Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

ევროპარლამენტმა ევროკავშირის მეზობელი და პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგებთან აღმოსაფხვრელად 3 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

სესხები 10 ქვეყანაზე გაიცემა. კერძოდ საქართველო 150 მილიონ ევროს, ალბანეთი - 180 მილიონ ევროს, ბოსნია ჰერცეგოვინა - 250 მილიონ ევროს, იორდანია - 200 მილიონ ევროს, კოსოვო - 100 მილიონ ევროს, მოლდოვა - 100 მილიონ ევროს, მონტენეგრო - 60 მილიონ ევროს, ჩრდილოეთ მაკედონია - 160 მილიონ ევროს, ტუნისი - 600 მილიონ ევროს, უკრაინა კი 1,2 მილიარდ ევროს მიიღებს.

 

ინიციატივას მხარი 547-მა დეპუტატმა დაუჭირა, 93-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 47-მა კანონმდებელმა კი თავი შეიკავა. სავარაუდოდ, პირველ ტრანშს ქვეყნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე, მეორე ტრანშს კი 2021 წლის დასაწყისში მიიღებენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის ეკონომიკის კორონავირუსის პანდემიისგან აღდგენის გეგმა წარადგინა და აღნიშნა, რომ ცხოვრების ჩვეული რიტმისკენ დაბრუნება მალე არ მოხდება.

 

„ჩვენ ადრეც გვქონდა ეკონომიკური კრიზისები, მაგრამ არასდროს გვქონია ისეთი ეკონომიკური ვარდნა, როგორც ბოლო სამი თვის განმავლობაში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ეკონომიკის აღდგენის გეგმა იმ წევრ სახელმწიფოებზე იქნება ფოკუსირებული, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო.

ევროპარლამენტის შენობაში უსახლკარო და ძალადობის მსხვერპლი ქალები შეიფარეს. იქ საძინებლებია მოწყობილი და 100 უსახლკარო ქალი ცხოვრობს. ამის შესახებ BBC წერს.

 

ქალთა უმეტესობა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. კორონავირუსით გამოწვეულმა შეზღურვებმა კი მათი სახლის პირობებში ყოფნა გაუსაძლისი გახადა. ოფიციალური წყაროებიც ადასტურებენ, რომ იზოლირებულ ოჯახებში ძალადობის შემთხვევებმა იმატა.

 

ევროპარლამენტის შენობაში, თითო ოთახში ერთი ან ორი ქალი ცხოვრობს. ისინი უზრუნველყოფილნი არიან როგორც საკვებით, ისე - სამედიცინო მომსახურებით.

 

ბრიუსელში პანდემიის შემდეგ ძალადობის მსხვერპლთა და უსახლკაროთა თავშესაფრები დაიხურა, ვინაიდან მსგავსი თავშეყრის ადგილები ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდიდა.

 

უსახლკაროებისთვის შენობის დათმობის ინიციატივით ევროპარლამენტი აპრილის დასაწყისში გამოვიდა.

 

 

 

ევროკავშირის ინსტიტუციებმა უნდა გააგრძელონ იმის უზრუნველყოფა, რომ პროევროპული ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, ხედავდნენ ევროკავშირს, როგორც თავიანთ საბოლოო მიზანს, - წერს ევროკავშირის ყოფილი ელჩი ხორვატიაში და ევროკავშირის მოქმედი ელჩი რუსეთის ფედერაციაში პოლ ვანდორენი.

 

„ეს არაჩვეულებრივი დროა დიპლომატიურ და საგარეო საქმეთა სამყაროში დასამკვიდრებლად. როგორც ყველაფერი დანარჩენი, ჩვენი სამყაროც მოიცვა კორონავირუსის პანდემიამ. ურთიერთობებს სახელმწიფოებში თითქმის ექსკლუზიურად განაგებს ამ ლეტალური ვირუსის სამწუხარო გავლენა. მედიკამენტებისა და აღჭურვილობის ექსპორტი, სამოგზაურო აკრძალვები, რეპატრიაციები და რა თქმა უნდა, გადაბრალების თამაში და დეზინფორმაციის უპრეცედენტო დონე.

