Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9781
EUR
3.3
RUR
0.0467
GBP
3.8549

საპარტნიორო ფონდის სუბორდინირებული სესხის არც ერთი თეთრი არაა ათვისებული, - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ თანხის ათვისება ხდება მხოლოდ ბანკებთან ფინანსური დახურვის შემდგომ, ისიც გარკვეული პირობებით.

 

„ეს არის სუბორდირებული სესხი, რომელსაც პროექტი გაისტუმრებს დროთა განმავლობაში. ამჟამად თანხები სრულად მობილიზებულია, ბანკებიდან უნდა მივიღოთ 400 მლნ დოლარი, 100 მლნ საპარტნიორო ფონდიდან. დანარჩენი 120 მლნ-დან 70 უკვე ინვესტირებულია პროექტში“, - განაცხადა ახვლედიანმა.

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გუნდი სასტუმრო „რედისონში“ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება და აცნობა ინფორმაციას ჩატარებული სამუშაოების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

საქართველოსთან ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის საკითხზე შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის NEXI პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ კომენტარი გააკეთა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

„ეს დიდი წარმატებაა. გვწამს, რომ ამ შეთანხმებით ხელს შევუწყობთ სამომავლოდ იაპონური კომპანიების საქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას საქართველოში. ასევე მჯერა, რომ დღევანდელ ფორუმში მონაწილე რამდენიმე იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას,” - განაცხადა NEXI - ის პრეზიდენტმა.

 

შეთანხმებაზე ხელმოწერა საქართველოსა და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე დღეს გაფორმებული შეთანხმება კიდევ უფრო წაახალისებს იაპონურ ინვესტიციებს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის (NEXI) პრეზიდენტ მასაფუმი ნაკადას შეხვედრაზე აღინიშნა.

 

როგორც „გლობალპრესს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მამუკა ბახტაძე მიესალმა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას და განაცხადა, რომ ის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

NEXI-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში იაპონური კომპანიების საქმიანობის დაწყებასა და გაფართოებაში.

 

ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის შესახებ შეთანხმება, რომელსაც საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის ფარგლებში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და NEXI-ის პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ მოაწერეს ხელი, ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად და იაპონიის კომპანიების მხარდაჭერას საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საქართველოში, რისთვისაც იაპონელ ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ექსპერტებს მიეწოდებათ შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტები.

 

მემორანდუმის პრიორიტეტული სფეროებია მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება, მეწარმეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტელეკომუნიკაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები, ვაჭრობა და ექსპორტის ხელშეწყობა, სახელმწიფო ქონების მართვა, სამშენებლო პოლიტიკა, ინვესტიციები, ა.შ.

 

NEXI იაპონიის სახელმწიფო საექსპორტო საკრედიტო სააგენტოა, რომელიც სადაზღვევო პროდუქტებით უზრუნველყოფს იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ კომპანიებს. NEXI-ის მისიაა, ხელი შეუწყოს იაპონიის საქონლისა და მომსახურების ექსპორტს, იაპონიის კომპანიების მიერ საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოებას და სხვა ქვეყნებიდან ბუნებრივი რესურსების სტაბილური მარაგების მოწოდებას ისეთი სადაზღვევო პროდუქტების მეშვეობით, როგორებიცაა საექსპორტო კრედიტის, ინვესტიციებისა და სესხის დაზღვევა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 24 დეკემბერს დაიწყო. ამასთან, ის სამუშაოები, რაც 2018 წლის მანძილზე ჩატარდა, ვერანაირად ვერ ჩაითვლება მოსამზადებელ სამუშაოებად,- ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოების ნაწილი დაგეგმილზე ადრე ჩატარდა .

 

„სამშენებლო პროცესი მიდის დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით. 600 მლნ დოლარი რაც სჭირდება ამ პროექტს მობილიზებულია. კონსორციუმი ყველაფერს აკეთებს რომ სწრაფად დასრულდეს მოლაპარაკებები, რომლებიც მიმდინარეობს მთავრობასა და ბანკებს შორის“, - განაცხადა ახვლედიანმა.

 

მისივე თქმით, „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულმა პროცესებმა ხელი შეუშალა ანაკლიის პროექტს.

