Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.8661
EUR
3.19
RUR
0.0454
GBP
3.7821

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას; არ შევეგუებით უსამართლობას და ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით დავიცავთ „თიბისის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

მისი თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რამე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

 

„მეგობრებო, უკვე 8 თვის განმავლობაში, თიბისის, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა, სები ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით და დღეს უკვე წარმატებულ, საერთაშორისო, ლონდონში ბაზირებულ, მრავალმილიარდიან ორგანიზაციად იქცა, თიბისელების გუნდი 10,000-მდე ადამიანს ითვლის და სიამაყით და იმედით უყურებს მომავალს. დღეს თიბისი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს თანატოლია, ბიზნეს სამყაროში მსოფლიო დონისა და სტანდარტების მქონე კომპანიაა, ინსტიტუტი, რომლითაც ყველა ქართველს შეუძლია იამაყოს. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS მა შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რამე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას. არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ „თიბისის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში. დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან. კვლავაც იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს და მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს მხადაჭერისთვის!“, - ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

 

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

სესხის გამცემმა სუბიექტებმა უნდა დაიცვან კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

 

ეროვნული ბანკი მოსახლეობას ახსენებს, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, პირი, რომლის მიმართ 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება და ამავდროულად გასცემს სესხებს, ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში.

 

„სესხის გამცემმა სუბიექტებმა უნდა დაიცვან კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, 200 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა გასცენ, დაიცვან მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-იანი ზღვარი, რეგულირებით დადგენილ შემთხვევებში, სესხი გასცენ მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის ფარგლებში, მოახდინონ მსესხებლის სწორი ინფორმირება და სხვა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცალკეული სუბიექტები სავარაუდოდ ცდილობენ, თავი აარიდონ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის, რეგისტრაციის კუთხით და მოჩვენებითად გააგრძელონ იგივე საკრედიტო საქმიანობა, რაც, გარდა სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, შესაძლოა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან შესწავლის საგანი გახდეს. ასევე, ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში, შესაძლოა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თვალს ადევნებს მისი კომპეტენციის სფეროში მიმდინარე პროცესებს და, საჭიროების შემთხვევაში, განიხილავს დამატებითი ღონისძიებების განხორციელების საკითხს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღგ-ს დაბრუნების რეფორმა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძალიან პრინციპული ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ გადადგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საკითხს კერძო სექტორი ყოველთვის უმთავრესი პრობლემების სამეულში ასახელებდა.

 

“ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. დღგ არის გადასახადი, რომლის ზედმეტობა ბიუჯეტმა აუცილებლად უნდა დააბრუნოს, ეს მეწარმის ფულია. 2013 წლამდე, თუ მეწარმე აგროვებდა ზედმეტობას, მისი დაბრუნების მოთხოვნისას ორი სცენარი ჰქონდა. კარგ შემთხვევაში მასთან შემოსავლების სამსახური შევიდოდა შემოწმებაზე და, როგორც წესი, ეს მეწარმისთვის ძალიან მძიმედ მთავრდებოდა; ან შევიდოდა ფინანსური პოლიცია და მეწარმე კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მიიღებდა. ეს ჩვენმა ბიზნესსაზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ სიტუაცია - მიუხედავად იმისა, რომ დღგ არის 18%, ეს იქცა ძალიან მძიმე ტვირთად ქართველი მეწარმეებისთვის. დღგ-ს გადასახადი სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. თუ ჩვენ ავიღებთ კონკურენციას იმპორტიორსა და ადგილობრივ მწარმოებელს შორის, იმპორტიორს ეს არ აწუხებდა, ადგილობრივ მეწარმეს კი დღგ-ს დაუბრუნებლად ექნებოდა ნაკლები თანხა საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად, შესაბამისად, მისი ხარჯები გაიზდებოდა და მისი ბიზნესმოდელი ხდებოდა ნაკლებად კონკურენტუნარიანი, რამაც ძალიან ბევრ სექტორში ჩვენ მძიმე შედეგები მოგვიტანა”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება მიზნად ფინანსთა მინისტრობისას დაისახა. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს მეწარმეებს დაუბრუნდათ 527 მილიონი ლარი, რაც ისტორიული მაქსიმუმია და ძალიან დიდი წარმატება იყო .

