Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9738
EUR
3.2902
RUR
0.0464
GBP
3.7027

ჩემს წინააღმდეგაც მიმდინარეობს საქმის ძიება. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.

 

როგორც ის განმარტავს, დღეს, პარლამენტის წინ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსმა პირადად აცნობა, რომ 11 იანვარს მისი სასამართლო პროცესი გაიმართება. მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას, ასევე ზაზა სარალიძეს, მის ძმასა და კიდევ ორ პირს სამართალდამცავის შეურაცხყოფას ედავებიან.

 

„დღეს, პარლამენტთან მოვიდა ვაკე-საბურთალოს განყოფილების უფროსი. გამაფრთხილეს, რომ 11 იანვარს, ჩემი სასამართლო შედგება. საუბარია კარვების დადგმის დროს მომხდარ ამბავზე. კანონით მქონდა მინიჭებული უფლება, რომ კარავი დამედგა, ამის საშუალებას არ მაძლევდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პროვოკაციაზე წამოვეგეთ მე და ზაზა სარალიძე. ზაზა ცუდად რომ გახდა, კრუნჩხვები რომ დაემართა, იქ გამწარებულმა მგონი შევაგინე, არც ვიცი. არც შეგინება და არც უწმარწური სიტყვების ხმარება ჩემ ლექსიკონში არ შედის. შეიძლება იქ რაღაც წამომცდა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მედავება. იმას კი არ ედავებიან, რატომ არ აძლევდით ამ ადამიანებს კარვების დადგმის უფლებას, როცა ამის სრული უფლება ჰქონდათო.

 

ამათი გაგზავნილი ფაილების მეშვეობით, ევროპაში არ შემიშვეს, გერმანიიდან დამაბრუნეს. ახლა ეცდებიან ან პირობითი, ან რაღაც მომცენ. სულ ფეხებზე მკიდია, რაც უნდა ის გააკეთონ, მე მაინც გავიტან ამ სიმართლეს და მაინც დავადგენ სიმართლეს ჩემი იურისტების, ჩემი ქართველი ერის თანადგომით. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავანგრიო ეს სისტემა. ამ სისტემას დავანგრევ კიდეც“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ჯერ გაიწერება პროცედურა, კრიტერიუმები და ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება განახლებული სია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს ფორმირების პროცესი სასწრაფოდ საჭიროებს ბოლომდე მიყვანას.

 

"პრინციპული მნიშვნელობა აქვს პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობას. დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს კანონშემოქმედება თუ სხვა მიმართულება, სადაც აუცილებელია თანამშრომლობა. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი შეეხო იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს ფორმირებასთან. როგორც მოგეხსენებათ, ეს პროცესი სასწრაფოდ საჭიროებს ბოლომდე მიყვანას, იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემაა უზენაეს სასამართლოში. 10 მოსამართლეა წარმოდგენილი 28-ის ნაცვლად, რაც, ბუნებრივია, პრობლემებს ქმნის საქმეთა დროული განხილვისა და გადაწყვეტის კუთხით. ასევე საუბარი გვქონდა პროცედურასა და კრიტერიუმებზე. ვიდრე განახლდება პროცესი, საჭიროა პროცედურის და კრიტერიუმების გაწერა. ჯერ გაიწერება პროცედურა, კრიტერიუმები და ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება განახლებული სია. ჩვენთვის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ერთ-ერთი ფუნდამენტური მიღწევაა 2012 წლის შემდეგ", - განაცხადა კობახიძემ.

დღეს თქვენ პროცესუალურად და შინაარსობრივად, ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ, ამას ქართველი ხალხის სახელით გეუბნებით, - ასე მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მას შემდეგ, რაც საბჭოს მდივანმა უზენაეს სასამართლოში წარსადგენი 10 მოსამართლის კანდიდატურა დაასახელა.

 

გიორგი მიქაუტაძის მიერ დასახელებულ მოსამართლეთა კანდიდატებს პროტესტი და კამათი მოჰყვა საბჭოს სხდომაზე, რა დროსაც ანა დოლიძემ საბჭოს სხდომა დატოვა.

