პანდემიის ფონზე ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში ბავშვებს შორის დაფიქსირებული ანთებითი სინდრომი მსოფლიოს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

 

„ბოლო კვირების განმავლობაში ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ინფორმაცია მივიღეთ, რომ ბავშვების მცირე რაოდენობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოათავსეს მრავალსისტემური ანთების გამო, რომელიც კავასაკის დაავადებას ჰგავს“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

 

მისივე განმარტებით, წინასწარი ჰიპოთეზების თანახმად, ეს სინდრომი შეიძლება კორონავირუსთან იყოს დაკავშირებული.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად და დეტალურად დავახასიათოთ ეს კლინიკური სინდრომი, გავიგოთ მისი მიზეზები და აღვწეროთ დაავადება“, - დასძინა ჯანმოს დირექტორმა.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში 9 წლის ბიჭი კორონავირუსთან დაკავშირებული იშვიათი დაავადებით გარდაიცვალა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რამდენიმე ქვეყანაში დააფიქსირეს ანთებითი დაავადების მქონე ბავშვების შემთხვევები ისეთი სიმპტომებით, რომელიც კავასაკის დაავადებას ჰგავს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს კორონავირუსს უკავშირდება.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.