აზიის რეგიონში კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებულ ქვეყნებად სამხრეთ კორეას, ტაივანსა და ჰონგ-კონგს ასახელებენ, თუმცა ერთ-ერთი დაუფასებელ მაგალითად ვიეტნამი რჩება. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წერს.

 

97-მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსს ჯერ არავინ ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი მხოლოდ 328-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩინეთს ესაზღვრება, ყოველწლიურად კი ვიეტნამს მილიონობით ჩინელი ვიზიტორი სტუმრობს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიეტნამი საშუალოშემოსავლიან ქვეყნად ითვლება, მისი ჯანდაცვის სისტემა კი მეზობელი ქვეყნების სისტემებს ჩამოუვარდება. ყოველ 10 ათას ადამიანზე ქვეყანაში მხოლოდ 8 ექიმი მოდის, მაშინ როდესაც სამხრეთ კორეაში ეს მაჩვენებელი სამჯერ უფრო მაღალია.

 

სამკვირიანი კარანტინის შემდეგ ვიეტნამმა აპრილში სოციალური დისტანცირების წესები მოხსნა. ვირუსის შიდა გავრცელების შემთხვევა ქვეყანაში ბოლოს 40 დღის წინ დაფიქსირდა. საწარმოები და სკოლები გაიხსნა, ცხოვრება კი ნორმალურ რიტმს უბრუნდება.

 

სკეპტიკოსები ვიეტნამის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ენდობიან, თუმცა ადგილობრივი ექიმები აცხადებენ, რომ ოფიციალური მონაცემები სრულად შეესაბამება რეალობას.

 

„ყოველდღე დავდივარ საავადმყოფოებში და ვიცი, რომ გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა“, - აცხადებს პროფესორი გაი თვეიტესი, რომელიც ჰოშიმინის ოქსფორდის უნივერსიტეტის კლინიკური კვლევების განყოფილებაში მუშაობს.

 

ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, ვიეტნამის წარმატება მთავრობის დროულმა ზომებმა, კონტაქტების გამოვლენის ტაქტიკამ და მოსახლეობასთან ეფექტურმა კომუნიკაციამ განაპირობა. ვიეტნამმა ეპიდემიისთვის მზადება ჯერ კიდევ პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე დაიწყო, როდესაც ჩინეთი და ჯანმო აცხადებდნენ, რომ ადამიანისგან ადამიანზე გადაცემის „შემთხვევები არ დაფიქსირებულა“.

 

იანვრის დასაწყისში ჰანოის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს თერმოსკრინინგი უტარდებოდა და სურდოს მქონე მგზავრების განცალკევება ხდებოდა. პირველი 2 შემთხვევა ვიეტნამში 23 იანვარს დაფიქსირდა, 24 იანვარს კი ქვეყანამ უხანიდან ყველა რეისი აკრძალა.

 

1-ელ თებერვალს ვიეტნამმა ეპიდემია გამოაცხადა, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ 6 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. თებერვალში ვიეტნამში შესვლა სამხრეთ კორეის, ირანისა და იტალიის მოქალაქეებს აეკრძალა, მარტში კი ქვეყნის საზღვრები ყველა უცხოელისთვის ჩაიკეტა.

 

ამის შედეგად სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მარტის ბოლოს ​კი კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო. 1-ლი მაისის მონაცემებით, კარანტინში საერთო ჯამში 70 ათასი ადამიანი მოათავსეს, კიდევ 140 ათასმა კი იზოლაციის პერიოდი სახლში ან სასტუმროში გაატარა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.