 

„მიუხედავად მთელი ჩემი კრიტიკისა თქვენი და სასამართლო სისტემის მიმართ, ნამდვილად არ მეგონა, საკუთარი კარიერის გადასარჩენად თუ ამ დონემდე დაეცემოდით, იმ ბოლო ტოტსა და ნაფოტს გადახერხავდით, რომელზეც სასამართლო ხელისუფლება კიდია. იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ რეალურად ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, რომ საბჭოს შეესრულებინა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს აღმატებული ფუნქცია, უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც კონსტიტუციამ თქვენ დაგაკისრათ“, - მიმართა საბჭოს წევრების უმრავლესობას ანა დოლიძემ.

 

აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურების კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ არამოსამართლე წევრებს: ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილსა და ანა დოლიძეს.

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს. ლევან მურუსიძე მის მიმართ შექმნილ ნეგატიურ განწყობას ცილისმწამებლურ კამპანიას უკავშირებს და აცხადებს, რომ მზად არის გადადგომის საკითხი განიხილოს, თუკი მის წინააღმდეგ ბრალდებების დასაბუთება მოხდება. მურუსიძის თქმით, ითხოვს დისკუსიას არასამთავრობო სექტორთან, დარგობრივ ექსპერტებთან, იურისტებთან და პარლამენტის ფრაქციებთან. ასევე მზადაა შეხვდეს ჟურნალისტებს და ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.

 

„გლობალპრესი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„უკვე მერამდენე წელია ჩემს მიმართ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული და მძლავრად ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანია, რომელმაც კულმინაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ჩემი უვადოდ განმწესების დღეებში მიაღწია. ამ დროის განმავლობაში ჩემი დისკრედიტაცია ხორციელდებოდა საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით და ფსიქოლოგიური ტერორის ყველა ხერხის გამოყენებით. ჩემს მიმართ პირდაპირ და უაპელაციოდ გამოცხადდა ვერდიქტი და არცერთ ეტაპზე არც კვალიფიციური ოპონირების საშუალება მომეცა, რათა საკადრისი პასუხი გამეცა ცილისმწამებლებისათვის და არც ფაქტების წარმოდგენაზე იზრუნა ვინმემ. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ჩემს წინააღმდეგ განსაკუთრებით აგრესიულად, მიზანმიმართულად და ცილისმწამებლურად გაილაშქრა იმ პოლიტიკურმა პარტიამ („ნაციონალურმა მოძრაობამ“), ვინც პასუხისმგებელია სპეციალურად გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და ასევე ზოგადად კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის პირობებშიც მომიწია ზემოაღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება და რომელმაც ფაქტობრივად საკანონმდებლო მარწუხებში მოაქცია სასამართლო ხელისუფლება, ვინაიდან ამით ისინი შეეცადნენ საკუთარი პასუხისმგებლობის ჩემზე გადმოკისრებას.

 

ფაქტია, რომ ჩემს წინააღმდეგ წარმოებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და ნეგატიურმა განწყობამ საზოგადოების ფართო ფენამდე მიაღწია. მე ამ უსამართლო დამღით ცხოვრების გაგრძელებას არ ვაპირებ. ამასთან, არაფრად მიღირს მოსამართლის მანტია, თუ ბრალდებას პასუხი არ გავეცი და წერტილი არ დავუსვი ამ ბინძურ კამპანიას. მე ასევე ზედმიწევნით კარგად მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობისა და რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის პირობებში მოსამართლედ მუშაობა ნამდვილად არ იყო მარტივი. ესეც მოცემულობაა და არც ამ სიმართლისთვის თვალის გასწორება მიჭირს. ამასთან, საბჭოს მდივნად არჩევის შემდეგ, გამაჩნდა რა მოსამართლეთა კონფერენციის უმრავლესობის ნდობის მანდატი, ღიად მოვუწოდე მოსამართლეთა კორპუსს გამოგვეყენებინა შანსი და გვეზრუნა სასამართლოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისათვის. სწორედ ეს გახდა ჩემზე განხორციელებული საინფორმაციო შტურმის მიზეზი. არადა, სწორედ ჩემმა და ჩემი თანამოაზრეების პრინციპულმა პოზიციამ განაპირობა ის რეალური პროგრესი, რომელსაც სასამართლო სისტემამ მიაღწია ამ წლებში და რომელზეც არა მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, არამედ არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა თუ ინდექსი მეტყველებს. მარტო ის რად ღირს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის თვალსაზრისით ევროპის 20 მოწინავე ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით-პირველზე. ესეც მოცემულობაა და ოპონენტებს ამ მოცემულობისთვისაც მოუწევთ თვალის გასწორება.

