Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.7389
EUR
3.0914
RUR
0.0424
GBP
3.4716

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ დაახლოებით 2 მილიარდის სამედიცინო სერვისი შევთავაზოთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის - AMEE-ს რეგიონული წარმომადგენლობის - საქართველოში AMEE საერთაშორისო ასოციაციის თანამშრომლობის ცენტრის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძემ სამედიცინო განათლების მნიშვნელობაზე და სფეროს განვითარების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული იდეა დღეს განათლებაა, რადგან სწორედ ის არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანას წარმატებისთვის მყარი გარანტიები ჰქონდეს.

 

ამასთან, პრემიერ მინისტრის თქმით, საქართველო ხდება სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი, რაც ამავე დროს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია იმისკენ, რომ საქართველო ეფექტურად იყოს ინტეგრირებული საერთო ევროპულ სივრცეში.

 

მამუკა ბახტაძის განმარტებით, AMEE-ის მხოლოდ ორი რეგიონული ცენტრი აქვს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მესამე იქნება, რომელიც რეგიონის გარდა ევროპის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილს დაფარავს.

 

"მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ საქართველომ უნდა დაიბრუნოს საკუთარი ისტორიული როლი და ამაში პირველ რიგში საგანმანათლებლო კერის როლს ვგულისხმობ. ეს არის ის, რაც საქართველოს ისტორიულად ჰქონდა და ეს არის ის, რითაც თითოეული ქართველი გამსაკუთრებით ამაყობს. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას - ცენტრის გახნას წმინდა პრაგმატული მომენტებიდან გამომდინარე, ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი, სიმბოლური და ემოციური დატვირთვაც. ამასთან ერთად, მე ვფიქრობ, ეს არის აღიარება იმ რეფორმების, ახალი მიდგომების, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში ტარდება.

 

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამედიცინო განათლებაზე, აქ უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობთ ნოვატორულ მიდგომებს. ეს არის სფერო, რომელიც მსოფლიოში ძალიან სწრაფად, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ვითარდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არამარტო ჩამოვრჩეთ ამ ტემპს, არამედ ვიყოთ ყველაზე უფრო წარმატებულები და გაბედულები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისივე თქმით, სახელმწიფოსთვის სამედიცინო განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია და ამავე დროს სამედიცინო სფერო მომავლის ორიენტირია.

 

"ჩვენ იმ სამედიცინო პროფესიების იდენტიფიცირება მოვახდინეთ, რომელზეც დღეს არის მოთხოვნა და რომელზეც მოთხოვნა გაიზრდება ათი წლის შემდეგ. სწორედ ამიტომ, სამედიცინო უნივერისტეტს განსაკუთრებული დატვირთვა და პასუხისმგებლობა აქვს: ერთი მხრივ, ჩვენი მომავალი თაობებისთვის უმაღლესი ხარისხის განათლების მიწოდება, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ეკონომიკის მომარაგება ისეთი პროფესიონალებით, რომლებიც საშუალებას მოგვცემს საქართველოში ძალიან წარმატებული სამედიცინო სფერო შევქმნათ, რომლითაც არამხოლოდ საქართველო იამაყებს, არამედ ის გახდება ხარისხის გარანტი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ვფიქრობ, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ამ ნაბიჯის განხორციელება თითოეულ ჩვენთაგანს კიდევ უფრო გაუადვილდება.

 

მე ძალიან ბევრი კრიტიკაც მომისმენია ჩემი ინიციატივის, რომლის მიხედითაც, ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი განათლებისკენ უნდა მივმართოთ და რა თქმა უნდა, ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ სიღარიბეს ებრძვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც გადაგვიდგამს ჩვენ დამოუკიდებლობის დღიდან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გრიპის ვირუსთან საბრძოლველად წელს სახელმწიფოს 11 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, საიდანაც 1 მილიონი ანტივირუსული პრეპარატის -„ტამიფლუს“ შესაძენად დაიხარჯა. ამის შესახებ „გლობალპრესს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

 

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არის გათვალისწინებული და მთლიანად ინფექციურ დაავადებებზე დაიხარჯება.

 

შეგახსენებთ, რომ ანტივირული პრეპარატი „ტამიფლუ“ 12 იანვრიდან ყველასთვის უფასო გახდა. 24 იანვრიდან საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 3000 დოზა შემოიტანეს.

შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოქალაქეების მომსახურებას უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

 

როგორც „გლობალპრესს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დავით სერგეენკო წითელას შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა და წითელას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე მიღებული განკარგულება პირადად გააცნო. განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო თავის თავზე იღებს ყველა პირის დაფინანსებას წითელას ვაქციანაციასთან დაკავშირებით. ახალი პროტოკოლის მიხედვით ვაქცინაცია ყველა ჯგუფისთვის უფასო იქნება.

