ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე.

 

როგორც მინისტრი განმარტავს, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ეს მინისტრთან და მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო.

 

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც ჩემთან პირადად.

 

გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და გაუქმდა ეს დოკუმენტი, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან,“- განაცხადა თურნავამ.

 

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა, რასაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება მოჰყვა. როგორც კონსორციუმი განმარტავს, საკითხის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი და თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.