დიდი უპირატესობა მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს, - ამის შესახებ პრტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მას ყოველთვის სჯერა, რომ მთაწმინდელები ყოველთვის გააკეთებენ არჩევანს არა ტოტალიტარული წარსულის, არამედ სამართლიანი მომავლის სასარგებლოდ.

 

„პირველ რიგში, ვულოცავ მთაწმინდელებს მშვიდობიანად, სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს. მოგეხსენებათ, 20:00 საათზე დასრულდა ხმის მიცემის პროცესი და საარჩევნო უბნები დაიხურა. ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი და ყველა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგს, თუმცა წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის, მადლობას ვუხდით გუნდის თითოეულ წევრს და არჩევნებში ჩართულ ადამიანებს. შუალედურ არჩევნებზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი და რაც მთავარია, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, შეგვწევს ძალა ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ეს შედეგი ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ყოველთვის გვჯეროდა და გვჯერა ქართველი ხალხის, მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თბილისელებს, მთაწმინდელებს არ გაუჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება, სწორი ანალიზის გაკეთება, შავის და თეთრის გარჩევა. ყოველთვის გააკეთებენ არჩევანს არა ტოტალიტარული წარსულის, არამედ სამართლიანი მომავლის სასარგებლოდ“, - განაცხადა კალაძემ.

 

როგორც მან აღნიშნა, “მიუხედავად იმისა, რომ დილიდან ადგილი ჰქონდა ოპონენტების მხრიდან სიტუაციის დაძაბვის, პროვოკაციების მცდელობას, არცერთი წამით არ შეგვპარვია ეჭვი ჩვენს საერთო გამარჯვებაში“.

 

„ჩვენ ვპირდებით ჩვენს თბილისელებს, ვპირდებით მთაწმინდელებს, რომ ეს გამარჯვება არ იქნება უბრალოდ ერთ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება, არ იქნება ერთი მაჟორიტარის გამარჯვება, ეს იქნება თითოეული თბილისელის და თითოეული მთაწმინდელის გამარჯვება. ამას ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რა თქმა უნდა და დავამტკიცებთ იმ განსახორციელებელი პროექტებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი მომდევნო თვეებისა და მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კალაძემ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.