Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9738
EUR
3.2902
RUR
0.0464
GBP
3.7027

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებს და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს, ნუ იქნებიან „პასიური მაყურებლის როლში“ და ყურადღება გაამახვილონ იმ განცხადებებზე, რომლიც მოსამართლეების მისამართით ისმის.

 

როგორც სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ბოლო დღეებში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, დაიწყო მოსამართლეების დევნა და ხშირად ისმის მუქარა მოსამართლეების მისამართით.

 

„მე ადრე უკვე ვთქვი, რომ რასაც ბოლო პერიოდში პოლიტიზირებული ეკა გიგაური, ასევე პოლიტიზირებულ სულხან სალაძესთან, ანა დოლიძესთან, ნაზიბროლა ჯანეზაშვილთან, ასევე, რამდენიმე სხვა პოლიტიზირებულ NGO-სთან და ბესელიასნაირ პოლიტიკოსებთან ერთად გვთავაზობენ, ამას შეიძლება ეწოდოს - თავხედი და ზღვარს გადასული თვითნებობა!

 

თუმცა, ბოლო დღეებში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, აშკარად დაიწყო მოსამართლეების დევნა, ამასთან, ხშირად ისმის მუქარა მოსამართლეების მისამართით! ასე მაგალითად, გედევან ფოფხაძე გუშინ დაჭერით დაემუქრა მოსამართლეებს!

 

მანამდე ზემოთ მითითებული პირები ითხოვდნენ, რომ სასამართლოში უნდა განხორციელდეს წმენდა! ითხოვდნენ, რომ მოსამართლეები არ უნდა დაწინაურდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუშაობდნენ წინა რეჟიმის პირობებში და იყენებდნენ წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს! ითხოვდნენ კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას! ითხოვდნენ საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვას და ა.შ..

 

რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში პოლიტიზირებული NGO-ს წარმომადგენლები და ბესელიასნაირი პოლიტიკოსები თითქმის ყოველ დღე მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ საზოგადოების ზეწოლით ე.წ. კლანის წევრები მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (სულ, დაახლოებით 25 მოსამართლე) გაგდებულ უნდა იქნენ სასამართლო სისტემიდან! (გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ სიტყვებზე - “საზოგადოების ზეწოლით”!)

 

გუშინ საღამოს ქუჩაში გამვლელმა ჩემთვის უცნობმა ორმა მამაკაცმა, ძალიან აგდებული ტონით მკითხეს გადავდგები თუ არა, რაზედაც ვუპასუხე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას. ამის შემდეგ მითხრეს: “ცოტა ხანი გიყურებთ კიდევ და თუ არ გადადგები შენ მეგობარ მოსამართლეებთან ერთად, ოჯახებიანათ გადაგასახლებთ!”

 

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო:

 

1. ასეთი მუქარებით ვერავინ ვერ შემაშინებს! გადადგომას და არსად წასვლას არ ვაპირებ!

 

2. ამ მუქარის ფაქტზე და ასევე, ჩემსა და სხვა მოსამართლეების და მათი ოჯახების მიმართ მოსალოდნელი ძალადობის, შეურაცხყოფის და მსგავსი ხასიათის ფაქტებზე და ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება: ეკა გიგაურს; სულხან სალაძეს; გიორგი მშვენიერაძეს; სოფო ვერძეულს; ანა დოლიძეს; ნაზიბროლა ჯანეზაშვილს; ეკა ბესელიას; ლევან გოგოჩაიშვილს; გედევან ფოფხაძეს; ლევან კობერიძეს; დავით ჭიჭინაძეს; გია ხუხაშვილს;

 

3. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ეს როგორმე მართლა შეეხოს, მაშინ მე ვიცი რას გავაკეთებ... მინდა მივმართო, ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას, აღმასრულებელ ხელისუფლებას! მინდა მივმართო ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს! მინდა მივმართო საღად მოაზროვნე ყველა პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს!

 

ბატონებო და ქალბატონებო!