 

ამ სათაურების ქვეშ, ძირითადად (და გასაგებად) უგულებელყოფილი, საერთაშორისო ურთიერთობების ბიზნესი გრძელდება. ბოლო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანება: უზარმაზარი მიღწევა პატარა, ახალგაზრდა ქვეყნისთვის (დიდი ისტორიის მიუხედავად) და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და წარმატებული სამხედრო ალიანსის გაფართოებისთვის. იმავე დღეებში, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ოფიციალურად დაიწყონ გაერთიანების მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ორივე ქვეყნისთვის და პირველი ნაბიჯი ურსულა ვონ დერ ლეინის პრეზიდენტობის პერიოდში თვითგამოცხადებული „გეოპოლიტიკური“ კომისიის მხრიდან.

 

როგორც ევროკავშირის პირველ და უკანასკნელ ელჩს ხორვატიაში, (ჩემი სამსახური გაუქმდა, როდესაც 2013 წელს ხორვატია ევროკავშირში გაწევრიანდა), მე გამომიცდია, პირველ რიგში, სიხარული და იმედი, რომელიც ასეთ მომენტებს მოაქვს, მაგრამ ასევე - თავდაუზოგავი შრომაც ასეთი მომენტების მისაღწევად.

 

ეს პროცესი მოითხოვს საზოგადოების ყველა ფენის მობილიზებას და დიდ ძალისხმევას კანონის უზენაესობის დანერგვისა და განხორციელებისთვის, სასამართლო სისტემის განახლებისთვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ახალი კანონმდებლობის ათასობით გვერდის მიღებისთვის. ყველა ეს ძალისხმევა მიმართულია სტაბილურობის უზრუნველყოფისა და დასავლეთ ბალკანეთის ამ ქვეყნების ევროინტეგრაციისკენ.

 

სამხრეთ კავკასია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია ევროკავშირის გაფართოებისთვის. საქართველოს მთავრობა ცალსახად პრო-ევროპულია (და ასევე პრო-ჩრდილოატლანტიკური), რომლის ლიდერებსაც არ დაუმალავთ ორივე ექსკლუზიურ დასავლურ კლუბში გაწევრიანების სურვილი. მთავრობის გეგმები - რაც მთავარია - ფართო პოპულარობით სარგებლობს, ქართველთა 80% მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების იდეას. ევროკავშირი არის საქართველოს ყველაზე დიდი დონორი და ძლიერი პარტნიორი. 2016 წელს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამოქმედდა ასოცირების ამბიციური ხელშეკრულება.

 

ეს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის აქტი საქართველოსთვის, რომელიც ამტკიცებს მის ევროპულ იდენტობას და მისი სტრატეგიული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს, რომ ევროკავშირთან მჭიდრო კავშირი ჩამოაყალიბოს.

 

რა თქმა უნდა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი დამაფიქრებელი ფაქტორი. სპილო (ან, უფრო სწორად, დათვი) ოთახში. ამჟამად, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ, (რომლის დროსაც, როგორც დიპლომატი, მე გამგზავნეს მოსკოვის ევროკავშირის საელჩოში) საქართველოს წინა მმართველი გუნდის პერიოდში.

 

ორ ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა, ხოლო რუსეთის მხრიდან მუდმივი კიბერ-თავდასხმები და დეზინფორმაციული კამპანიები მიზანმიმართულად არის შექმნილი იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს მთავრობას ევროპასთან უფრო დაახლოებაში.

 

ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზია ევროკავშირის დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული ჩართულობისთვის. ევროკავშირის გეოპოლიტიკური გავლენა და ძალა არსებითად არის დაფუძნებული მის შესაძლებლობებზე ფართო ევროპულ რეგიონში, რომ იმოქმედოს როგორც მაგნიტმა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც სურთ თავიანთი პრობლემური წარსულიდან გაქცევა (განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის მიერ დაზარალებული ქვეყნები).