 

„უცხოელმა ინვესტორებმა 500 მლნ დოლარის ნდობა უნდა გამოუცხადონ ქვეყანას და კონსორციუმს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და კონსორციუმს შორის არ იყოს დაპირისპირება და პროექტის შემსრულებელებს მხარს უჭერდეს მთავრობა. ამ შემთხვევაში მთავრობაზე არაა სამშენებლო რისკი, ამ რისკს იღებს კონსორციუმი. ჩვენ არ შეგვიწყვეტია ინვესტორებთან მუშაობის პროცესი, თუმცა, ჩემი აზრით, საჭიროა ამ ყველაფრს ნათელი მოეფინოა და დასრულდეს , რათა ჩვენ შევძლოთ პორტის აშენებისთვის შემდეგი ნაბიჯების გადადგმა", - აცხადებს ახვლედიანი.

 

ამჟამად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გუნდი სასტუმრო „რედისონში“ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება და ინფორმაციას აცნობს ჩატარებული სამუშაოების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

საქართველოსა და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას (NEXI) შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ეხმაურება.

 

გიორგი ქობულიას განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება აუცილებელია საქართველოში იაპონური ბიზნესის განვითარებისთვის.

 

„შეთანხმება, რომელიც იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიასთან (NEXI) გავაფორმეთ, აუცილებელია საქართველოში იაპონური ბიზნესის განვითარებისთვის. კმაყოფილები ვართ, რომ იაპონიასთან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, რადგან ის კიდევ ერთ ბიძგს მოგვცემს, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს არამარტო იაპონელების შემოსვლით საქართველოში, არამედ ქართული კომპანიების გააქტიურებით იაპონურ ბაზარზე, - განაცხადა გიორგი ქობულიამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

 

გიორგი ქობულიას განცხადებით, NEXI-სთან გაფორმებული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია იაპონური კომპანიებისთვის, რომლებიც ახალ ბაზრებზე შედიან. აღნიშნული ორგანიზაცია არის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია, რომელიც აზღვევს იაპონურ საინვესტიციო პროექტებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

 

„იაპონური ბიზნესი საკმაოდ სპეციფიკურია თავისი ბუნებით და რისკის აღქმით მხრივ, ამიტომ მათ სჭირდებათ გარანტირებული სადაზღვევო ინსტრუმენტის არსებობა, რომლითაც მოხდება კომპენსირება პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

შეთანხმება ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად და იაპონიის კომპანიების მხარდაჭერას საკუთრი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საქართველოში, რისთვისაც იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ექსპერტებს მიეწოდებათ შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტები.

 

NEXI იაპონიის სამთავრობო ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო სააგენტოა, რომელიც სადაზღვევო პროდუქტებით იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ კომპანიებს უზრუნველყოფს.

 

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და ვაჭრობის ხელშეწყობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) პრეზიდენტმა იასუში აკაჰოშიმ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც დღეს ტოკიოში გაიმართა.

 

როგორც „გლობალპრესს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევები იმ რეფორმებში, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად.

 

ხაზი გაესვა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გამოკვეთას. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი იაპონიაში ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

კარგად გვესმის, რომ ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების არსებობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იაპონიის ინვესტორებისთვის მომავალში ინვესტიციების განსახორციელებლად ქვეყნის შერჩევის დროს და ეს გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს მომავალში ხელშეკრულების ხელმოწერა ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას”, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონიაში საქართველო - იაპონიის ბიზნესფორუმზე მოხსენებით გამოსვლისას.

 

გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების მოლაპარაკებებმა საბოლოო ეტაპს მიაღწია და შეთანხმების ძირითად ტექსტზე მხარეები უკვე შეთანხმდნენ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ხანგრძლივი თანამშრომლობის მანძილზე იაპონიამ საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც საქართველოს მზარდი წამყვანი პარტნიორი, რომელიც დროულად და ეფექტურად ახორციელებს დახმარებას იაპონიის სახელმწიფო ორგანიზაციების - JICA-ს, JETRO-ს, NEXI-ს და სხვა ინსტიტუციების მეშვეობით ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაში.

 

“საქართველო შეუჩერებლად ყალიბდება რეგიონში სტაბილურ მოთამაშედ, სულ უფრო უახლოვდება ევროპას და წარმატებულ, მშვიდობიან და სტაბილურ დემოკრატიად განიხილება. შესაბამისად, ჩვენი სურვილია, რომ იაპონიამ აღგვიქვას რეგიონში საიმედო ბიზნესპარტნიორად და ქვეყნად, სადაც უზრუნველყოფილია სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატი”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

იაპონიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მასშტაბზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა შეთანხმებას შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტის გადამწყვეტი საერთაშორისო ლოგისტიკის ქსელის მეორე ეტაპის შესახებ.