 

ამ ხალხის მოწოდებებმა ძალიან სახიფათო და საშიში პროცესები გამოიწვია! უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილეს მისამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ! პრაქტიკულად ხალხს მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ!

 

ნუ ხართ ამ უკანონობის და უპასუხისმგებლობის პასიური მაყურებლის როლში! რას ელოდებით, სანამ მათი მოწოდებების შედეგად ქუჩებში დახოცვას დაგვიწყებენ?“ - წერს სერგო მეთოფიშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

 

„საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარედგინა ჩვენი კანდიდატურები.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.

 

აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს.

 

ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ.

 

აქციის ორგანიზატორები ყველა მსურველს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ "მანიფესტს მართლმსაჯულების გადასარჩენად", რომელშიც ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე წევრების გადადგომას მოითხოვენ, რომლებმაც 2018 წლის დეკემბერში პარლმენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიას დაუჭირეს მხარი.

 

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა უმთავრესი მიზანია საქართველოში დამკვიდრდეს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.

 

მსოფლიოს ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელია დამოუკიდებელი, თავისუფალი, ანგარიშვალდებული და სამართლიანი სასამართლო სისტემის გარეშე. ამ სისტემის მთავარი საყრდენი არის ინდივიდუალური მოსამართლე, რომელიც კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს კეთილსინდისიერი და კომპეტენტური.

 

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოში სხვადასხვა მიზეზთა გამო დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ვერ მოხერხდა. ქართული საზოგადოება ამ რეალობას და მისი მოგვარების აუცილებლობას კარგად იაზრებს, რისი უდავო დასტურია ის ფაქტი, რომ მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, საზოგადოებრივი პროტესტის მთავარ საკითხს ყოველთვის სამართლიანობის მოთხოვნა წარმოადგენს.

 

2004 წლის შემდეგ სასამართლომ თავი დააღწია სისტემურ კორუფციას, მაგრამ მოექცა აღმასრულებელი ხელისუფლების ტოტალური კონტროლის ქვეშ. ის ჩამოყალიბდა მორჩილებაზე დამყარებულ უსამართლო სისტემად.

 

2012 წლიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სასამართლოს გაუჩნდა შესაძლებლობა აღედგინა საკუთარი დამოუკიდებლობა, რეალურად დაენერგა თვითმმართველობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრინციპი, აღედგინა საზოგადოებრივი ნდობა. თუმცა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელისუფლებაში სასამართლოს გათავისუფლების რეალური პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ფრაგმენტული და არასწორი რეფორმების პირობებში, სასამართლოს დამოუკიდებლობა ვერ იქნა მიღწეული.

 

სასამართლოს შიგნით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პირთა იგივე ჯგუფმა - „კლანმა“, რომლის მეშვეობითაც წინა ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებდა სასამართლოს. 2012 წლის შემდეგ ამ ჯგუფმა მოიპოვა ყველა სამოსამართლო პოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და დაიკავა ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობა სასამართლო სისტემაში. მათ ალიანსში აღმოჩნდა იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი, რომლებიც არასდროს აფიქსირებენ განსხვავებულ მოსაზრებას და უსიტყვოდ ეთანხმებიან კლანის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. საბჭოს მიმართ არსებული ლეგიტიმური კითხვების და მძიმე კრიტიკის ფონზე, მისი საქმიანობის რეფორმირების საჭიროება ასევე დააყენა ვენეციის კომისიამ კონსტიტუციური რეფორმის შეფასებისას.

 

ბოლო წლების გამოცდილება ადასტურებს, რომ „კლანი“ სისტემატურად არღვევს ან არაკეთილსინდისიერად განმარტავს კანონს, ბოროტად იყენებს საკანონმდებლო ხარვეზებს. შეუძლებელია „კლანის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა სამართლებრივი გზით, რადგანაც სასამართლო სისტემას ის თავად აკონტროლებს. შესაბამისად, აღარ არსებობს იმედი, რომ ამ „კლანის“ არსებობის პირობებში, თუნდაც საუკეთესო კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება სასამართლოს გაჯანსაღება.