 

საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ მივმართე არასამთავრობო გაერთიანებებს, მოეხდინათ ჩემი პერსონალური ბრალეულობის ფორმულირება გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და თუ ეს ბრალდება დადასტურდებოდა, განვიხილავდი ჩემი გადადგომის საკითხს. თუმცა ამაოდ - ისინი ჯიუტად დუმან. დუმან იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი ამ საქმეზე ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს. მათი დუმილის მიუხედავად, მე გაჩერებას აღარ ვაპირებ და ოფიციალურად ვაცხადებ: მსურს საგნობრივი დისკუსია გავმართო არასამთავრობო სექტორთან, დარგობრივ ექსპერტებთან და სწავლულ იურისტებთან. იმედია, ამ შეხვედრის ორგანიზება მესამე სექტორს არ გაუჭირდება; ცალკე ფორმატით, ერთხელ ან რამდენჯერმე მსურს შევხვდე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და ვუპასუხო მათ ნებისმიერ კითხვას; სურვილი მაქვს, აგრეთვე, შევხვდე საქართველოს პარლამენტის უკლებლივ ყველა ფრაქციას და პირადად გავმართო მასთან დისკუსია.

 

იმედს გამოვთქვამ, უახლოეს პერიოდში მოხერხდება ამ შეხვედრების და დისკუსიების ორგანიზება და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა რეალურ ფაქტებსა და რაციონალურ არგუმენტებზე დაყრდნობით გამოიტანოს დასკვნები, ანუ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და არ დარჩეს სხვის მიერ უხეშად მოდელირებული რეალობისა და ხელოვნურად შექმნილი განწყობების ამარა“ , - ნათქვამია ლევან მურუსიძის განცხადებაში.

ვუსამძიმრებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს იუსტიციის საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მურუსიძე უვადო მოსამართლედ განწესდა, - ასე აფასებს მოსამართლე ლევან მურუსიძის უვადოდ განწესებას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

 

მისი თქმით, კონკრეტული გუნდი, რომელიც არის საქართველოს პარლამენტში, პირდაპირ პასუხისმგებელია ამ შედეგზე. დოლიძე მმართველ პარტიას

 

"გამოფხიზლებისკენ" მოუწოდებს. "დღეს მოხდა ძალიან სამარცხვინო რამ. იუსტიციის საბჭო ყოველდღე გვაოცებს კიდევ უფრო სამარცხვინო გადაწყვეტილებების მიღებით და სად აღმოვჩნდებით ბოლოში, არ ვიცი. ლევან მურუსიძე აღმოჩნდა საბჭოს თვალში ყველანაირი პროცედურის და კანონის დარღვევით კეთილსინდისიერი მოსამართლე. ის ფორმალურად რომ ვთქვათ, დაინიშნა უვადოდ, თუმცა ლევან მურუსიძე სასამართლოში იპარპაშებს მანამ, სანამ საქართველოში იპარპაშებს აი ეს ჯგუფი, რომელიც ერთმანეთთან გადაბმულია და რომელთა მთავარი ამოცანა, როგორც ჩანს, არის ნელ-ნელა დააზიანოს და გამოშიგნოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესი. მე ვუსამძიმრებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება, კონკრეტული გუნდი, რომელიც არის საქართველოს პარლამენტში, პირდაპირ არის პასუხისმგებელი ამ შედეგზე და ჩვენ რომ საბოლოო ჯამში ამ შედეგამდე მივედით. თუ არ გამოფხიზლდა "ქართული ოცნება" და პარლამენტის შემადგენლობა, ეს არ იქნება დასასრული იუსტიციის საბჭოს თავხედობის, უარეს ქმედებას მომავალში უნდა ველოდოთ. ჩვენ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ მე და ქალბატონმა ნაზიმ, მაგრამ ახლა სიტყვა არის პოლიტიკურ ძალებზე, რამდენად მისცემენ საშუალებას, რომ ამ ჯგუფმა სრულად გაშალოს ფრთები სასამართლოს ფარგლებში და შესაბამისად, სახელმწიფოს მასშტაბებით", - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

 

აღნიშნულ კანდიდატებს საბჭო დასამტკიცებლად საქარათველოს პარლამენტს წარუდგენს.