 

აღნიშნულ დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის მთავრობებს შორის 2018 წელს მოეწერა. იაპონიის მხარე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით 343 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

 

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოზიტიური დინამიკა და თანხვედრი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა ბიზნესებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მყარი საფუძველია და ჩვენი პერსპექტიული ბაზრისადმი დამატებით ნდობას შექმნის”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ და აღნიშნა, რომ „საქართველოში მიესალმებიან ინვესტორებს, განსაკუთრებით, იაპონურ კომპანიებს, რადგან ტექნოლოგიასა და კაპიტალთან ერთად იაპონიის ბიზნესი საქართველოში ბიზნესის წარმოების უნიკალურ ბიზნესკულტურასაც შემოიტანს და დანერგავს”.

 

“იმედი მაქვს, რომ შესაძლებლობა გექნებათ, მიიღოთ ღრმა და ყოვლისმომცველი ინფორმაცია საქართველოში არსებული კონკრეტული ბიზნესშესაძლებლობების შესახებ და უკეთესად გაეცნოთ ჩვენს ქვეყანაში ინვესტირების უპირატესობებს. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მოგიწვიოთ ჩვენს ქვეყანაში, რათა თავად გაეცნოთ, თუ რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ, აირჩიოთ მრავალრიცხოვანი პოტენციური პროექტებიდან სასურველი და გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი საქართველოში”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ბიზნესფორუმი, რომელშიც 150 - ზე მეტი, მათ შორის, 30-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. როგორც ,,გლობალპრესს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეთანხმებას ხელი მოაწერეს მინისტრმა გიორგი ქობულიამ და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის NEXI პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ. მათივე ინფორმაცით, ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

 

შეთანხმება ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად და იაპონიის კომპანიების მხარდაჭერას საკუთარი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საქართველოში, რისთვისაც იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ექსპერტებს მიეწოდებათ შესაბამისი სადაზღვეო პროდუქტები.

 

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული კომპანიების ეფექტურ და მომგებიან საქმიანობას მათი მიზნების მისაღწევად.

 

შეთანხმების პრიორიტეტული სფეროებია მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება, მეწარმეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტელეკომუნიკაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები, ვაჭრობა და ექსპორტის ხელშეწყობა, სახელმწიფო ქონების მართვა, სამშენებლო პოლიტიკა, ინვესტიციები, ა.შ.

 

NEXI არის იაპონიის სამთავრობო ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო სააგენტო, რომელიც სადაზღვეო პროდუქტებით უზრუნველყოფს იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ კომპანიებს. NEXI-ის მისიაა, ხელი შეუწყოს იაპონიის საქონლისა და მომსახურების ექსპორტს, იაპონიის კომპანიების მიერ საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოებას და სხვა ქვეყნებიდან ბუნებრივი რესურსების სტაბილური მარაგების მოწოდებას ისეთი სადაზღვეო პროდუქტების მეშვეობით, როგორებიცაა საექსპორტო კრედიტის დაზღვევა, ინვესტიციების დაზღვევა და სესხის დაზღვევა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის მონაწილეებს, რომლებსაც ტოკიო მასპინძლობს.

 

მთავრობის მეთაურმა ფორუმის გახსნისას იაპონია-საქართველოს შესანიშნავ ხალხთაშორის და პოლიტიკურ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დროა, ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ეკონომიკურ ურთიერთობებშიც გადაიზარდოს.

 

მამუკა ბახტაძე ღონისძიების მონაწილეებს განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმაზე ესაუბრა, რომლის თანახმად, სექტორის დაფინანსება 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს.

 

