შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნამ, თუ ინფიცირების რიცხვის სერიოზული ზრდა არ გამოიწვია, 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის მოხსნა შესაძლებელი იქნება - ამის შესახებ შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ევროპის ყველა ქვეყანა ეტაპობრივად ხსნის საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ მათ ამის გაკეთება გაცილებით რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში უწევთ, ვიდრე ეს დღეს საქართველოშია.

 

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ 22 მაისამდე დაახლოებით ერთ კვირაზე ცოტა მეტი დარჩა და მანამდე დაიდება პირველი შედეგები, რა შედეგები მოგვცა შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნამ. ვიმედოვნებ, რომ 11 მაისიდან, შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, შემთხვევების ზრდა არ იქნება. მხედველობაში არ მაქვს ახალი შემთხვევების ერთნიშნა ციფრი, ან თუნდაც 20-მდე ახალი შემთხვევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია და დიდხანს იქნება, ეს ქვეყანას არავითარ სიძნელეს არ შეუქმნის. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ამან ინფიცირების სერიოზული ზრდა არ გამოიწვია, მაშინ 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის მოხსნა შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

მისი ვარაუდით, საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, უფრო მეტი შანსი აქვს ამჟამინდელი სიტუაცია შეინარჩუნოს.

 

„მე მგონია, რომ ჩვენ ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, სიფრთხილის სამი ზომა შევინარჩუნოთ: ხელების ხშირად დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება. ეს არ შექმნის ისეთ დისკომფორტს, რომ ჩვენი ცხოვრების რიტმი დაარღვიოს. სამაგიეროდ, ამან შეიძლება უზრუნველყოს ის, რომ უფრო მკაცრი ზომების მიღება აღარ დაგვჭირდეს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.