 

ბრიუსელმა უნდა გააგრძელოს იმის უზრუნველყოფა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, ხედავდნენ ევროკავშირს, როგორც საბოლოო მიზანს. თუმცა როგორ უნდა მივაღწიოთ ამას პრაქტიკაში სამხრეთ კავკასიაში არსებული სირთულეების ფონზე?

 

პირველი წესი უნდა იყოს წახალისება და საზოგადოების აღიარება.

 

თბილისში არსებული ქართული ოცნების ამჟამინდელმა მთავრობამ უხელმძღვანელა ეკონომიკურ რენესანსს: საქართველო ამჟამად მე -7 ადგილზეა „ბიზნესის კეთების სიმარტივის” ყოველწლიურ რეიტინგში (ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ზე წინ); ეკონომიკური თავისუფლების მემკვიდრეობის გლობალური ინდექსით - მე -12 ადგილზე; მთავრობამ კი შეამცირა სიღარიბე 50%-ით, რადგან ,,ღარიბებმა მნიშვნელოვნად ისარგებლეს მთავრობის სოციალური პოლიტიკით“ და ,,ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით“ (მსოფლიო ბანკის თანახმად).

 

ეს ჩანაწერი იმსახურებს საზოგადოებრივ აღიარებას.

 

ევროკავშირის ლიდერები მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ბოლოდროინდელ რეფორმებში: ევროკავშირის ელჩმა თბილისში, აშშ-სთან, გერმანიასა და ევროსაბჭოსთან ერთად ხელი შეუწყო ბოლო საარჩევნო რეფორმების პაკეტის ჩამოყალიბებას, რათა საქართველოს სისტემა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებულ სისტემას.

 

რეფორმა ზრდის პროპორციული ადგილების რაოდენობას და ადგენს პროპორციული არჩევნების საარჩევნო ბარიერს. მთავრობამ და ოპოზიციამ ასევე ხელი მოაწერეს განცხადებას, სადაც ხაზგასმულია იმ ქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობა, რომლებიც შეიძლება შეფასდეს, როგორც არასათანადო საარჩევნო პროცესი და სასამართლო სისტემის პოლიტიზაცია.

 

ევროკომისიამ ეს შეთანხმება აღწერა, როგორც ,,ყველა მხრიდან პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალიან მისასალმებელი, მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ნიშანი, რაც ასახავს საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების სურვილს”.

 

ევროკავშირის ელჩმა თბილისში, კარლ ჰარცელმა, ძლიერი პრეცედენტი ჩამოაყალიბა ამ „დაპირისპირების ფაქტორების“ მიდგომასთან დაკავშირებით და შეაქო საქართველოს მთავრობის კორორონავირუსთან დაკავშირებით ნაადრევი და გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის (ქვეყანას აქვს საკმაოდ მცირე რაოდენობის შემთხვა - ვირუსით 11 ადამიანია გარდაცვლილი. საქართველოში მოგზაურობა დროულად აიკრძალა, დაწესდა შეზღუდვები. აღსანიშნავია კარგი რესურსების მქონე ჯანდაცვის სისტემა.

 

ევროკავშირმა უკვე გამოუყო საქართველოს დახმარების პაკეტი 20 მილიონი ევროს ოდენობით კორონას კრიზისთან გასამკლავებლად; დიდი ალბათობით, მომავალში კიდევ იქნება მათი მხრიდან დახმარება.

 

საქართველოსთვის ეს მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს არსებული კრიზისის დასრულების შემდეგაც“ - აღნიშნავს პოლ ვანდორენი.

კიდევ ერთი გატეხილი დაპირება საბოლოოდ აქცევს „ქართულ ოცნებას“ არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად, -ამის შესახებ ევროპარლამენტარი, დემოკრატიისა მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს.

 

მისი თქმით, სამწუხაროა „ქართული ოცნების“ მცდელობა, გამოიყენოს პანდემია იარაღად და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მარტში მიღწეული შეთანხმება.

 

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილი იქნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი.