 

დავით სერგეენკომ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ შეუქმნან ბარიერები მოსახლოებას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს რისკ-ჯგუფში შემავალ პირთათვის აცრების ჩატარება.

 

„წითელას აცრებთან დაკავშირებით შაბათ-კვირას როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში იმუშავებენ სამედიცინო დაწესებულებები. მისამართების გაგება მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც ცხელი ხაზის საშუალებით, ასევე იმ ინფორმაციით, რომელსაც მივაწვდით, სადაც შეეძლებათ მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა. აცრების ჩატარება მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც რაიმე მიზეზის გამო თავის დროზე ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია. ეს არის ეფექტური, მძლავრი ნაბიჯი იმისათვის, რომ წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც ახლა გვაქვს, შევაჩეროთ დროულად დანაკარგების გარეშე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულიად დაამარცხებს C ჰეპატიტს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვირუსულ ჰეპატიტზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, C ჰეპატიტისგან განკურნების მაჩვენებელი დღეს 98%-ს შეადგენს.

 

“ცნობილია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღის წესრიგი სულ უფრო მზარდი ხდება და რთული გამოწვევების აღმოფხვრისკენ არის მიმართული, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს გადამდებ დაავადებებთან ბრძოლა წარმოადგენს. სამწუხაროდ, C ჰეპატიტი კვლავაც მსოფლიო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ამ დაავადებასთან ბრძოლაში როგორც მთავრობების, ისე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ითხოვს. 2015 წელს საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ სამწუხაროდ, მოსახლეობის თითქმის 8% C ჰეპატიტის მატარებელი იყო და ეს ძალიან რთული გამოწვევა გახლდათ, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან - აშშ-სგან მივიღეთ, ასევე აშშ-ს დაავადებთა კონტროლის ცენტრის, კომპანია “გილეადისა” და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წამოწყება და დანერგვა გახდა შესაძლებელი. დღეს, ჩვენ სიამაყით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით C ჰეპატიტით დაავადებული ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე სრულიად განკურნებულია, როდესაც ცოტა ხნის წინ ეს დიაგნოზი საქართველოში ფაქტობრივად, განაჩენს ნიშნავდა, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან ფინანსურად დამოუკიდებლად გამკლავება თითქმის წარმოუდგენელი იყო. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. განკურნების მაჩვენებელი 98%-ია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისი თქმით, C ჰეპატიტის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად “ძალისხმევას არც მომავალში დაიშურებენ”.

 

“ჩვენ არც სამომავლოდ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ ეს დაავადება და მე დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულიად დაამარცხებს C ჰეპატიტს”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკის შესახებ ზუსტ მონაცემებს სეზონის დამთავრების შემდეგ გამოვაქვეყნებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება. გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია H1N1 ვირუსით გარდაცვალების 20 შემთხვევა.

 

„მოგეხსენებათ, გრიპის ვირუსის პიკი გქვონდა დეკემბრის ბოლო კვირას. იანვარში არის კლება, რომელიც 4 კვირის განმავლობაში გრძელდება, თუმცა მკვეთრ კლებას ადგილი არ აქვს. არის როგორც ავადობის მაჩვენებლის, ისე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის და სასწრაფოს გამოძახების კლება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე გრიპის თვალსაზრისით გვაქვს შედარებით სიმშვიდისკენ მსვლელობა.

 

გარდაცვლილთა რაოდენობა, რომელთაც ლაბორატორიულად დაუდგინდათ H1N1 ვირუსი, ამ ეტაპზე არის 20 ადამიანი, მაგრამ ზოგადად შემაჯამებელ სტატისტიკას გამოვაქვეყნებთ სეზონის დამთავრების შემდეგ, როცა სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით გარდაცვლილთა ანალიზი კეთდება და დგინდება, სად შეიძლება ყოფილიყო გრიპოზული ფაქტორი დამატებითი ან წამყვანი,"- განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 18-ს შეადგენს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვალების ბოლო შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა.

 

„მოხდა სამწუხარო შემთხვევა, გარდაცვლილია 41 წლის მამაკაცი. H1N1-ის ეს შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია. გვაქვს ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, საავადმყოფოს დაგვიანებით მიმართა - კლინიკაში გრიპის დაწყებიდან მე-6 დღეს შევიდა. ჰქონდა ერთ-ერთი ქრონიკული დაავადება, თუმცა ამაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე გრიპის ვირუსით ავადობა 253-ია, რომლის უმეტესობა H1N1-ია ანუ ე.წ ღორის გრიპია.

ჩვენ, შევიმუშავეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე აქვს წვდომა, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვირუსულ ჰეპატიტზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, 2012 წლიდან “ქართულ ოცნების” პოლიტიკურ გუნდს ჯანდაცვა პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული.

