Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9738
EUR
3.2902
RUR
0.0464
GBP
3.7027

უფლებმადამცველი ირაკლი კაკაბაძე საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების მოთხოვნით სასტუმრო „რედისონში“ შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

 

როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, მისთვის საინტერესოა, რას განიხილავენ პარლამენტარები და მოსამართლეები, ასევე, მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, სურს თავადაც დააფიქსიროს მოსაზრება სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს სასტუმროში შესვლის უფლებას არ აძლევენ, რათა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგნელებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამე ინციდენტს არ ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება აქციას, ტერიტორია დატოვა რამდენიმე ორგანიზაციამ, თუმცა რიგი უფლებადამცველი ორგანიზაცია და სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი ტერიტორიაზე კვლავ რჩება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ხვალ გაიმარათება.როგორც მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც აქვს თავის წინადადებები, რომელიც ჯგუფს უკვე გადაეგზავნა.

 

„ხვალ გაიმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის მსჯელობის ძირითადი საკითხი იქნება უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის კრიტერიუმები და რეგულაციები. ჩვენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გვაქვს ჩვენი წინადადებები, რომელიც უკვე გადაგზავნილია სამუშაო ჯგუფში. ასევე ჩვენ მივიღეთ სხვა მხარეების მიერ გადმოგზავნილი პროექტები, რომელსაც განვიხილავთ. ვფიქრობ, განხილვა ხვალვე ვერ დასრულდება და შემდეგ დაანონსდება როდის გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა",- განაცხადა მიქაუტაძემ.

 

რაც შეეხება ეკა ბესელიას მოთხოვნას, რომ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის ნაცვლად წარმოდგენილი უნდა იყოს 20-30 კაციანი სია, მიქაუტაძის თქმით, ცხადია, სიაში აუცილებლად უნდა იყოს შეყვანილი არამოსამართლე წევრებიც.

 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე მოსამართლეების გარდა, წარდგენილი უნდა იყოს არამოსამართლე კანდიდატები. თუმცა, აქ მკვეთრი ზღვარი უნდა გაივლოს. ჩემი მოსაზარებით, მოსამართლეებს და მოქმედ მოსამართლეებს უნდა მიენიჭოთ პრიორიტეტი. კერძოდ, შესაძლოა, კვოტირებასთან გვქონდეს საქმე და უფრო მეტი კვოტით იყოს წარმოდგენილი მოსამართლეები, ვიდრე არამოსამართლეები. თუმცა ეს შერეული წესი აუცილებლად დაცული უნდა იყოს. მოქმედი კანონმდებლობაც ასე გვკარნახობს. ვიმსჯელებთ სამუშაო ჯგუფის პროცესში", - განაცხადა მიქაუტაძემ.

ბიძინა ივანიშვილი ჩვენს მოსაზრებებს ისმენდა და თავის აზრსაც აფიქსირებდა - არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ ეს პროცესი საზოგადოების და სახელმწიფოსთვის საუკეთესოდ დამთავრდეს,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა კითხვას, თუ რა პოზიცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს მოსამართლეებთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც გუნდისთვის, ასევე მომავალი რეფორმისთვის, რომელიც უნდა განხორციელდეს.

 

„დღეს ყველა ადამიანმა გამოხატა პოზიცია. უმრავლესობის სხდომა ხვალაც ჩატარდება და არ გამოვრიცხავ, მერეც გაგრძელდეს. წარვადგინეთ ის ხედვები თუ როგორ წარმოგვიდგენია უზენაესი სასამართლო. ჩვენ ვთქვით, რომ ის სია იყო კატეგორიულად მიუღებელი და რატომ იყო მიუღებელი, ამაზე ბევრჯერ გვითქვამს. დავიწყებთ საუბარს კრიტერიუმებზე. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს როგორ უნდა განვითარდეს რეფორმა, რა კრიტერიუმები უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილს დღეს ძალიან რთული ფუნქცია ჰქონდა, მას უწევდა მედიატორის როლის შეთავსება. ის ისმენდა პოზიციებს და თავისასაც აფიქსირებდა. ჩვენი ამოცანა იყო, დაგვერწმუნებინა ჩვენი კოლეგები ჩვენი პოზიციის სისწორეში და გადმოგვეცა მთავარი საზოგადოებრივი დაკვეთა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. ჩვენ არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ ეს პროცესი საზოგადოების და სახელმწიფოსთვის საუკეთესოდ დამთავრდეს“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

„ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

 

პარლამენტს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯგუფი, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობს. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ რთული კონტექსტის მიუხედავად, განხილვა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართება.

