ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი გმობს თბილისში 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას ძალადობის შემცველი ინციდენტებსა და არასათანადო მოპყრობას მედიის წარმომადგენლების მიმართ. მისი განცხადებით, ჟურნალისტების უსაფრთხოება ყოველთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

 

ეუთოს ანგარიშის მიხედვით, 20 ივნისს, მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა „როიტერსიდან“, „რადიო თავისუფლების“ საქართველოს ბიუროდან, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან, Civil.ge-დან, ტელეკომპანია პირველი არხიდან, ტელეკომპანია TV Pirvelli-დან, Kavkazsky Uzel-იდან, Netgazeti.ge-დან, OC Media-დან, Maestro TV-დან, Adjara TV-დან და Interpressnews.ge-დან მიიღეს სერიოზული დაზიანებები, ძირითადად, სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებისგან. მათ თავს დაესხნენ, დააკავეს ან მათი აღჭურვილობა დააზიანეს მაშინ, როცა ისინი აშუქებდნენ თბილისში მიმდინარე დემონსტრაციას.

 

„ვგმობ გუშინ ღამით თბილისში მიმდინარე დემონსტრაციისას მედია წარმომადგენლებზე ყველა სახის ძალადობასა და თავდასხმას, როგორც სერიოზულ დაბრკოლებას პლურალიზმისა და მედიის თავისუფლებისთვის. მედიას აქვს უფლება, გააშუქოს საჯარო ღონისძიებები და სამართალდამცავებმა პატივი უნდა სცენ ჟურნალისტების უფლებას, ყოველთვის თავისუფლად და უსაფრთხოდ გააშუქონ მოვლენები“, - განაცხადა დეზირმა.

 

მან აღნიშნა, რომ Civil.ge-ს ფოტოგრაფმა გურამ მურადოვმა რეზინის ტყვიებისგან ზურგში 11 ჭრილობა მიიღო, „რუსთავი 2“-ის რეპორტიორმა თამარ ბაღაშვილმა ძვლის მოტეხილობა მიიღო, გიორგი სულაშვილმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის გუნდისთვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, თვალი დაკარგა და ყბის მოტეხილობა მიიღო.

 

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებთან მიმართებით ყველა ინციდენტი და კანონის ფარგლებში ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს. ასევე, მოვუწოდებ, მიიღონ ყველა სასწრაფო ზომა იმისათვის, რომ მომავალში ასეთი ინციდენტები არ განმეორდეს და ხელისუფლებამ მედია ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რათა დემონსტრაციებისას ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.