თურქეთი არასდროს დაუშვებს, რომ ისრაელის მიერ გოლანის მაღლობების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაცია მოხდეს, - ასე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განზრახვას, გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს.

 

„აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამწუხარო განცხადებამ, გოლანის მაღლობების ირგვლივ, რეგიონი ახალი კრიზისის ზღვარზე დააყენა. თურქეთი არასოდეს დაუშვებს, რომ ისრაელის მიერ გოლანის მაღლობების უკანონო ოკუპაცია ლეგიტიმიზირებული იყოს“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დროა აშშ-მ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს“.

 

„გოლანის მაღლობებს სტრატეგიული და უსაფრთხოების მნიშვნელობა აქვს ისრაელისთვის და რეგიონული სტაბილურობისთვის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშში გოლანის სიმაღლეები არ იყო მოხსენიებული, როგორც ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. ანგარიშში აღნიშნული ტერიტორია მოხსენიებული იყო, როგორც ისრაელის მიერ კონტროლირებადი. შეგახსენებთ, რომ გოლანის სიმაღლეებს, რომელიც სირიას ეკუთვნოდა, ისრაელი 1967 წლის 6-დღიანი ომის შემდეგ აკონტროლებს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.