 

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლავთ იმ პროცედურისა და კრიტერიუმების განხილვა, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან და არჩევასთან და ამას დაეთმობა მთლიანად, დღევანდელი შეხვედრა. მესმის, რომ კონტექსტი არის ცოტათი რთული, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ რთული კონტექსტის მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ კონსტრუქციულ გარემოში, სამართლებრივი განხილვის ორგანიზებას პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - საერთო მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

განხილვის დაწყებამდე, ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს შეახსენა, რომ ამ ფორმატში არაერთი შეხვედრა დაეთმო დისციპლინური წარმოების საკითხების განხილვას და დოკუმენტის შემუშავება სრული კონსესუსით მოხერხდა. მისივე თქმით, დარჩა გარკვეული საკითხები, რომლებზეც მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, ხოლო რაც შეეხება დისციპლინურ დევნის საფუძვლებსა და სხვა საკითხებს- ეს უკვე სრულადაა ასახული კანონპროექტში.

 

„ჩვენ სრული კონსესუსით მოვახერხეთ იმ დოკუმენტის შემუშავება, რომელიც არის დღეს წარმოდგენილი დღეს თქვენს წინაშე. უკვე კანონპროექტის სახე მიიღო ამ დოკუმენტმა, რომელიც შეეხება დისციპლინურ წარმოებას მოსამართლეებთან მიმართებით. არის გარკვეული საკითხები დარჩენილი, რომელთან დაკავშირებითაც უნდა გაგრძელდეს მსჯელობა, საქმე ეხება პროცესს ამ შემთხვევაში, იყო დამატებითი შენიშვნები წარმოდგენილი კონკრეტული მონაწილეების მხრიდან. რაც შეეხება თვითონ დისციპლინური დევნის საფუძვლებს და სხვა საკითხებს, ეს საკითხები არის სრულად ასახული ამ კანონპროექტში, შესაბამისად, თქვენის ნებართვით, ჩვენ უკვე დავაინიცირებთ ამ დოკუმენტს ოფიციალურად პარლამენტში, თუმცა, გაგრძელდება მსჯელობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილი ჰქონდა ბატონ გიორგი ჩხეიძეს - ჩვენ გვქონდა შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამასთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა, დამატებითი მსჯელობა არის საჭირო ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს ნაწილი, დისციპლინური წარმოების, რჩება ღია. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, კანონპროექტი არის შემუშავებული და ეს კანონპროექტი იქნება დაინიცირებული პარლამენტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, სხვა მიდგომაც იყოს გამოყენებული და კანონპროექტის ინიცირება მას შემდეგ მოხდეს, რაც აღნიშნულ ნორმებზე პოზიციები შეჯერდება.

 

„შეგვიძლია, წავიდეთ სხვა მიდგომით, არ დავაინიციროთ საერთოდ კანონპროექტი, დაველოდოთ ამ ნორმებზეც პოზიციების შეჯერებას და ამის შემდეგ დავაინიციროთ ეს საკითხი. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება გვქონდეს ინდივიდუალური კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღოთ ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

 

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით იმართება. სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი 2017 წელს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფის შეხვედრები ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით იმართება. სამუშაო ჯგუფის მიზანი სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის ძირითად მიმართულებებზე მუშაობაა. ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში იგეგმება ისეთი მოდელის გამოყენება, სადაც საბჭოს ორი წევრი უფლებამოსილია საბჭოს წინაშე დაასახელოს იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არის მოცემულ მომენტში უზენაეს სასამართლოში.