 

დაუშვებელია და უბრალოდ ცუდი ტონია „ქართული ოცნების“ მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა. დიპლომატებმა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გასწიეს უდიდესი სამსახური იშუამდგომლეს რა მხარეებს შორის 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

კრამონის თქმით, ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს საქართველოს მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯებზე.

 

„ორივე პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მქონეს უნდა ახსოვდეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე“,- წერია კრამონის განცხადებაში, რომელიც მის გვერდზეა გამოქვეყნებული.

ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ეკონომიკა ღრმა რეცესიაში შევიდა. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

 

2020 წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინო ზომების გამო საწარმოების საქმიანობის შეჩერების შედეგად ევროზონის ქვეყნების ეკონომიკა 3,8%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირის ყველა ქვეყნის ეკონომიკა 3,5%-ით.

 

კორონავირუსისგან გამოწვეული ეკომიკური კრიზისი უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე 2008 წლის გლობალური კრიზისი.

ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან, ანდჟეი ჰალიცკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლოს. მისი თქმით, მათი არგათავისუფლება ნიშნავს, რომ მარტის ხელშეკრულება დაირღვა და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.

 

„ჩვენ, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრები, მივესალმებით 8 მარტის ხელშეკრულებას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმდა. პოლიტიკური პატიმრების პატიმრობაში დატოვება ნიშნავს, რომ შეთანხმება დაირღვა და სამართლიანი არჩევნები არ იქნება. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!“ - წერს ჰალიცკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ევროპარლამენტარი გერმანიიდან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი მაიკლ გელერი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები, საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან.

 

„ისინი ბედს ცდიან, კვლავ ელიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. დიახ, ისინი ელიან. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს“,- წერს გელერი. მისივე თქმით, ყველა პარტიამ უნდა დაიცვას 8 მარტის შეთანხმების შინაარსი და სულისკვეთება. „ეს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ნამდვილი ზრახვების ლაკმუსის ტესტია“,- წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ განცხადება გააკეთა ასევე სენატორმა ჯიმ რიშმა. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

 

„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშერულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში.

ევროკავშირის 12 ქვეყანა ევროკომისიას სთხოვს, გააუქმოს ნორმა, რომელიც ავიაკომპანიებს გაუქმებული რეისების სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს.

 

ქვეყნების თხოვნის შესაბამისად, კორონავირუსის კრიზისის დროს გაუქმებული რეისების სანაცვლოდ, მგზავრებს უნდა შესთავაზონ ვაუჩერები, რომლის მოქმედება გარკვეული დროით შეიზღუდება.

 

წერილის ავტორების აზრით ამგვარად თავიდან აიცილებენ ავიაკომპანიების გაკოტრებას და მოქალაქეებს მომავალში საჰაერო მოგზაურობის სტიმულს კვლავ მისცემენ.

 

წერილს ხელს აწერენ ირლანდია, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, პორტუგალია, კვიპროსი, საბერძნეთი, მალტა, ჩეხეთი, ბულგარეთი, ლატვია და პოლონეთი.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროკავშირი და მისი საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს, რეფორმების განხორციელების, COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და მის სოციალურ- ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებისთვის, 500 მილიონი ევროს ოდენობის თანხით ეხმარება. ამასთანავე, კუბილიუსმა აღნიშნა, რომ საქართველოს შემთხვევაში ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმების, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით.

 

„ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, რომ ჰქონდეს სასამართლოს სისტემის უმაღლესი სტანდარტი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერ აუცილებელს, რათა დავეხმაროთ საქართველოს და მის მოსახლეობას, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ღია დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის ეკონომიკის ზრდისა და კეთილდღეობის შედეგად. 2020 წლის მარტის კრიზისის საწყის ეტაპზევე ევროკავშირი საქართველოს გვერდით იდგა. მან დაუყოვნებლივ დაიწყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და მცირე და საშუალო წარმოების ლიკვიდურობის ზრდა ჯამში 90 მილიონი ევროს მოცულობით. გარდა ამისა, მიაწოდა სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის, ვენტილატორები, ლაბორატორიული ნაკრები, ნიღბები, დამცავი სათვალეები, სამედიცინო ხალათები და დამცავი კომბინიზონები ვირუსთან საბრძოლველად და ეს დახმარება საქართველოს იმ ტრენინგების პარალელურად გაეწია, რომელიც სამედიცინო და ლაბორატორიული სფეროს თანამშრომლებისთვის იყო ორგანიზებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგაიზაციასთან ერთად. მიზანმიმართული გრანტები დაეხმარება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოებას, კონკრეტულად კი კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ფენას, სოციალურ მეწარმეობას, სოციალურ სერვისებსა და ადამიანის უფლებების დაცვას,“- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