 

“მიმდინარე წლის იანვრიდან კი გადავედით ავტომატური დაბრუნების რეჟიმზე. ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტი დავაბრუნოთ წელს და მინიმალური ბიუროკრატიით, ადამიანის მინიმალური ჩარევით. სისტემა აწყობილია ისე, რომ დღგ-ს დაბრუნების დიდი ნაწილი მოხდება ავტომატურად და ეს იქნება ძალიან დიდი შეღავათი ჩვენი მეწარმეებისთვის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, „თიბისი ბანკის“ 2007-2008 წლების ტრანზაქციების შესწავლისას გამოვლინდა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.

 

სებ-ი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნას განმარტავს. განცხადებას „გლობალპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

 

ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არც ერთი აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.

 

ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.

 

ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „თიბისი ბანკი“, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. „თიბისი ბანკი“ ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული „თიბისი ბანკზე“.

 

„თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც „თიბისი ბანკის“ შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The telegraph-მა საქართველო 2019 წლის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

“საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. მაღალი მთებით, უძველესი მონასტრებით, სტუმართმოყვარე ხალხით ცნობილი საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც შეგიძლიათ ტურისტულ ბილიკებს გაჰყვეთ და ისიამოვნოთ.

 

გასულ წელს საქართველოში 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ლონდონსა და ქუთაისს შორის დანიშნული პირდაპირი ავიარეისის შედეგად 2019 წელს საქართველოს თოვლით დაფარულ მწვერვალებს, მდელოებზე ხალიჩასავით მოფენილ ვენახებს და ლამაზ ქალაქებს ბევრი სტუმარი გამოუჩნდება", - წერს ჟურნალისტი გევინ ჰაინესი.

 

ბრიტანელმა ჟურნალისტმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საშუალებით იმოგზაურა.

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5,6% შეადგინა, ხოლო 2018 წლის საშუალო რეალური ზრდა 4,8%-ით განისაზღვრა.

 

საქსტატის განმარტებით, წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში.

 

უწყების ცნობით, კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების დარგში, ასევე ტრასპორტის და საფინანსო საქმიანობის დარგებში.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის რეგულირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

 

„რაც შეეხება გაზის დირექტივას, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს შესაძლებელი გახდა იმის დამსახურებით, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა მჭიდროდ ითანამშრომლეს“, - აღნიშნა მერკელმა. თუმცა, მას მიღწეული კომპრომისის შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

 

ბერლინი და პარიზი შეთანხმდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებებს გერმანია მიიღებს.

პროექტი დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ სატრანზიტო ტვირთების ბრუნვა მშრალ ტვირთზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პეის ტერმინალის" პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულების ხელმოწერის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მინისტრის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, ბევრად უფრო დიდი სატრანზიტო ტვირთების გამტარებელი ქვეყანა გახდეს.

 

„ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენთვის. ეს პროექტი დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ სატრანზიტო ტვირთების ბრუნვა მშრალ ტვირთზე, კერძოდ სასუქებზე, რომელიც მოდის ცენტრალური აზიიდან. საქართველოში გვაქვს პოტენციალი, გავხდეთ ბევრად უფრო დიდი სატრანზიტო ტვირთების გამტარებელი ქვეყანა. შესაბამისად, ამ პორტისთვისაც და ანაკლიისთვისაც საკმარისი იქნება ტვირთები", - განაცხადა ქობულიამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 30 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 პროცენტს შეადგენს.

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდებოდა. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.5 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს.