 

„ჩვენ ორიენტაცია ავიღეთ საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების მოდელზე. მოგეხსენებათ, რომ იქ ღია კონკურსი არ ტარდება, ხდება პირდაპირ კანდიდატების ნომინირება, ამიტომ ჩვენ შევეცადეთ უზენაეს სასამართლოშიც, რომელიც იგივე რანგის სასამართლოა, იგივე მოდელი დაინერგოს. კერძოდ, საბჭოს ორი წევრი უფლებამოსილია საბჭოს წინაშე დაასახელოს იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არის მოცემულ მომენტში უზენაეს სასამართლოში. შემდგომ საბჭო მოაგროვებს ინფორმაციას ამ კანდიდატებზე, მოხდება ფარული კენჭისყრა და სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყდება საკითხი, იქნებიან თუ არა ისინი ნომინირებული პარლამენტის წინაშე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებული მოსაზრება, რომლის თანახმად ერთ ვაკანსიაზე რამდენიმე კანდიდატი იყოს წარდგენილი, არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ასევე ჩვენი პროექტის მიხედვით, იმ კანდიდატების რიცხვი, რომლებიც მოქმედი მოსამართლები არ არიან, არ უნდა აღემატებოდეს საერთო რაოდენობის ერთ მეხუთედს", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე იმსჯელოს.

 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მეთოფიშვილმა გაიხადა მოსამართლის მანტია, დაარღვია კონსტიტუცია, შევიდა პოლიტიკურ პროცესში და დაკარგა ლეგიტიმაცია.

 

„მე მგონი, დროა, მეთოფიშვილთან დაკავშირებით სერიოზულ კომენტარებზე დრო არ დავკარგოთ და იუსტიციის საბჭომ იმსჯელოს ამ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე, რომელმაც გაიხადა მანტია, დაარღვია კონსტიტუცია, შემოვიდა პოლიტიკურ პროცესში და დაკარგა ლეგიტიმაცია. მე მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ფარგლებში იმსჯელოს მოსამართლეზე, რომელმაც აშკარად კონსტიტუციას გადააბიჯა და კანონი დაარღვია. ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი ამაზე და ნუ დამაკარგინებთ დროს, რომ მეთოფიშვილის განცხადებების სერიოზულ კომენტირებაზე ვიფიქრო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სასტუმრო „რედისონის“ წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით მათიკაშვილი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინათინ ბოკუჩავა, სასტუმროში, სადაც საინიციატიო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, შეძახილებით გააცილეს.

 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ლობირებენ იმ სიას, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია და იმ მოსამართლეებს, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში წლებია არსებობს კითხვები. მათი თქმით, პარლამენტში არჩეული ადმიანების მხრიდან მსგავსი საქციელი სამარცხვინოა და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს, ხოლო „ნაცმოძროაბის“ წევრ თინათინ ბოკუჩავას აქციის მონაწილეებმა სამარცხვინო უწოდეს, ვინაიდან მათი შეფასებით, ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელმაც ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი რეჟიმი და სისტემურად დაიწყო სასამართლო ხელისუფლების ნგრევა.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრის გადადგომის მოთხოვნით, სასტუმრო „რედისონის“ წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ იმ 11 წევრის გადადგომას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას და ხმა მისცეს უზენასი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მნიშვნელოვანია თანამდებობები დატოვონ ე.წ. სასამართლოში არსებული „კლანის“ ლიდერებმა, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს იმის განცდა, რომ ქართული სასამართლო არის დამოუკიდებელი და ობიექტური. აქციის მონაწილეთა შეფასებით, სწორედ ეს ადამიანები აზიანებენ სასამართლო ხელისუფლებას, რაც აისახება თითოეულ ქართველ მოქალაქეზე და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

არამხოლოდ ეკა ბესელიას, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მოსამართლის ქმედებაში დისციპლინარული გადაცდომის ნიშნები იყო, უფლება აქვს დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გიორგი მიქაუტაძემ განუცხადა.

 

მიქაუტაძის თქმით, შემდგომში დამოუკიდებელი ინსპექტორი გადაწყვეტს, როგორ წარიმარათება პროცედურები.

 

“ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული შემთხვვევა. იცით, რომ ასობით და ათასობით დისციპლინური საჩივარია, რომელსაც დამოუკიდებელი ინსპექტორი და შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იხილავს. ამიტომ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. არამხოლოდ ეკა ბესელიას, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება გარკვეული პრეტენზიები - ზოგჯერ საფუძვლიანი, ზოგჯერ - უსაფუძვლო, მაგრამ ეს ალბათ აუცილებლად გახდება შესაბამისი ორგანოების მსჯელობის საგანი", - განაცხადა მიქაუტაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელია აპირებს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართოს.