 

2018 წლის დეკემბერში კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებიდან ქართული საზოგადოება დადგა თვისობრივად ახალი საფრთხის წინაშე - სასამართლოში გაბატონებულ ამ ჯგუფს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო სასამართლოს კონტროლის ინსტრუმენტი, უკვე მიეცა შესაძლებლობა სრულად, უვადოდ დააკომპლექტოს ქვეყნის უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო.

 

ამ ჯგუფმა თავისი ზრახვებისა და საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა საზოგადოებისათვის მიუღებელი გადაწყვეტილებებით, მათ შორის უსამართლო და მორჩილი მოსამართლის სიმბოლოს - ლევან მურუსიძის საჩქარო უვადო გამწესებით და პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიის წარდგენით, რომელიც შეიქმნა ფარულად, სათანადო კრიტერიუმების გარეშე და სამართლიანი პროცედურების დაუცველად.

 

შესაბამისად, შეიქმნა რეალური საფრთხე, რომ საზოგადოება დაკარგავს დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების უკანასკნელ იმედს და ათწლეულების განმავლობაში სასამართლო სისტემა მოექცევა კლანის მმართველობის ქვეშ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ გადადგეს მოსამართლის თანამდებობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი, ასევე თანამდებობიდან გადადგეს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ყველა ის წევრი, რომლებმაც 2018 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში;

 

დაუყოვნებლივ გადადგენენ მოსამართლის თანამდებობიდან „კლანის“ ლიდერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და მორჩილი მოსამართლის სიმბოლო - ლევან მურუსიძე.

 

საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ფართო ჩართულობით, და აუცილებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, შექმნას ისეთი რეგულაციები, პროცედურები და კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსამართლეებად საუკეთესო კანდიდატების შერჩევას.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა და წარდგენა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლების, მოსამართლეთა შერჩევის გამართული და დემოკრატიულ საზოგადოებაში მისაღები პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერის შემდეგ", - ნათქვამია მანიფესტში, რომელსაც ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის ცენტრი “ემპათია”, ღია საზოგადოების ფონდი, თეთრი ხმაურის მოძრაობა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ევროპის ფონდი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საადვოკატო ბიურო “კორძახია, ჟღენტი”, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, ციხის საერთაშორისო რეფორმა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, დემოკრატ მესხთა კავშირი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ლიბერალური აკადემია თბილისი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა), საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), კავშირი “საფარი”, იურიდიული კომპანია BLB, ადვოკატი კახა კოჟორიძე, იურისტი კახა წიქარიშვილი, ადვოკატი ირაკლი კორძახია, იურისტი ანა ნაცვლიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თეა ხამხაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესიკ სისვაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი , ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, იურისტი ანა ფირცხალაშვილი და კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე.

ეს ალბათ არის სასამართლოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმა არასამთავრობოების მხრიდან, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა „რადიო პალიტრას“ ეთერში „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

 

მისი აზრით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გუშინ გავრცელებული განცხადება უმაღლესი საბჭოს უკან დახევა არაა, თუმცა სერგო მეთოფიშვილის თქმით, ის ამ განცხადებას არ დაეთანხმებოდა.

 

„ალბათ ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმა არასამთავრობოების მხრიდან. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას არ ვგულისხმობ. მე ვგულისხმობ იმათ, ვინც თავს ესხმის სასამართლოს დამოუკიდებლობას, ითხოვენ იუსტიციის საბჭოს მიერ კანონისა და კონსტიტუციის სრული დაცვით, პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უკან გამოთხოვას. რა არის ეს თუ არა თავდასხმა? ითხოვენ, რომ სასამართლოში წმენდა განხორციელდეს და მოსამართლეები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს იყენებდნენ. ითხოვენ, რომ მოსამართლეები არ უნდა დაწინაურდნენ უზენაეს სასამართლოში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუშაობდნენ წინა რეჟიმის პირობებში და იყენებდნენ წინა რეჟიმის მიღებულ კანონებს. ითხოვენ, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით დაკომპლექტებული კონსტიტუციური ორგანო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაიშალოს. რა მოწოდებებია ეს მითხარით“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მოსამართლეები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს, არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

 

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოში გვყავდეს მხოლოდ სუფთა სინდისის ადამიანები, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

დოლიძის თქმით, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელია თითოეული მოქალაქის და ზოგადად, სამოქალაქო სექტორის ბრძოლა. მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული „კლანს" საზოგადოების წნეხის ეშინია.

