოდა სხვადასხვა უფლებამოსილებები, კერძოდ: საბჭო გაესაუბრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის 115 კანდიდატს, განხორციელდა “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა 8 მოსამართლის მიმართ, წარიმართა 3 წლის ვადით დანიშნული 13 მოსამართლის საქმიანობის შეფასება და ამ ეტაპზე იგივე პროცედურა მიმდინარეობს 15 მოსამართლის მიმართ, ამასთან ყოველკვირეულ რეჟიმში ტარდება საბჭოს სხდომები და ხორციელდება საბჭოს სხვა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები.

 

შესაბამისად, ბრალდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად აჭიანურებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ყოვლად უსაფუძვლოა. უფრო მეტიც, აღნიშნული წარმოადგენს საზოგადოების თვალში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მთლიანად სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობას. ამასთან, გაუგებარია ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც საბჭოს აღნიშნული წევრები ხელმძღვანელობენ მოსამართლეთა დანიშვნებთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული წევრები ერთის მხრივ აქტიურად ეწინააღმდეგებიან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს და ამასთან, ითხოვენ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსის დაჩქარებას, რომლის საბოლოო შედეგი სწორედაც მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

თუ ჩვენ დარჩენილ ვაკანტურ პოზიციებზე, სადაც უვადოდ არ არიან ჯერ მოსამართლეები დანიშნული, ყველა მოსამართლეს უვადოდ დავნიშნავთ, მითხარით, ვისთვის ვატარებთ ამ რეფორმას, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლის უვადოდ განმწესებასთან დაკავშირებით.

 

ეკა ბესელიას თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა კომიტეტში.

 

„დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე მოსამართლე ისევ გაამწესა უვადოდ. იმ ვითარებაში, როდესაც პარლამენტმა დაიწყო უვადოდ განმწესების თაობაზე მსჯელობა, არ იცდის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არ ელოდება პარლამენტის გადაწყვეტილებას და პარალელურ რეჟიმში აგრძელებს მოსამართლეთა უვადოდ განმწესებას. ეს კიდევ ერთი არგუმენტია ჩემთვისაც და ამ იდეის მხარდამჭერებისთვისაც , რომ სწრაფად მოხდეს შეჩერება მოსამართლეთა უვადოდ განმწესების. თუ ჩვენ დარჩენილ, იმ ვაკანტურ პოზიციებზე , სადაც უვადოდ არ არიან ჯერ მოსამართლეები დანიშნული, ყველა მოსამართლეს უვადოდ დავნიშნავთ, მითხარით, ვისთვის ვატარებთ ამ რეფორმას, რისთვის ვაკეთებთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალ მოდელს, რატომ და რისთვის ვასწორებთ იმ მრუდე პრაქტიკას, რომელიც შეიქმნა უვადოდ განმწესების პროცესში, როდესაც გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე ხდება მოსამართლეთა გადანიშვნა, რას ვპასუხობთ მოქალაქეებს, რომლებიც წუხან, რომ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება მთლიანად ჩაიკეტება“, - აცხადებს ეკა ბესელია.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » September 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?