თუ სერგო მეთოფიშვილი გამხმოვანებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასე გააგრძელონ, მხოლოდ გაგვიიოლებს იმის დემონსტრირებას, რომ აუცილებელია საბჭოს ამ შემადგენლობის შეცვლა, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის „ფეისბუქზე" გაკეთებულ განცხადებას.

 

სულხან სალაძის თქმით, სერგო მეთოფიშვილი ხშირი "ფეისბუქ" განცხადებებით იმის ლუსტრაციას ახდენს, რომ არ აქვს გააზრებული ის თანამდებობა, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკავია.

 

„მოვუწოდებდი მეთოფიშვილს, რომ გააგრძელოს ასეთი „პოსტები" სოციალურ ქსელში. ყოველი მომდევნო „პოსტი" ერთმანეთზე უარესია და იმის ლუსტრაცია და დემონსტრირებაა, რომ რეალურად, ეს ადამიანი აცდენილია იმ თანამდებობას, რომელზეც იმყოფება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ასევე, ჩემი პირადი შეგრძნებაა, რომ აცდენილია ელემენტარული სამართლის ნორმების გაგებას, თუ რა არის მუქარა და ა.შ. ", - განაცხადა სულხან სალაძემ.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, ბოლო დღეებში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, დაიწყო მოსამართლეების დევნა და ხშირად ისმის მუქარა მოსამართლეების მისამართით.

 

„ამ მუქარის ფაქტზე და ასევე, ჩემსა და სხვა მოსამართლეების და მათი ოჯახების მიმართ მოსალოდნელი ძალადობის, შეურაცხყოფის და მსგავსი ხასიათის ფაქტებზე და ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება: ეკა გიგაურს; სულხან სალაძეს; გიორგი მშვენიერაძეს; სოფო ვერძეულს; ანა დოლიძეს; ნაზიბროლა ჯანეზაშვილს; ეკა ბესელიას; ლევან გოგოჩაიშვილს; გედევან ფოფხაძეს; ლევან კობერიძეს; დავით ჭიჭინაძეს; გია ხუხაშვილს“, - წერს მეთოფიშვილი.

საინტერესოა, რატომ ესწრება შეხვედრას რიგითი მოსამართლე ლევან მურუსიძე და რატომ არ ესწრება სხვა რიგითი მოსამართლეები, რომლებიც არ იკავებენ ადმინისტრაციულ თანამდებობებს,  - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა სასამართლო რეფორმის სამუშაო შეხვდრის დაწყებამდე.

 

"სამუშაო შეხვედრა არ არის პირველი, თუმცა, უზენაესი სასამართლოს თემაზე პირველად ვხდებით. 2017 - 2018 წლრბის განმავლობაში, დაახლოებით, 10 შეხვდრა გაიმართა, რომელიც იყო უშედეგო. ამ შეხვედრებში ძალიან დიდი დრო დაიხარჯა, მათ შორის, ადამიანური რესურსიც. ვეცდები, გავარკვიო თანამშრომლობის ფორმატი, რატომ ესწრება ამ შეხვდრას ლევან მურუსიძე, რომელიც რეალურად არის რიგითი მოსამართლე და რატომ არ ესწრებიან სხვა რიგითი მოსამართლეები, რომელთაც არ უკავიათ ადმინისტრაციული და სხვა ტიპის თანამდებობები. ამიტომ ფორმატი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. კითხვებს პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს, თუ შესაძლებლობა იქნება, რომ შედგეს თანამშრომლობა, გავაგრძელებთ ჯგუგში მუშაობას",  - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა სასამართლო რეფორმის სამუშაო შეხვდრის დაწყებამდე.

მოვითხოვ, რომ დაიწყოს დისციპლინური წარმოება სერგო მეთოფიშვილზე. ჯერ ეს საჩივარი გაივლის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და შემდეგ ყველა ინსტანციას, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, სერგო მეთოფიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს.