 

„ჩვენთვის ყველა მოქალაქის ხმა, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანის ჯაფა, რომელიც დღეს აქ იყო მოსული, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ამის გარეშე, მე და ნაზი ჯანეზაშვილი ვერაფერს მივაღწევთ. მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა, რომლისთვისაც ჩანს, რომ საბოლოო ჯამში აცილებლად უნდა შეიქმნას სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში. ეს ბრძოლა დაახლოებით, ორი წლის წინ დაიწყო და დღეს ის ძალას კრეფს. მიხარია, რომ ჩვენ „შავი სია" გავაჩერეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის იმ ხალხის, ვინც დღეს აქ მოვიდა და სიცივეში იდგა, მოქმედების მეშვეობით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოში გვყავდეს მხოლოდ სუფთა სინდისის ადამიანები",  - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

ანა დოლიძის თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში არსებული „კლანი" ძალაუფლების გადასარჩენად იბრძვის, თუმცა ამავე სისტემის გაჯანსაღებისთვის ბრძოლა ბოლომდე მივა.

 

„ე.წ კლანი ძალაუფლების გადასარჩენად იბრძვის. იმდენად უგვანოდ მოიქცნენ, ყველამ გაიგო რა ბუდობს ამ შენობაში. რა თქმა უნდა, „კლანს" ეშინია საზოგადოებრივი წნეხის, ყურადღების, მაგრამ გარწმუნებთ, ეს ყურადღება კიდევ გაგრძელდება. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ეს ბრძოლა ამ შენობიდან გავიდა და ამაზე საუბარია პარლამენტში, სახლებში, ყველა ტელევიზიაში. ამის შემდეგ ვურჩევ მოსამართლებს, რომ ფრთხილად და სერიოზულად მოეკიდონ თავიანთ უფლებამოსილებას საბჭოში, რადგან მათი უგვანო ქცევები გაირჩევა სახლებში, ყველა ტელევიზიაში და პარლამენტში", - განაცხადა დოლიძემ.

მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი წარმოდგენილი თითოეული კანდიდატი მზადაა სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიაზე საუბრისას განაცხადა.

 

„შევთანხმდით, რომ უახლოს მომავალში გაიმართება ფართო სარეფორმო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზც ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კრიტერიუმებზე ვიმსჯელებთ. რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, მე თითოეულ მათგანთან მქონდა საუბარი და ყველას პოზიცია არის, რომ შემუშავებულ ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარება თითოეული მათგანი და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა.

 

პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, თუ იქნება მიღებული კრიტერიუმები, ჩვენ მზად ვართ ღია პროცესში, აბსოლუტურად გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც სარეფორმო ჯგუფი შეთანხმდება", - განაცხადა მიქაუტაძემ.

 

რაც შეეეხება სიის ფორმალურად ჩაგდებასთან დაკავშირებულ საკითხს, საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ ესაა დეტალები და არაა მნიშვნელოვანი საკითხი.

 

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი წარმოდგენილი თითოეული კანდიდატი მზადაა სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს და საერთო წესით გასცეს პასუხი ყველა კითხვას. ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება კრებსითად რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. აქაა ინდივიდუალურად თითოეული კანდიდატურის მიერ გასაცემი პასუხები. დრო მოვიდა მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ, თითოეულ კანდიდატთან თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი", - განაცხადა მიქაუტაძემ.

არ მჯერა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა კარგად გააცნობიერეს, თუ რა იყო საზოგადოების პროტესტის ნამდვილი მიზეზი - ეს არის კონიუნქტურული გადაწყვეტილება, რომლის მიზანი დროებით უკან დახევაა, რათა კლანმა საბოლოოდ მაინც მოახერხოს თანამდებობების უზენაეს სასამართლოში დაკავება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა.

