რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებულ პირთა მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

 

მისია ყურადღებით აკვირდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს. მისიის საპატრულო ჯგუფები 24 აგვისტოს შემდეგ მუდმივად იმყოფებიან რაიონში.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ 20-24 აგვისტოს შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტმა სოფელ წნელისის განაპირას ახალი ქართული სათვალთვალო საგუშაგო მოაწყო, რომელიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან 240 მეტრის მოშორებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

 

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გასულ კვირას ასევე მოაწყვეს რამდენიმე ახალი პოზიცია და დააყენეს „მწვანე ნიშნები“ და დროშები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.