 

ბესელიას თქმით, აღნიშნული მოსამართლე პოლიტიკურ პროცესებში ღიად ერთვება და გარკვეული ჯგუფის პოზიციას ახმოვანებს.

 

„გუშინ მე ვთქვი, რომ ამ ადამიანზე კომენტარებს აღარ გავაკეთებდი, მაგრამ ვიმოქმედებ. სამართლებრივ რეაგირებას ვაპირებ იმიტომ, რომ ვფიქრობ, როგორც იურისტი არასდროს არ მახსოვს როდესმე რომელიმე მოსამართლეს თავისთვის უფლება მიეცეს და მსგავსი პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინა. ის გახლავთ იუსტიციის საბჭოს წევრი. არ მგონია, რომ მარტო თავის თავს ახმოვანებს, მგონია, რომ ახმოვანებს გარკვეული ჯგუფის პოზიციას. ეს იმას ნიშნავს, რომ საბჭოში არიან ადამიანები, რომელთაც ასეთი სრულიად მიუღებელი ფორმა აირჩიეს პოლიტიკურ ჯგუფთან დაპირისპირებისთვის. ეს არის ღიად პოლიტიკურ პროცესში შემოსვლა, რისი უფლებაც არ აქვს მოსამართლეს. ამიტომ, ვამზადებ საჩივარს, რომ იუსტიციის საბჭოს მივმართო. მოვითხოვ, რომ დაიწყოს დისციპლინური წარმოება ამ მოსამართლეზე. არ ვუყურებ ამ საკითხს მხოლოდ საბჭოს დონეზე დასატოვებლად და ვაპირებ ამ პროცესს ბოლომდე მივყვე. ყველა ინსტანციას გაივლის ეს და იქნება მაგალითი, რომ არასდროს არცერთმა მოსამართლემ არ მისცეს თავს უფლება, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს ღიად და ეს რეაგირების გარეშე დარჩეს“, - განაცხადა ბესელიამ.

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე და პარლამენტს მიმართავს, არსებითად გადახედოს შექმნილ ფორმატს და ჯგუფის შემადგენლობას,- ამის შესახებ პრესკონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

 

მათივე განმარტებით, აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ თანამდებობები დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის ნომინირებაში.

 

მათივე თქმით, სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად შეიქმნა, საზოგადოების ნდობა არ ექნება, რის გამოც მათი მხრიდან ამ ჯგუფში მათივე მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

 

არასამთავრობო სექტორის თქმით, „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურებთან დაკავშირებით, წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა, რომელიც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

 

„იმისთვის, რომ ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი ობიექტურად და გამჭირვალედ წარიმართოს, კოალიციას მიაჩნია, რომ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა დაუყოვნებლივ გადადგომა, რომლებმაც 2018 წლის 24 დეკემბერს მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში.

 

კოალიციას მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირობებში და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილ სამუშაო ჯგუფს და კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მუშაობის პროცესს, კოალიციას მიაჩნია, რომ სამუშაო ჯგუფის არსებული შემადგენლობა ვერ უზრუნევლყოფს პროფესიული და დაინტერესებული ჯგუფების სამართლიან წარმომადგენლობას. სამუშაო ჯგუფის უმრავლესობას შეადგენენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და ის მოსამართლეები, რომელთა პირდაპირი დაინტერესება იყო დაჩქარებული წესიით სიის განხილვა და დამტკიცება.

 

არსებული შემადგენლობით ჯგუფის შენარჩუნება გამორიცხავს რეალურ ცვლილებებზე მსჯელობას და მოემსახურება მხოლოდ პროცესის კოსმეტიკურ შელამაზებას. ამის გათვალისწინებით, კოალიცია უარს ამბობს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე და მიმართავს პარლამენტს არსებითად გადახედოს შექმნილ ფორმატს და ჯგუფის შემადგენლობას.

 

რაც შეეხება კოალიციის მიერ წარდგენილი წინადადებებს, მიგვაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა. არჩევის პროცესი სამ ძირითად პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს:

 

▪ დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის უზრუნველყოფა;

 

▪ არჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა;

 

▪ პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვა", - აცხადებენ კოალიცუაში შემავალი არასამთაბრობო ორგანიზაციის წევრები.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » September 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?