საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანის“ წახალისება უკვე საერთაშორისო მასშტაბებს აღწევს. ეს აღარ არის არასამთავრობო ორგანიზაციები, ანა დოლიძე და ნაზი ნაზი ჯანეზაშვილი, ეს არის ვაშინგტონი, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევას.  ამასთან, არსებობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების გავლენა მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე.

 

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა უკვე სამარცხვინო ხასიათს იღებს.

 

„ეს უკვე მთლიანად აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯს, იმიტომ, რომ ყველა ჭკუათმყოფელი და გონიერი ბიზნესმენი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფულის ჩადებას აპირებს, პირველ რიგში, მოიკითხავს და წაიკითხავს, რომ საქართველოში საკუთარ ქონებასა და უფლებებს სამართლიანად ვერ დაიცავს. ამ ინფორმაციას სწორედ მსგავსი ტიპის ანგარიშებში ეცნობა. ეს არის ჩვენი ყველაზე მთავარი საერთაშორისო პარტნიორი სახელმწიფოს ანგარიში. ანუ მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანის“ ბატონობა უკვე საერთაშორისო მასშტაბებს აღწევს და ეს საერთაშორისო მასშტაბის ზიანის მომტანი იქნება საქართველოსთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ითვალისწინებენ, ადგილი ჰქონდა სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევას. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშის საქართველოს ნაწილში.

 

„მოსამართლეები დაუცველნი იყვნენ პოლიტიკური ზეწოლის წინაშე, რომელიც როგორც სასამართლო სისტემიდან, ასევე სასამართლო სისტემის გარედან მოდიოდა. „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და სხვა ორგანიზაციები კვლავ შეშფოთებას გამოთქვამდნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის არარსებობის გამო. წლის განმავლობაში ისინი აღნიშნავდნენ არსებულ პრობლემებს, მათ შორის: მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერება, რომელიც პირველ რიგში შედგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან და მოსამართლეებისგან; უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების გავლენა მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე; საქმეების განაწილების სისტემით მანიპულირება; უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის არარსებობა და უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეებისა და სასამართლოს თამჯდომარეების დანიშვნაში არსებული ხარვეზები“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ „პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ და საერთაშორისო თანამეგობრობა აღნიშნავდნენ ხარვეზებს 2017 წლის საკანონმდებლო პაკეტში - რომელიც ცნობილია, როგორც „სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა“ - კერძოდ, სასამართლოს ყველა დონეზე მოსამართლეების შერჩევის პროცესში.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.