 

„გასული წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი დაიწყო. საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკების შემცირებასთან ერთად, კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ შესუსტდა ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. იმის გათვალისწინებით, რომ ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება. არსებული პროგნოზები წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომ შემცირებას ითვალისწინებს. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის (ნორმალიზაციის) პროცესის ტემპი დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება პოტენციური დონიდან მოთხოვნის ჩამორჩენა, ხოლო მეორე მხრივ, თუ რამდენად ძლიერი იქნება საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკები.

 

საგარეო სექტორის დადებითი ტენდენციები 2018 წლის ბოლოსაც გაგრძელდა. საქონლის ექსპორტის წლიურმა ზრდამ 2018 წელს 23 პროცენტი შეადგინა, ხოლო ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 18 პროცენტით გაიზარდა. თუმცა, წლის მეორე ნახევრიდან როგორც საგარეო, ისე შიდა მოთხოვნის ზრდის ტემპებში, გარკვეული შენელება შეინიშნებოდა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 13 მარტს გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია „Elbit Cyclone“-ის ერთობლივი პროექტის, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანამ ( ATC ) პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით პირველი დოკუმენტი გააფორმა.

 

როგორც „გლობალპრესს“ საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, საქართველოში წარმოებული პირველი პროდუქცია მსოფილიო ავიაგიგანტ „Boeing “-სთვის დამზადდა.

 

„მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული პროდუქციის შესყიდვის შესახებ პირველი დოკუმენტი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანაში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი კომპანია „ელბიტ საიკლონის“ დირექტორმა დევიდ ვიდანმა და ATC - ის დირექტორმა არი ვეისბორტმა მოაწერეს.

 

საწარმომ სატესტო რეჟიმში მუშაობა დაასრულა და სარეალიზაციოდ პირველი პროდუქციის გამოშვება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის ქარხანაში 120-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადება ისრაელის კომპანია „ელბიტ საიკლონის“ სპეციალისტებთან გაიარეს. სწავლება ეტაპობრივად გრძელდება. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ საწარმო სულ 300-მდე ადამიანს დაასაქმებს.

 

ამ დროისთვის ქარხანაში (ATC) სერტიფიცირების პროცესი დასრულებულია. ამიერკავკასიაში პირველი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწლების ქარხანა ISO-ს სერთიფიკატსა და მსოფლიო ავიაციის უმსხვილესი ავიაკომპანია „Boeing“-ის შესაბამისობის სერთიფიკატს ფლობს“, - ნათქვამია საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის და პროექტის მენეჯერის ნინო ჩოლოყაშვილის თქმით, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისთვის საუკეთესო მაგალითია.

 

თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი „საპარტნიორო ფონდმა“ ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ჩაუყარა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი დოლარია. საუბარია საწარმოზე, რომელიც საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების მაღალი სტანდარტის შესაბამის ნაწილებს, მათ შორის, თვითმფრინავის კარებებს, აეროდინამიკურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებს და სხვა ნაწილებს ამზადებს. აღნიშნულ პროდუქციას საწარმო არამხოლოდ Boeing-ს, არამედ თვითმფრინავების მწარმოებელ ისეთ ცნობილ კომპანიებს მიაწვდის, როგორებიცაა: Airbus, Bombardier და სხვა.

ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ პეის ტერმინალის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე განაცხადა.

 

„დღეს ყველანი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე ვართ. ხელი ეწერება ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა და „პეის ჯგუფს“ შორის ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების თანახმად, ქალაქ ფოთში აშენდება ახალი პორტი და ტერმინალი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი სტრატეგიის მთავარი მიზანი გახლავთ, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონისთვის ეკონომიკურ ცენტრად, ხოლო ამ ყველაფერში ლოგისტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება თანამედროვე სატერმინალო კომპლექსი, რომელიც განსაკუთრებულ ცვლილებებს მისცემს ქვეყნის და რეგიონალურ ეკონომიკასაც. დარწმუნებულ ვარ, ეს პროექტი გახდება ერთ-ერთი სამაგალითო არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონში. ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა ამ პროექტში და OPIC-ის მიერ გამოყოფილი 50 მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-სთვის საქართველო არის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეკონომიკური განზომილება ხდება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ჩვენს ურთიერთობაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისივე თქმით, OPIC-ს ძალიან დიდი ღვაწლი აქვს საქართველოს ეკონომიკაში. პრემიერმა გაიხსენა ის წლები, როცა OPIC იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო ინვესტიციების განხორციელება საქართველოში.  მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, OPIC-ს საქართველოში ინვესტირებული აქვს 600 მილიონზე მეტი აშშ დოლარი, რომელიც 60-მდე პროექტის რეალიზაციას მოხმარდა.

