აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტის აშშ-ში ჩატარება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენმა განაცხადა.

 

„არ ვიცი, იქნება ეს ივნისის ბოლო კვირა თუ არა, მაგრამ სადღაც ივნისის ბოლოს თეთრ სახლში სამიტის ჩატარება ჩვენი მიზანია“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

კეილი მაკინენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ სამიტის ჩატარება პანდემიის შემდეგ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესანიშნავი მაგალითი იქნება.

 

„პრეზიდენტს სურს, რომ ეს სამიტი გაიმართოს იმის ფონზე, რომ ამერიკა იხსნება. ჩვენ დავიცავთ მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც აქ ჩამოვლენ. გვსურს, რომ ეს სამიტი შედგეს და ვფიქრობთ, რომ შედგება“, - დასძინა კეილი მაკინენმა.

 

20 მარტს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომელიც ვაშინგტონში 10-12 ივნისს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გააუქმა და რომ იგი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.