 

მშვენიერაძის თქმით, უზენაეს სასამართლოს არ უნდა დაეპატრონოს კლანი, რომელიც სასამართლო სისტემას საქალაქო და სააპელაციო დონეზე მართავს. მისივე განცხადებით, ბრძოლა არ დასრულებულა და პროცესი გრძელდება იმით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა ცხადად გაწერილი კრიტერიუმებითა და მათი საჯაროდ განხილვით მოხდეს.

 

“პროცესი თავიდანვე არაჯანსაღი იყო, როდესაც გიორგი მიქაუტაძემ საკუთარ მაგიდაზე ფურცლის ნაგლეჯი გადმოაბრუნა, ათი ადამიანის სახელი და გვარი ამოიკითხა და გამოაცხადა, რომ ეს ადამიანები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იქნებიან. ასე დანიშნული ადამიანები საზოგადოებაში ვერავითარ ნდობას ვერ გამოიწვევენ. თავმოყვარე კანდიდატებს ასეთ სიაში ყოფნა არ უნდა სდომოდათ“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

 

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

საია-ს თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, მხოლოდ მოსამართლეების სიის განხილვის შეჩერება საკმარისი არ არის და ახალი სიის ნომინირება მხოლოდ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის განახლების შემდეგ უნდა მოხდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განუცხადა.

 

"გასული წლის დეკემბერში საზოგადოებამ ნახა სამარცხვინო მოვლენა, როდესაც იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სიის ნომინირებას საქართველოს პარლამენტში. ეს იყო დემონსტრირება, რომ საბჭო აგრძელებს ძველ ტრადიციებში საქმიანობას და ცდილობს, გამოიყენოს საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც ამ მომენტში არსებობს. ამიტომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ამ პროცესის შეჩერებაზე, არამედ უფრო მნიშვნელოვანი მოთხოვნები გვაქვს - გადადგეს მოსამართლის თანამდებობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი, ასევე თანამდებობიდან გადადგეს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ყველა ის წევრი, რომლებმაც 2018 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში. მეორე - სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ კლანის ლიდერმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძემ და მორჩილი მოსამართლის სიმბოლომ ლევან მურუსიძემ. ასევე აუცილებელია, რომ პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ფართო ჩართულობით დაიწყოს დისკუსიები და მსჯელობა პროცედურებსა და კრიტერიუმებზე, და მეოთხე - სიის ნომინირება მოხდეს მხოლოდ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის განახლების შემდეგ", - განაცხადა სალაძემ.

რა თქმა უნდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე. წარდგენილია - 10. ბუნებრივია, რომ ეს წარმოდგენილი 10 კანდიდატურა არაა საკმარისი. კიდევ იქნება. რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს კანდიდატურები, ეს საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია ასე იქნება“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიე-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვილნიუსში ქართველი ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხaდ განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ძალიან ნათელი და პრინციპულია - ყველას ჩართულობით უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც მოხდება მოსამართლეების წარდგენა.

 

“რაც შეეხება მთავრობის ჩართულობას, ამაზე მე არაერთხელ გავაკეთე ძალიან პირდაპირი განცხადება. საქართველოში დამთავრდა ის დრო, როდესაც მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი ახდენდა სასამართლოში მოსამართლეების შერჩევას ან სასამართლოს ერთგვარ “დალაგებას”. ასეთი რამე საქართველოში აღარ მოხდება. რა თქმა უნდა, სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია და საზოგადოებასთან ამის შესახებ ჩვენ ძალიან პირდაპირი დიალოგი გვაქვს”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ხორციელდება მიზანმიმართული დევნა კონკრეტული მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციის და ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ კანონის“ სრული დაცვით მიიღო,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორის დღევანდელ აქციას და მოთხოვნებს.