 

პრემიერმა აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა. პრემიერის თქმით, OPIC-ს აქვს მნიშვნელოვანი გეგმები საქართველოში ინვეტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში, მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს მიზანი, საქართველო გახდეს რეგიონალურ-ეკონომიკური ცენტრი და რეგიონული ჰაბი ლოგისტიკასა და ტრანსპორტში“, - განაცხადა ბახტაძემ.

სახელმწიფოს ლეგიტიმურობა პოლიტიკური წესრიგისა და სტაბილურობის საფუძველია. ლეგიტიმურობა ცენტრალურ როლს თამაშობს სუსტი, წარუმატებელი თუ პოსტკონფლიქტური სახელმწიფოს გაძლიერებაში. როდესაც მთავრობას ლეგიტიმურად თვლის ხალხი, ადგილი არ აქვს არც საპროტესტო აქციებს და არც საზოგადოების მღელვარებას.

 

ლეგიტიმურობა სპეფიციკური ფასეულობაა, რომელსაც მოქალაქეები აკუთვნებენ იმ პირს თუ ჯგუფს, რომელთა მიმართ გააჩნია მყარი რწმენა, განმტკიცებული ნდობა და მხარდაჭერის ნება. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ განვითარებაზე. ასევე წარმოადგენს ეკონომიკური ზრდისა და ეფექტიანი მართვის მძლავრ მაჩვენებელს.

 

ლეგიტიმურობის შეფასებისათვის გამოიყოფა შემდეგი კრიტერიუმები: ქვეყანაში წარუმატებლობა რამდენ სფეროშია; ხელისუფლებას შეუძლია თუ არა დაიცვას თავისი საზღვრები; როგორია მოქალაქეთა უფლებების დაცვა; სახელმწიფო რამდენად აკმაყოფილებს საზოგადოების საჭიროებებს; როგორია ფასები და ვალუტის კურსი; რა სიდიდისაა მშპ-ის მოცულობა და ეკონომიკური მაჩვენებლები; როგორია მთავრობასა და მოქალაქეებს შორის დისტანცია; რამდენად „შორს მოძრაობს“ ხელისუფლება.

 

მოქალაქეებისაგან ლეგიმურობის მიღება შესაძლებელია შემდეგი გზით (weber):

 

1. ტრადიციული ლეგიტიმურობა. როდესაც სოციო-კულტურული ისტორიული ევოლუციის შედეგმა მოიტანა სამართლიანი წესრიგი;

 

2. რაციონალურ-სამართლებრივი ლეგიტიმურობა. ქვეყანაში ფართოდ აღიარებულია კონკრეტული წესების სისტემა, რომელიც მხარდაჭერილია კონსტიტუციით (მაგ.: როგორც აშშ-ია).

 

3. ქარიზმატული ლეგიტიმურობა. როდესაც ქვეყანას ჰყავს აღიარებული ლიდერი.

 

მთავრობისადმი ნდობას დიდი მნიშვნელობა გააჩნია ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. თუ მოქალაქეების ნდობა მთავრობისადმი დაბალია, იზრდება ხელისუფლების კრიტიკა და მათდამი პროტესტი.

 

ხელისუფლების ლეგიტიმაცია მაშინ ქრება, როდესაც კორუფციის გარშემო კითხვები ჩნდება, როდესაც მართველი ელიტა მარცხდება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან.