 

გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ყველა კანდიდატი მათი კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით შეირჩა. მისი თქმით, კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით მოსამართლეებმა კონსულტაციები გამართეს.

 

„ვფიქრობთ, რომ ორგანული კანონი აწესებს კრიტერიუმებს და პრინციპებს, რომლის მიხედვით შეირჩევიან მოსამართლეები სასამართლოში - კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. მივიღეთ გადაწყვეტილება და შევჯერდით გარკვეულ კანდიდატებზე", განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და ლევან მურუსიძის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის პროცესმა სრული სიცხადით დაადასტურა სასამართლო სისტემის ნაწილში და მის მმართველ რგოლში - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - არსებული კრიზისული მდგომარეობა და ე.წ. კლანის ზღვარგადასული ძალაუფლება, - ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ მიმართვაშია, რომელიც „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

„საბჭო, ბოლო წლებია, აშკარად ბოროტად იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებებს და პრაქტიკულად არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებს მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო სისტემის მმართველობაში შექმნილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა უშუალოდ საბჭოს მოსამართლე წევრებისა და პარლამენტის მიერ დანიშნული ზოგიერთი არამოსამართლე წევრის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებული მოქმედებების შედეგია. ბოლო პერიოდში საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის 10 კანდიდატის ნომინირების უკიდურესად ხარვეზიანმა და გაუმჭვირვალე პროცესმა, ასევე ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნამ, კიდევ ერთხელ ნათლად გამოავლინა საბჭოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის რეალური ინტერესები და მათი მუშაობის მეთოდები.

 

მიგვაჩნია, რომ საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის პირობებში არ არსებობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების რესურსი, ვინაიდან:

 

სასამართლო სისტემა დღეს ე.წ. კლანის წევრების მიერ იმართება, რომელთაც არაჯანსაღი გავლენები და სისტემის მართვის ყველა ბერკეტი აქვთ. ბოლო პერიოდში მათი მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გამყარებას და ვიწრო, პირად ინტერესებს ემსახურება;

 

იუსტიციის საბჭო და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრები წლების მანძილზე ეწინააღმდეგებოდნენ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისკენ მიმართულ ყველა არსებითად მნიშვნელოვან პროგრესულ ინიციატივას. უფრო მეტიც, რეფორმის მე-3 ტალღის ფარგლებში პარლამენტის მიერ ისეთი ცვლილებები იქნა კანონში შეტანილი, რომლებმაც სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტვა და კლანური მმართველობის გაძლიერება გამოიწვია;

 

გავლენიანი ჯგუფი მუდმივად ებრძვის ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მთლიანად სასამართლო სისტემაში. წლების მანძილზე ნელ-ნელა სისტემიდან განიდევნენ (მათთვის თანამდებობაზე გადანიშვნაზე უარის თქმით ან მათ წინააღმდეგ დისციპლინური მექანიზმის ამოქმედების გზით) ისეთი მოსამართლეები, რომლებიც სისტემისადმი კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდნენ;

 

გავლენიანი ჯგუფის წევრები სარგებლობენ ხელისუფლების გარკვეული შტოების და პარლამენტარების ნაწილის მხარდაჭერით;

 

გავლენიანი ჯგუფის უმრავლესობა წარსულში განხილული არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გამო საზოგადოების ფართო წრეებში ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. მაგალითად, ლევან მურუსიძე, რომელიც გუშინ უვადოდ გამწესდა თანამდებობაზე, მონაწილეობდა სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებში. ამ საქმეებზე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც, სადაც, ერთ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების პროცესი მკვეთრად არის გაკრიტიკებული, ხოლო, მეორე შემთხვევაში, სახელმწიფო თავად აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტს. სწორედ მსგავსი რეპუტაციის მოსამართლეების დანიშვნა შეიძლება დასახელდეს ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, სოციოლოგიური გამოკითხვებით, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა მუდმივად ეცემა;

