ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

 

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძე ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება. დეპუტატის განმარტებით, ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ ტექსტს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც მათ ცვლილებების პროექტი მოამზადეს.

 

"ჩვენი ცვლილებები ეხებოდა პოლიტიკურ დევნას, გიგი უგულავას ბოლოდროინდელ საქმეს, მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს. მხედველობაში გვაქვს ავთანდილ წერეთელი, გიორგი რურუა, ნიკა გვარამია, ასევე, გუმბარიძის საქმეზე გამოძიება. იყო 20 ივნისის ამბები, რა თქმა უნდა, ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, სასამართლოში მიმდინარე მძიმე პროცესები და ყველა ეს ცვლილება ჩვენ გავიტანეთ. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს ყველა ცვლილებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნებამ ჩააგდო ჩვენი ცვლილებების პროექტი და შემდგომ დააყენეს თავიანთი ცვლილებები და მათ მიერ დაყენებულ ყველა ცვლილებას უპასუხა უარით ევროპარლამენტარმა", - ამბობს ოთო კახიძე.

 

საპარლამენტო ასოცირების საბჭოს თანათავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა იმედთან საუბრისას აღნიშნა, რომ ცვლილებების ნაწილი, რომელიც ევროპარლამენტისა და ქართული მხარის მიერ იყო წარმოდგენილი არ იყო კონსტრუქციული. მისი განმარტებით, ბევრი რამ მეორდებოდა და ეხებოდა შიდა პოლიტიკურ სიტუაციას.

 

"ძალიან დასანანია, რომ არ გვაქვს განცხადება, ვინაიდან რა შეხვედრებიც გამართულა ევროპარლამენტსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ორგანოს შორის სრულდებოდა განცხადების მიღებით. ჩემთვის როგორც თანათავმჯდომარისთვის მნიშვნელოვანია დაბალანსებული დეკლარაცია, ის უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ ასევე დაბალანსებული", - თქვა მარინა კალიურანდმა იმედთან საუბრისას.

 

ქართული ოცნების დეპუტატი, ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ეს ძალიან ცუდი შედეგია.

 

"მინდა აღვნიშნო, რომ ის ძალისხმევა, რასაც ოპოზიცია ხარჯავს, ქვეყნის უარყოფით ნაწილზე და ქვეყნის გაშავებაზე, ის რომ ქვეყნის განვითარებისკენ მიმართოს, ბევრად უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, ის პროცესები, რასაც თვითონ აკეთებენ, სასირცხვილოა, ეს არის ძალინ ცუდი შედეგი",- აცხადებს დავით სონღულაშვილი.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.