 

სუსტი ან უუნარო მდგომარეობა ვერასდროს გახდება მხარდაჭერის მიზეზი. ლეგიტიმაციის გარეშე სახელმწიფო განიცდის წარუმატებლობას. ასევე, წარუმატებლობას განიცდის ნაციონალური მშენებლობის პროექტები, სტაბილურობის პროგრამები და პოსტკონფლიქტური მდგომარეობის რეკონსტრუქცია. ამასთან, ლეგიტიმაციის ზრდასთან ერთად ასეთი რისკები იკლებს.

 

კვლევები ადასტურებს, რომ კანონიერად არჩეული ხელისუფლებაც შეიძლება სუსტი ლეგიტიმაციის იყოს, რადგან ლეგიტიმურობას „ტექნიკური საკითხები“ არ განისაზღვრავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ სუსტი ლეგიტიმაციის ზრდაც რისკიანი. როდესაც „ხელოვნურად“ ზრდიან სუსტ ლეგიტიმაციას, ავტომატურად იზრდება რევოლუციური განწყობაც. ასეთი განწყობის პრევენციას მოსდევს ან სრული პოლიტიკური ცვლილება ან ადგილი აქვს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ერთპიროვნული მართვის ფორმირებას.

 

საქართველოში, ხელისუფლების ლეგიტიმაციას განსაკუთრებით ასუსტებს მმართველობით რგოლში მყოფი პირები, რომელთაც ათწლეულებია მოცული აქვთ მხოლოდ „საკუთარი კაბინეტი“ და მიღწევების მაქსიმუმი არის მხოლოდ “ქაოსში მართვა”. მათი მართვის რესურსი მწირია, ორგანიზატორობა სუსტი, ხოლო ინსტრუმენტები დაბლაგვებული. მართალია, თანამდებობაზე ყოფნა მათ „პოპულარობას უნარჩუნებს“, თუმცა საზოგადოება კარგად ათვიცნობიერებს, რომ სუსტი ორგანიზატორობის პირობებში ქვეყანა ვერ განახლდება, ხოლო მათზე დახარჯული საბიუჯეტო სახსრები კი ფუჭი და არაფრის მომცემი იქნება.

 

ჯამში აღვნიშნავ, რომ ლეგიტიმურობის ზრდისათვის:

 

1. დაცული უნდა იყოს ხალხის ძირითადი უფლებები. განმტკიცებული იქნას აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების დაცულობა. ხოლო ცილისწამების წინააღმდეგ პრევენციის ღონისძიებები არ უნდა მოექცეს სისტემურ ცენზურასა და „პოლიტიკურ სარჩულში“;

 

2. უზრუნველყოფილი უნდა იქნას დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისათვის დამახასიათებელი პრინციპები;

 

3. გარანტირებული უნდა იყოს კანონის უზენაესობა და პოლიტიკურ პროცესებში ფართო ჩართულობა. შეცვლილი იქნას დამთრგუნველი პოლიტიკა და მმართველობა;

 

4. ათვისებული უნდა იქნას ორგანიზატორული უნარ-ჩვევებით გამორჩეული პირები. ქვეყანას ორგანიზატორები, ხოლო დარგებს ახალი ლიდერები სჭირდება.

 

 და ბოლოს, ქვეყნის წარმატების ფორმულა ადამიანურ რესურსშია. ქვეყნის განვითარების ერთადერთი რეცეპტი არის ეფექტიანი ორგანიზატორები, პროდუქტიული მმართველობა და ქარიზმატული პოლიტიკური მოცემულობა. მხოლოდ მათი გაახლების მოცემულობის პირობებში გაიზრდება მოქალაქეების, ადგილობრივი თუ უცხოური ბიზნეს სუბიექტების შემოსავლები. არსებულ ფონზე აქცენტები უნდა გაკეთდეს ქარიზმატულ და ენერგიულ პირებზე.

 

 

 

ავტორი: ეკონომიკის დოქტორი,

პროფესორი რატი აბულაძე

არქივი

« « » » December 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?