ვიდრე სასამართლო სისტემიდან „კლანი“ არ წავა, სისტემა ვერ გაჯანსაღდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტში დაგეგმილ საკომიტეტო განხილვაში მონაწილეობს.

 

კოალიციაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე მივიდნენ მაისურებით, რომელსაც აწერია „კლანი უნდა წავიდეს“.

 

„ეკა ბესელიას მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პროექტი მისაღებია, რადგან მასში ასახულია შენიშვნები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ წარმოადგინა. თუმცა, ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ არსებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირობებში, არანაირ საკანონმდებლო ცვლილებებს და რეფორმას აზრი არ აქვს, ვიდრე სასამართლო სისტემიდან „კლანი“ არ წავა, სისტემა ვერ გაჯანსაღდება. თუკი მსჯელობა მიდის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მოდელი, ჩვენ ვამბობთ, რომ საბჭო უნდა გადადგეს და კარგი პროცედურები ახალმა საბჭომ გამოიყენოს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

 

მისივე შეფასებით, უმრავლესობის ფარგლებში შემუშავებული კანონპროექტი ადასტურებს, რომ რეალურად რეფორმის სურვილი არ არსებობს და ენერგია ისეთი წესების შექმნაზე დაიხარჯა, რაც „კლანის“ ძალაუფლების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტებს იხილავს. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში სამი საკანონმდებლო ინიციატივაა წარდგენილი.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.