 

„დღევანდელი დღის მნიშვნელობა მართლაც რომ განსაკუთრებულია, ვინაიდან ამ სახის ღონისძიება ევროპაში პირველად ტარდება და ის სრულად პასუხობს და ეხმიანება გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომლებიც დღეისთვის და მომავალი წლების განმავლობაში მსოფლიოს პროგრესის საფუძველს წარმოადგენს. ჩვეთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან სწორედ საქართველოა შერჩეული და ვირუსული ჰეპატიტების საკითხზე პირველ რეგიონული კონსულტაციების ქალაქად სწორედ თბილისია არჩეული. ეს არის ჩვენი ქვეყნის მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის უდავო აღიარება და მსურს, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მოგეხსენებთ, რომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც არჩენებში გავიმარჯვეთ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აბსოლუტურ პრიორიტეტად ჯანდაცვის სისტემა გამოაცხადა. ჩვენ ჯანდაცვაში ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. თავიდან ბოლომდე შევცვალეთ ის საბიუჯეტო აქცენტები, რომლებიც დაგვხვდა და დღეს ჩვენ ჯანდაცვის პრიორიტეტებში ძალიან სწორად გაანალიზებული აქცენტები გვაქვს დასმული. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკა, ის ციფრები და ის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომელსაც ბოლო 6 წლის განმავლობაში მივაღწიეთ. ჩვენ შევიმუშავეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე აქვს წვდომა, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „გლობალპრესს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 19 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა.

 

„ერთ-ერთი პაციენტი გუშინ გარდაიცვალა და მას H1N1 დაუდასტურდა. დღეის მდგომარეობით 19 პაციენტი მკურნალობს, მათგან ექვსი ბავშვია. ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა“, - აცხადებს ნანა ოდიშარია.

 

ბოლო მონაცემებით, სამეგრელოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 19-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 4 ადამიანი.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, გარკვეული ადამიანებისთვის წითელას ვაქცინაციაზე არის თანაგადახდა, თუმცა დღეს საღამოდან ის ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის.

 

„გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში და გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციებზე შეიძლება საჭირო იყოს ამ წუთის მდგომარეობით გარკვეული თანაგადახდა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა დღეს მთავრობის სხდომაზე გაგვაქვს ეს საკითხი, შევიტანთ ცვლილებებს, რომლის საშუალებითაც აბსოლუტურად მიწვდომადს გავხდით უკვე დღეს საღამოდან ყველასთვის წითელას აცრას“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუკი მათ არ ახსოვთ აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ჩაიტარონ ვაქცინაცია კვლავ, რადგან მეორედ მისი გაკეთება, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

 

„თუ ვინმეს, განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკის მოქალაქეს არ აქვს ზუსტი დადასტურება, რომ მან გეგმური ვაქცინაცია ჩაიტარა, აუცილებელია, რომ გაიკეთოს დამატებითი ვაქცინაცია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახსოვს, რომ თითქოს გაიკეთა, მაგრამ დადასტურებული არ აქვს, მაინც უნდა გაკეთდეს, რადგან თუკი ჰქონდა გაკეთებული და კიდევ გაიკეთა, ეს მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. ბავშვთა ასაკში ვაქცინაცია უნდა მოხდეს კალენდრის მიხედვით, ხოლო 40 წელზე მაღალ ასაკში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჰქონდა კონტაქტი წითელასთან“,- განაცხადა სერგეენკომ.

ჟურნალი „ლანცეტი“ უკრაინაში ვაქცინაციის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გატარებულ მიზანმიმართულ ნეგატიურ კამპანიას ეხმიანება.

 

საერთაშორისო სამედიცინო გამოცემა აღნიშნულ ქმედებას გამოუცხადებელ სისხლიან ომად აფასებს, რამდენადაც რუსეთი აღნიშნული საინფორმაციო პროპაგანდით უკრაინას მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ზიანს აყენებს.

 

სტატიის თანახმად, წითელას აფეთქებამ საქართველოსთან, სერბეთთან, იტალიასა და საბერძნეთთან ერთად, მნიშვნელოვნად დააზარალა უკრაინა, სადაც ქვეყნის მასშტაბით 23 000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მთლიანად ევროპის რეგიონის შემთხვევების ნახევარზე მეტია.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ კრემლის მხარდაჭერით სოციალურ ქსელებში შექმნილი ანგარიშებით ფართოდ გავრცელებულია ყალბი ინფორმაცია წითელას, წითურას და ყბაყურას ვაქცინის შესახებ, წარმოადგენს წითელას აფეთქების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. 23 აგვისტოს გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ რუსული „ტროლები“ ნერგავენ ცრუ წარმოდგენებს ვაქცინაციის შესახებ, რამაც ძლიერ შელახა საზოგადოების მაღალი წარმოდგენა ვაქცინაციის პროგრამების მნიშვნელობაზე.