„იაპონია ყოველთვის გამოირჩეოდა მსოფლიოში ტრადიციებისა და პროგრესის ჰარმონიული თანაარსებობით, რამაც უპრეცედენტო წარმატებას დაუდო საფუძველი. ჩვენც ზუსტად ასე ვხედავთ განვითარებას, თუმცა შეუძლებელია ნამდვილად მდგრადი და გამძლე ეკონომიკის შექმნა ძლიერი ადამიანური კაპიტალის გარეშე. ზუსტად ამ მიზეზით დავიწყეთ განათლების სექტორში ძალიან ამბიციური რეფორმა ჩემს ქვეყანაში. გვსურს, განათლება საქართველოს ეკონომიკის დომინანტ სექტორად ვაქციოთ და მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტამდე გავზარდოთ მისი წილი საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის საშუალებით. განზრახული გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ დარგის დაფინანსების ყოველწლიური ზრდა, რომელიც 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს მიაღწევს. ხშირად მითქვამს, რომ რეფორმების კუთხით მოსაკრეფი ნაყოფი ქვედა ტოტებზე არ დაგვრჩა. ძალიან ამბიციურ მიზნად გვაქვს დასახული, საქართველო მრავალი მიმართულებით ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად და ყველაზე მგრძნობიარე და რესურსებით გაჯერებული მიმართულებით ვაპირებთ გამოწვევების დაძლევას. საქართველო ყველა გაგებით არის რეგიონულ და გლობალურ ბიზნესცენტრად ქცევის ბუნებრივი კანდიდატი. ჩვენ ვიმყოფებით ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გასაყარზე; ვართ მცირე ზომის, თუმცა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობის მქონე ეკონომიკა. ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების უახლეს რეიტინგში, საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა.

 

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება მთელს სამეზობლოში და მომდევნო სამი წლის განმავლობაში წლიური ზრდა არ უნდა იყოს 5 პროცენტზე ნაკლები. ამას გარდა, მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანა ვართ. ჩვენი მიზანია, ინკლუზიური ეკონომიკა შევქმნათ, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული გლობალურ კონტექსტში, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სავაჭრო ცენტრი. ამ კუთხით ზრდის უდიდეს პოტენციალს ვხედავთ, კონკრეტულად კი ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ორი კვირის წინ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ჩვენი სუვერენული რეიტინგი გაზარდა BB ნიშნულამდე და საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სარეიტინგო მაჩვენებელი გაეზარდა. ინფრასტრუქტურის როლი ამ გზაზე გადამწყვეტია და ამ მიზნით ვაპირებთ, 2023 წლისთვის დავასრულოთ ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ამჟამად შავი ზღვის სანაპიროზე ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რათა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მზარდ ვაჭრობას ხელი შევუწყოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ მისი მასშტაბები. საქართველო კარიბჭეა ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის - მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში საუკეთესო გზით და მეთოდით ინტეგრაციაა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების საშუალებით წვდომა გვაქვს 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე ბაზრებთან”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

ბიზნესფორუმის ფარგლებში იაპონურ მხარესთან ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის (NEXI) პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ მოაწერეს ხელი.

 

პრემიერის შეფასებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ერს შორის ვაჭრობის განვითარებასა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას. ამასთან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებაზე, რაც იაპონიიდან საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

“დასკვნის სახით, მინდა, საერთაშორისო ინვესტორებისთვის ნათელი მოვფინო საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და რეგიონულ ცენტრად ქცევის უდიდეს პოტენციალს. იაპონია ძალიან კარგ მაგალითს გვაძლევდა იმისა, თუ როგორ შეიძლება ძლიერი ნების მქონე ერმა დაძლიოს ბევრი სირთულე და წარმატებას მიაღწიოს. კვლავ ვიტყვი, რომ თქვენი დახმარებით და პარტნიორობით ყოველდღე გვახსენდება, რომ წინ ნათელი მომავალია. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოთი დაინტერესებისთვის და იმედი მაქვს, ბევრ თქვენგანს მალე ვიხილავ ჩემს ქვეყანაში”, - მიმართა პრემიერმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს.

 

საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე 150-ზე მეტი, მათ შორის 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

 

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

პროექტის სირთულიდან გამომდინარე, თანხების მობილიზებისთვის საჭირო აღმოჩნდა უფრო მეტი დრო, ვიდრე ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული. ამ ობიექტური მიზეზების გამო ორჯერ მივმართეთ მთავრობას, რომელმაც ორჯერ გაითვალისწინა ეს ობიექტური მიზეზები და გადაგვივადა თანხის მობილიზების ვადა,- ამის შესახებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

 

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ კონსორციუმი ყველაფერს აკეთებდა სამშენებლო სამუშაოების დროულად შესასრულებლად.

 

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ დაგვიანებულიყო სამშენებლო გრაფიკი, ჩვენ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაცილებით მეტი თანხების ინვესტიცია მოგვეხდინა. დაგვეწყო სამშენებლო სამუშაოები იმისათვის, რომ პორტის გახსნა მაქსიმალურად არ დაგვიანებულიყო",- განაცხადა ახვლედიანმა.