 

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ 2020 წლის აპრილში ევროკავშირმა საქართველოსთვის დახმარების პაკეტი გასცა 183 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის სახით, საქართველოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებისთვის.

 

„სახსრების ნაწილი წავა ქართული ბიზნესისთვის ლარის კრედიტზე წვდომის გასამარტივებად, ასევე ბიზნესის სტიმულირებისა და ხელახლა ამუშავებისთვის. აღნიშნული დახმარება გეწეული იქნება ჩვენს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, რომლელიც მუშაობენ ადგილობრივ ბანკებთან და საკრედიტო ინსტიტუტებთან. მოგვიანებით, აპრილში ევროკავშირმა ასევე, დაამტკიცა დამატებითი დახმარება 150 მილიონი ევროს ოდენობის სესხის სახით საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურების მიზნით, რაც ქვეყანას მოსახლეობის დაცვასა და კრიზისის სოციო-ეკონომიკური შედეგების შერბილებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის დახმარების ხარჯების ნაწილი დაკავშირებული იქნება განსაკუთრებულ პირობებთან საქართველოსთვის, კონკრეტულად მიმდინარე რეფორმების დანერგვასთან კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემისა და საარჩევნო რეფორმის მიმართულებით,“- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

 

მან ასევე განაცხადა, რომ დამატებით საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადაწყვეტილება მიიღი, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი პროგრამა 345 მილიონი ევროთი გაზარდოს, საიდანაც 280 მილიონზე მეტი 2020 წელს გამოიყოფა.

ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერების მიმართვაა გაერთინებული. „ევროპა თქვენ ხართ, ევროპა ჩვენ ვართ, ჩვენ ყველა ერთად ევროპა ვართ-ერთიანობა გვაძლიერებს“,- წერს მიშელი.

 

„ევროპა ნიშნავს თავისუფლებას, ტოლერანტობას, ღიაობას, მრავალფეროვნებას, პატივისცემას, ინოვაციას, კრეატივს, დინამიკას, სოლიდარობას, ერთობას“,- აცხადებს ვიდეომიმართაში მიშელი

 

„ჩვენი მიზანია ევროპა ამ პანდემიისგან და კორონავირუსისგან უფრო ძლიერი გამოვიდეს. ჩვენ ამაში ჩვენ წვლილს შევიტანთ“,- აცხადებს გერმანიიის კანცლერი, ანგელა მერკელი.

 

„გაბედო, ხელახლა გამოიგონო და გაერთიანდე, იფიქრო და იმოქმედო მომავლისთვის - ეს ევროპული სულია“, - აცხადებს მიმართვაში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

 

„ამ კრიზისის ფონზე, მე ვხედავ ევროპას, როგორც ჩვენს საერთო სახლს, ჩვენს თავშსაფარს“, - ამის შესახებ კი ესპანეთის პრემიერ მინისტრი აცხადებს.

 

ვიდეოში არის იტალიის პრემიერის, მიმართვაც.

 

„რობერტ შუმანმა თქვა: ევროპა მთლიანად უცებ ვერ შეიქმნება, ან ერთი გეგმით ვერ შედგება. ჩვენ უნდა ავაშენოთ ის კონკრეტული მიღწევებით, რომელიც პირველ რიგში ქმნის სოლიდარობას. ევროპას ეს სულისკვეთება სჭირდება, რომ კრიზისი დაძლიოს“, - აცხადებს ჯუზეპე კონტე.