 

„ვაქცინაციის მაჩვენებლის ვარდნა დაიწყო 2008 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინაში ბავშვთა 95%-მა მიიღო წითელას ვაქცინის მეორე (საბოლოო) რეკომენდირებული დოზა. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 31% იყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებლთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვაქცინაციის მონაცემი კვლავ იზრდება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით 85%-მდე აღწევს, მაინც იმ საჭირო ზღვარს ქვემოთაა, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის მყარი იმუნიტეტისთვის“, - ნათქვამია სტატიაში.

 

ამასთან, ჟურნალ „ლანცეტში“, ასევე უკრაინის მაგალითზეა განხილული იმუნიზაციის წინააღმდეგ რუსული გავლენის შედეგები, სხვა არაერთ სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებზე ვაქცინაციის მიმართულებით.

 

„2016 წლის მონაცემების მიხედვით, სხვა დაავადებებზეც იმუნიზაციის მაჩვენებელი დაბალია: ბავშვთა მხოლოდ 19%-ს ჩაუტარდა მესამე სავალდებულო ვაქცინაცია დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსის წინააღმდეგ და მხოლოდ 56%-მა მიიღო პოლიომიელიტის ვაქცინა. დაბალია B ჰეპატიტზე ახალშობილთა და მესამე დოზით ვაქცინაცია, შესაბამისად 37%-იანი და 26%-იანი მაჩვენებლებით. ჯანმო-ს მონაცემებით, უკრაინის 45- მილიონიანი მოსახლეობის 3-5% C ჰეპატიტითაა ინფიცირებული. აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში უკრაინა რჩება რიგით მეორე ქვეყნად აივ ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით“, - ნათქვამია სტატიაში.

 

ასევე, „ლანცეტის“ ინფორმაციით, უკრაინაში არსებული მდგომარეობა არაერთ ფაქტორს მოიცავს, თუმცა დასავლელმა ლიდერებმა და უკრაინის მთავრობამ ძირითადი აქცენტი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა გააკეთონ და აღმოსავლეთ რეგიონში სისხლიანი კონფლიქტის შეჩერებისკენ მეტი ძალისხმევა მიმართონ.

ქუთაისში, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალნამშობიარევია.

დღევანდელი მდგომარეობით, წითელას 335 დაავადების შემთხვევაა, ეს არის ეპიდაფეთქება. ვაქცინაციის გარეშე რისკები კიდევ უფრო გაიზრდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ.

 

„ეს პრობლემა ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაისახა, თუმცა ის მდგომარეობა რაც ჩვენ დღეს გვაქვს უკიდურესად საყურადღებოა. ამას ეწოდება ეპიდაფეთქება, რომელსაც თავისი რეაგირების გეგმა აქვს, თუმცა მედიის და საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე წარმატების მიღწევა რთული იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, 335 დაავადების შემთხვევაა წითელასი, რომელიც მკვეთრდა მატულობს დღეების მიხედვით. განსხვავებით გრიპის სტატისტიკისა და ეპიდემიოლოგიისგან, ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა უკვე საკმარისია, რომ მოხდეს დეფინიცია - ეს არის ეპიდაფეთქება. ამის სპეციფიკა ის არის, რომ ერთადერთი და გარანტირებული დაცვა ამ დაავადების გავრცელებისგან არის ვაქცინაცია, რომელიც ყველასთვის ხელმიწვდომადია. მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ იყო მცდელობა რომ მომხდარიყო მასიური კამპანიური აცრა წითელას წინააღმდეგ, რადგანაც ახლა ჩვენ პრობლემა გვაქვს 20-40 წლამდე ასაკის ადამიანებში, მათში, ვისაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა გეგმური ვაქცინაცია, მაგრამ დიდწილად ეს არ ხერხდებოდა ცნობილი მიზეზის გამო. 2008 წლის მდგომარეობით, ეს იყო 1 მილიონი ადამიანი, იმ წელს ჩატარებული კამპანიის შედეგად ნახევარი მილიონის ვაქცინაცია მოხერხდა, ნახევარის- ვერა და ამაში გარკვეული წვლილი მაშინ გარკვეულმა მედიასაშუალებებმა შეიტანეს. დღეისთვის, სავარაუდოდ, 200 ათასი ადამიანი არის წითელას იმუნიტეტის გარეშე, უმეტესად ეს არის საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებშიც დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს. ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება ამასთან საბრძოლველად. ამიტომ ცალსახა მოწოდება იქნება, რომ ერთიანად ჩავატაროთ ვაქცინაცია და მოვხსნათ ეს რისკი, სხვა შემთხვევაში, რისკები იქნება მაღალი“,- განაცხადა სერგეენკომ.

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?