 

მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ სასამართლო სისტემაში არ მოქმედებს ანგარიშვალდებულების ეფექტიანი სისტემა, რომელიც ვიწრო ინტერესთა ჯგუფების სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებას დააზღვევდა. ამ პირობებში კი, იზრდება გავლენებით ვაჭრობისა და სასამართლოსათვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღების მაღალი ალბათობა;

 

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების, ისევე როგორც სხვა გავლენიანი მოსამართლეების დიდი ნაწილის კვალიფიკაციისა და ადამიანის უფლებების ცოდნის დონე არადამაკმაყოფილებელია. მათ არ გააჩნიათ გენდერული სენსიტიურობაც და მათი გამონათქვამები საბჭოს ქალი წევრების მიმართ ხშირად დისკრიმინაციულია, ისევე როგორ სრულიად შეუფერებელი მოსამართლის მაღალი თანამდებობისთვის.

 

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ცალსახა გამოვლინებაა საბჭოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები (ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელება). ამ ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ საბჭოს იმ მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებებს, არ აქვთ მორალური უფლება იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. შესაბამისად, მათ საკუთარი ინიციატივით უნდა დატოვონ საბჭოც და მოსამართლის თანამდებობაც. ამასთან მიგვაჩნია, რომ მოსამართლის თანამდებობები უნდა დატოვონ ასევე გავლენიანი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წევრებმა: მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ. აღნიშნული ცვლილებების გარეშე რთულად წარმოსადგენია მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და დამოუკიდებლობის გამყარების პერსპექტივა.

 

მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს და არამოსამართლე წევრები პარლამენტმა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით უნდა დანიშნოს. ეს დამოუკიდებელი წევრების შერჩევის ერთადერთი გარანტიაა. საბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცებამდე, უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების საკითხი. კანდიდატთა სია განახლებულმა საბჭომ უნდა წარადგინოს პარლამენტში“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს არასამთავრობო ორგანიზაციები: "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო", ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF) და ადამიანის უფლებათა ცენტრი აწერენ.

ჩემი გადადგომის გადაწყვეტილებით შევაჩერეთ პროცესი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

 

ბესელიას თქმით, მოსამართლეების სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, არიან ის ადამიანები, რომლებიც მისი შვილის, ძმის და მისი თანაგუნდელების „პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები“.

 

„ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, რომ იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, პროცესი იხილოს გამჭვირვალე და იყოს ჩართული მოსამართლეების მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთასა და მათ შერჩევაში. ეს პროცესი უნდა იყოს უცილობლივ კრიტერიუმებით დადგენილი წესით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, უნდა იმუშაოს კომიტეტმა და პარლამენტმა იმ პროცედურის სრული დაცვით, რომელიც ამ პროცესს გახდის გამჭვირვალეს, სამართლიანსა და სწორს. სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, არამედ სიაში არიან ადამიანებიც, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. მიმაჩნდა, მიმაჩნია და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ჩემი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო და იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე აღნიშნული საქმის პროკურორის იმედა გუგუშვილის დაწინაურების შესახებ არსებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა. როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, მას აქვს ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი იმედა გუგუშვილი კარიერულად დაწინაურდა მთავარ პროკურატურაში, რაც მისთვის მიუღებელია.

 

ზაზა სარალიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის მოქმედ პროკურორს თორნიკე ნადირაძეს, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა ზაზა სარალიძეს შენობა დაატოვებინა.

 

„მე არაფრის აღარ მჯერა. იმედა გუგუშვილი ზვიად ფხაკაძესთან ერთად აყალბებდა საქმეს და ახლა გავიგე, რომ ის დააწინაურეს. სად არის საერთოდ მთავარი პროკურორი? მე მივმართე შსს-ს და პროკურატურას შეხვედრის შესახებ, თუმცა მხოლოდ შსს-მ გამოთქვა მზაობა შეხვედრისთვის“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

დღეს სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით - იქნება ეს კანონშემოქმედება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება, სადაც თანამშრომლობა აუცილებელია და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი შეეხო იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს ფორმირებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭო კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში პროცესების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი და აქედან გამომდინარე, პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

 

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს ფორმირების პროცესი სასწრაფოდ საჭიროებს ბოლომდე მიყვანას და ამ კუთხით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მჭიდროდ ითანამშრომლებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებაც.