 

ცნობისთვის, 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. 1950 წელს, 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა ევროპული ინტეგრაციის იდეა წამოაყენა, ამიტომ 9 მაისის ევროპის კავშირის დაბადების დღედაა მიჩნეული.

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში გენდერული თანასწორობისა და საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების დაცვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის პანდემია უპრეცედენტო გამოწვევაა, რომელიც აიძულებს ქვეყნებს, მოქალაქეებსა და მთავრობას ჩვენი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალონ.

 

„პანდემიის ნეგატიური შედეგები განსაკუთრებით რთულია დაუცველი ადამიანებისთვის. ჯანმრთელობისა და ეკონომიკის სფეროში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად გადაუდებელი და აუცილებელი ზომების მიღებისას არავინ უნდა გამოგვრჩეს, მათ შორის არც ის, ვინც უკვე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, იძულებით გადაადგილებულია, შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, გენდერული და ოჯახური ძალადობის მსხვერპლია ან უსახლკარო ბავშვია თუ ზრდასრული.

 

ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერით მთავრობა, სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოებისგან შემდგარი ორგანიზაციები პანდემიის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტები, მათ შორის „სწრაფი რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, საშუალებას აძლევს მათ, დაუყოვნებლივ დაეხმარონ მოწყვლად ჯგუფებს. მსგავსი კრიზისის დროს, დემოკრატიული საზოგადოების ყველა ჯგუფი გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ პლურალისტული სამოქალაქო საზოგადოებისთვის ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ხელშემწყობი გარემოს არსებობა. არავინ არის დაზღვეული ამ პანდემიის შედეგებისგან და არავინ უნდა გამოგვრჩეს.

 

გენდერული თანასწორობა ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპი და ძირითადი ღირებულებაა. საზოგადოების ყველა ნაწილში კარანტინს, იზოლაციას და თანდართულ ფინანსურ სტრესს თან სდევს გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის შემთხვევების გაგრძელებისა და ზრდის აშკარა საფრთხე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყველა ბავშვს, უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა. ამავდროულად, არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ამ რთულ დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უზრუნველყოფილი იყოს სათანადო სამედიცინო დახმარება და განათლება, ეკონომიკური მხარდაჭერა და ნებისმიერი შესაძლო დისკრიმინაციისგან დაცვა.

 

მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო სერვისების და ხელმისაწვდომი დახმარების შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებას ოჯახების, ცალკეული ადამიანების და თემების პრობლემების შესამსუბუქებლად. მისასალმებელია, რომ დახმარების სამსახურები, როგორიცაა სატელეფონო ხაზი „112“ და თავშესაფრები, ხელმისაწვდომია გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის და კრიზისულ სიტუაციაზეა მორგებული. ასევე მისასალმებელია შემდგომი ზომები, როგორიცაა მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება მათი ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ისევე როგორც ნდობის მშენებლობა სახელმწიფოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება.

 

ასევე გვინდა აღვნიშნოთ ის მძიმე ტვირთი, რომელიც ამ კრიზისის შედეგად დააწვა ბევრ ქალს, ვინც წინა ხაზზე მუშაობს ვირუსით მეტად მოცულ სფეროებში, ჯანდაცვასა და სოციალური სერვისებში. ამავდროულად, არის მოლოდინი, რომ ისინი თავიანთ ოჯახებზეც იზრუნებენ მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღები, დღის ცენტრები, სკოლები და სერვისები ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აღარ არის ხელმისაწვდომი.

 

საქართველოს მიერ ამ კრიზისის დაძლევის საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და კვლავ აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რეაგირებას. კორონავირუსის დაძლევისთვის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის მიერ ზომების მიღების და სტრატეგიების შემუშავების პარალელურად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მკაფიო გენდერულ ანალიზს საქართველოს მიერ პანდემიის ამ ერთ-ერთ მთავარ, ნეგატიურ გვერდით ეფექტთან წარმატებით გამკლავებისთვის“, - აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?