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გუნდი სასტუმრო „რედისონში“ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება და აცნობს ინფორმაციას ჩატარებული სამუშაოების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

სამწუხაროდ, იაპონური კომპანიები სრულად ვერ აცნობიერებენ იმ პოტენციალს, რაც საქართველოს ბაზარს აქვს. ამიტომ, გავაგრძელებთ იაპონელი ხალხისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას, რათა მათ საქართველოში ბიზნესის კეთების სურვილი გავუღვივოთ,- პრემიერ-მინისტრის პრესსამსასახურის ცნობით, ამის შესახებ იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) პრეზიდენტმა იასუში აკაჰოშიმ საქართვეელო-იაპონიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ისეთ მსხვილ იაპონურ კომპანიას, როგორიცაა “ტოიოტა” უკვე მრავალი წელია, სარეალიზაციო ოფისი აქვს საქართველოში, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.

 

გარდა ამისა, JETRO-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

 

“რა გახსენდებათ საქართველოს სახელის გაგონებისას?! 8000-წლიანი და მსოფლიოში უძველესი ქართული ღვინო თუ კავკასიის წყალუხვი მდინარეებიდან მომდინარე მინერალური წყალი, რაც უკვე იაპონიის სავაჭრო ობიექტების დახლებზეა?! თუ ორთაბრძოლების ისტორია, რადგან კავკასიაში ქართველი ერი აღმერთებს ორთაბრძოლების სულისკვეთებას?! საგაზაფხულო ტურნირი ამჟამად იმართება ოსაკაში და მასში ქართველი ათლეტები მონაწილეობენ სუმოისტ ტოჩინოშინთან და გაგამარუსთან ერთად. თუ ბიზნესზე ვისაუბრებთ, სამ ძირითად ფაქტორზე მსურს ყურადღების გამახვილება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, საქართველო ყველა რეიტინგში მოწინავე ადგილს იკავებს, მათ შორის მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამთავრობო ინიციატივა, მათ შორის ანტიკორუფციული ზომები ქმედითია. საერთაშორისო კომპანიებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, უცხოეთში ბიზნესის წარმოებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გამჭვირვალობას. ამ მიმართულებით, საქართველოს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ საიმედო პარტნიორი იყოს ჩვენთვის. გარდა ამისა, საქართველოში ბევრი საუბრობს ინგლისურად. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამთავრებული აქვს მსოფლიოში ცნობილი სასწავლებელი და ამერიკაშიც აქვს განათლება მიღებული. საერთაშორისო ბიზნესისთვის ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ხალხი წარმატების მომტანი ფაქტორია. ბოლო საკითხი, რაზეც მსურს თქვენი ყურადღების გამახვილება, საქართველოს ადგილმდებარეობაა. ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. ევროპაზე გასასვლელი გვექნება შავი ზღვის გავლით. კასპიის ზღვაც იქვეა, ცენტრალურ აზიაზე გასასვლელად. სამწუხაროდ, იაპონური კომპანიები სრულად ვერ აცნობიერებენ იმ პოტენციალს, რაც საქართველოს ბაზარს გააჩნია. ამიტომ, გავაგრძელებთ იაპონელი ხალხისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას, რათა მათ საქართველოში ბიზნესის კეთების სურვილი გავუღვივოთ”, - განაცხადა იასუში აკაჰოშიმ.

 

საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი ტოკიოში დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ფორუმში 150-ზე მეტი, მათ შორის 30-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს.

მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 13 მარტიდან / ALL BOING 737-8 MAX AND 737-9 MAX AEROPLANES OPERATIONS ARE PROHIBITED IN GEORGIAN FIR. EFFECTIVE FROM MARCH 13, 2019. ამის შესახებ „გლობალპრესს“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს.

 

„სააგენტო (GCAA) თვალყურს ადევნებს ამერიკის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გამოშვებულ უსაფრთხოების მითითებებს და დირექტივებს. Boeing 737 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, სანამ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ.“ აქვე ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 737 MAX ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება. დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავზე მომხდარი ავიაკატასტროფის გამო (რეისი ET302), უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, საჰაერო ხომალდის ოპერატორ ავიაკომპანიას და შესაბამის საავიაციო ხელისუფლებას.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა 12 მარტს Boeing 737 MAX-ის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ განაცხადეს. მანამდე კი აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ჩინეთის, ინდონეზიისა და სინგაპურის ხელისუფლებებმა. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია ეთიოპიაში მომხდარი Boeing 737 MAX-ის ავიაკატასტროფით, რომელსაც 157 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

არქივი

« « » » November 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?