 

გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეთა 10- კაციანი სია პარლამენტს, კანონის სრული დაცვით წარუდგინა, ხოლო ამ სიის მოწინააღმდეგე პირების მხრიდან იკვეთება, რომ პირადი ინტერესები ამოძრავებთ.

 

„კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ ნამდვილად პირადი ინტერესი და კონკრეტული პირების მიმართ არსებული პირადი ინტერესები. ნათლად დავინახეთ ის, რომ არანაირ კრიტერიუმებზე და რეგულაციებზე აქ საუბარი არ არის და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გამოგონილი სიცრუე, როგორც ჩვენ ამას ვამბობდით, არანაირ კრიტერიუმზე და რეგულაციებზე საუბარი არავის არ სურს. ხორციელდება მიზანმიმართული დევნა კონკრეტული მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლსი საბჭოს წევრების მიმართ იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო საქართველოს კონსტიტუციის და ორგანული კანონის საერთო სასამართლოების შესახებ სრული დაცვით. შეგახსენებთ, რომ ეს არის ე.წ. შუალედური გადაწყვეტილება წარდგენის შეხახებ, რომელზეც უნდა იმსჯელოს პარლამენტმა და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ახალი კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

 

მისი თქმით, არასამთავრობოების ინტერესი არის ის, რომ ჰქონდეთ გავლენა იმ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს იუსტიციის საბჭოში.

 

„მათი ინტერესია გავლენა ჰქონდეთ იმ პროცესზე,რაც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა. კონკრეტული კანდიდატურების შერჩევისას მათი მხრიდან იყოს ჩარევა ამ თუ იმ ფორმით, იყოს სავალდებულო წესით გასათვალისწინებელი რჩევები, რომელსაც მისცემს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის საბჭოს ამ თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით. თუ კანდიდატურები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ისე,როგორც ეს აქამდე ხდებოდა უზენაეს სასამართლოში წარსადგენ კანდიდატთან დაკავშირებით, მაშინ ყველა კმაყოფილი იქნება. ხოლო, თუ იუსტიციის საბჭო და საერთო სასამართლოების სისტემა დამოუკიდებლად წარადგენს ამ კანდიდატურებს და ყველანაირი გარეძალების გარეშე ხორციელდება ეს პროცესი, ეს რა თქმა უნდა, მათ უკამყოფილებას გამოიწვევს. პიროვნული დევნის, კონკრეტული მოსამართლების დევნის ფორმით გამოხატავენ მათ პროტესტს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ თანახმა ვართ, ყველა კრიტერიუმი და რეგულაცია, რომელსაც შემოგვთავაზებს პარლამენტი და თუ ასეთი იქნება კანონის მიხედვით გაწერილი, დავუქვემდებაროთ ყველა კანდიდატს, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრობაზე იქნება დასახელებული“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

უმრავლესობასა და პარლამენტში დაპირისპირებები, ასევე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განსახილველი საკითხი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტების კითხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასა და მმართველ გუნდში დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, ის აღნიშნულის შეფასებას ვერ გააკეთებს.

 

„ჩემი სურვილი იქნება მეტი საქმიანი მიდგომა გამოვიჩინოთ და თუ უკმაყოფილება არსებობს, ამას უნდა ჰქონდეს თავის მიზეზი“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

 

მისივე თქმით, კანდიდატების დასახელება მოხდა მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სრულად შესაბამისად. „ეს კანდიდატები აკმაყოფილებენ დღეს მოქმედ ყველა კრიტერიუმს, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონითაა გაწერილი. თუ სხვა კრიტერიუმები იქნება დამატებით შემუშავებული, ყველა მათგანი დაექვემდებარება ამ კრიტერიუმებს. ჩემი პოზიცია არის, რომ მეტი საქმიანი მიდგომა გამოვიჩინოთ“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, სიის ფორმალურად ჩაგდების შემთხვევაში წარდგენილი 10 მოსამართლე ისევ იქნება თუ არა, მიქაუტაძემ კონკრეტულად არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს 10 კანდიდატურაც და სხვებიც დაექვემდებარებიან შემუშავებულ კრიტერიუმებს, რომელსაც სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » September 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?