აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტზე კელი კრაფტის კანდიდატურა წარადგინა.

 

„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ კელი კრაფტს, კანადაში ჩვენს ელჩს, წარვადგენ გაერო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე. კელიმ შესანიშნავი სამუშაო განახორციელა თავის ამჟამინდელ პოსტზე. ეჭვი არ მეპარება, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა გაერო-ში უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ გაერო-ში აშშ-ს ელჩი ნიკი ჰეილი 2018 წლის ოქტომბერში გადადგა თანამდებობიდან.

 

2018 წლის 7 დეკემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ ვაკანტურ პოსტზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს ჰიზერ ნაუერტს წარადგენდა, თუმცა გასულ კვირას ჰიზერ ნაუერტმა უარი განაცხადა ამ პოსტის დაკავებაზე ოჯახური მიზეზების გამო.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.