 

„ეს პროცესი საჭიროებს სასწრაფოდ ბოლომდე მიყვანას, გამომდინარე იქიდან, რომ არის პრობლემა უზენაეს სასამართლოში - 10 მოსამართლეა დღეს წარმოდგენილი ნაცვლად 28-ისა, რაც ბუნებრივია, ქმნის პრობლემებს საქმეთა დროული განხილვისა და გადაწყვეტის კუთხით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე, გვქონდა საუბარი პროცედურასა და კრიტერიუმებზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აღვნიშნეთ, ჯერ იუსტიციის საბჭომ აღნიშნა, შემდეგ საქართველოს პარლამენტმა, რომ ვიდრე განახლდება პროცესი, საჭიროა პროცედურის და კრიტერიუმების გაწერა და რა თქმა უნდა, ესეც უნდა გაკეთდეს თანამშრომლობის საფუძველზე. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული, მათ შორის, რეფორმის სამუშაო ჯგუფი, სადაც არიან ჩართულნი საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლები, ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები, ზოგადად. იმ ფორმატშიც, ბუნებრივია, გვექნება ამ საკითხების განხილვა. გაიწერება პროცედურა, კრიტერიუმები და ამის შემდეგ მივუბრუნდებით, რა თქმა უნდა, უზენაესი სასამართლოს ფორმირების საკითხს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ჯერ გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები და განახლებული სია ამის შემდეგ იქნება წარმოდგენილი. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ფუნდამენტური მიღწევა 2012 წლის შემდეგ.

 

„ჯერ გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები და ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება განახლებული სია. დანარჩენს უკვე საზოგადოება თავად შეიტყობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მჭიდრო თანამშრომლობას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ერთი ფუნდამენტური მიღწევა 2012 წლის შემდეგ. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, სასამართლოს შემადგენლობის ჩამოყალიბება არსებითად არის დამოკიდებული თავად მართლმსაჯულების სისტემაზე. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ამაზე პასუხისმგებელი, გარდა უზენაესი სასამართლოსი, სადაც ჩართულია ამ პროცესში საქართველოს პარლამენტიც“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმთავრესი მიზანი - სისტემის გაჯანსაღება, მიღწეულია.

 

„ჩვენი ამოცანა იყო 2012 წელს, რომ სისტემა გაგვეჯანსაღებინა. ეს იყო უმთავრესი ამოცანა და ეს მიზანი ჩვენი მხრიდან მიღწეულია. გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით. რომ გადავხედოთ სტატისტიკას, ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს გამამართლებელი განაჩენები, წინასწარი პატიმრობის მაჩვენებლები, გირაო, ჯარიმები და ასე შემდეგ, არის არა ორმაგი და სამმაგი პროგრესი, არამედ არის ხშირ შემთხვევაში ათმაგი და ასმაგი პროგრესიც კი. ეს ნიშნავს რას - ეს არ არის მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, მშრალი ციფრები, ეს ნიშნავს იმას, რომ ინდივიდის უფლებები, ადამიანის უფლებები არის ათჯერ მეტად დაცული სასამართლო სისტემის მიერ, ვიდრე ეს იყო უზრუნველყოფილი 2012 წლამდე. ეს არის ფუნდამენტური წინსვლა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, რჩება გამოწვევები და ამის შესახებ მმართველი გუნდი საუბრობს როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან.

 

„შექმნილია, ასევე, რეფორმის სამუშაო ჯგუფი და ამ რეფორმის სამუშაო ჯგუფის მიზანი გახლავთ ის, რომ არა მარტო შევინარჩუნოთ მიღწეული, არამედ კიდევ უფრო განვამტკიცოთ და კიდევ უფრო ჯანსაღი გავხადოთ სასამართლო სისტემა და ეს მიზანი იქნება აუცილებლად მიღწეული რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში, რომელიც ამჟამად ხორციელდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ფუნდამენტური მიღწევა, ამას ვუფრთხილდებით, შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო განვამტკიცებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჩვენ, მოსამართლე წევრებმა გუნდურად მივიღეთ, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურებზე მას შემდეგ იმსჯელეს, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში შევიდა. კითხვაზე, რამ განაპირობა განახლებული კონსტიტუცის ძალაში შესვლიდან უმოკლეს ვადაში პარლამენტისთვის წარედგინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა 10 კანდიდატი, საბჭოს მდივნის განმარტებით, უზენაეს სასამართლოში წლებია, რაც მოსამართლეთა სიმცირის პრობლემაა, რის გამოც დიდი რაოდენობით საქმე დაგროვდა, რამაც თავისთავად, მოქალაქეთა უკმაყოფილება წარმოშვა. მისივე თქმით, ყველა წარდგენილი კანდიდატი შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

 

"უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების დასახელება განპირობებულია იმ სიტუაციით, რომელიც შექმნილია უზენაეს სასამართლოში. არის 11 მოსამართლე, სისხლის პალატაში ერთი შემადგენლობაც კი არ არის, რომ საქმეები განიხილონ. ეს არის შეფერხებული პროცესი, ან შეიძლება ითქვას, უფრო უარესი, უზენაესი სასამართლო თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, თუ ჩვენ გადაწყვეტილებას არ მოვიღებთ და არ იქნებიან მოსამართლეები წარდგენილები. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, ეს პასუხისმგებლობა გადმოვიდა იუსტიციის უმაღლს საბჭოზე. ვფიქრობ, რომ სწორად მოქმედების და იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის დროა, რომელიც უნდა გადაიდგას, ვინაიდან უზენას სასამართლოში არ შეფერხდეს სამართალწარმოების პროცესი. ნაბიჯი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გადადგას. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვაცნობიერებთ და ვფიქრობთ, რომ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

 

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორისა და საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან გამოთქმულ პროტესტს, რომელიც წარდგენილ კანდიდატურას უკავშირდება, გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ ყველა კანდიდატი სასამართლო სისტემაში მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩიჩალაძე.

 

"ჩვენ დავასახელეთ სააპელაციო სასამართლოს ორივე თავმჯდომარე. რაც შეეხება მიხეილ ჩინჩალაძეს, მას უზენაეს სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია", - განაცხადა მიქაუტაძემ.

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

ვლადიმერ ჟირინოვსკის ფუნქცია ამ სივრცეში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაქვთ თქვენ, - ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს მოსამართლე წევრს, სერგო მეთოფიშვილს.

 

შეკამათება დოლიძესა და მეთოფიშვილს შორის ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მოჰყვა, რომლიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ არ გაიზიარა ჯანეზაშვილის პოზიცია და საკითხი კენჭისყრაზე დღეს არ დააყენეს. საბოლოო ჯამში, საკითხი ისევ ღიად რჩება და ჯერ კიდევ გაუგებარია, გამოიტანს თუ არა ჯანეზაშვილი ამ ინიციატივას მომდევნო სხდომაზე.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ამ ინიციატივის გადადების მომხრეა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საკითხს მეტი მომზადება სჭირდება. ანა დოლიძე კი პირიქით, საკითხის გადადებას მხარს არ უჭერდა.

 

„ასეთი ოდიოზური ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც კი არ მოიპოვება. ვლადიმერ ჟირინოვსკის ფუნქცია ამ სივრცეში, იუსტიციის საბჭოში გაქვთ თქვენ. საინტერესო არ ხართ",- მიმართა ანა დოლიძემ მეთოფიშვილს.

 

მეთოფიშვილმა კი განაცხადა, რომ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „პოლიტიკის შეყვანა" მოახერხა.

 

„კრიტერიუმების გარეშე ამ დარბაზში თქვენი შემოყვანა იყო ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა დოლიძის საპასუხოდ მეთოფიშვილმა.

 

რაც შეეხება კონკრეტულად ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას, რომელიც პარლამენტისადმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების წარდგენას ეხება, ის რამდენიმე პუნქტიანია. მათ შორის, პროექტი ითვალისწინებს მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » September 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?