პროკურატურა მთელი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაეცვა თავისი პირვანდელი ბრალდება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ სასამართლო მოექცეოდა პროკურატურის გავლენის ქვეშ, არ გვექნებოდა ის სურათი,რაც დღეს გვაქვს,- ამის შესახებ საგანგებო ბრიგინგზე ზაზა სარალიძის ადვოკატმა განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული დაკავების მიზეზი გარკვეულწილად სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებაა. ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდა.

 

„პირველი ნაბიჯი სამართლიანობისკენ გადადგმული იყო საქალაქო სასამართლოს განაჩენით, რომელმაც პირდაპირ მიუთითა პროკურატურას, რომ საქმე იყო გამოუძიებელი და არ იყო გამოკვეთილი დამნაშავე პირები. პროკურატურა მთელი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაეცვა თავისი პირვანდელი ბრალდება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ სასამართლო მოექცეოდა პროკურატურის გავლენის ქვეშ, არ გვექნებოდა ის სურათი, რაც დღეს გვაქვს. გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სამართლიანობისკენ. სასამართლო კიდევ ერთხელ არ მოექცა პროკურატურის გავლენის ქვეშ და მან მიიღო სამართლიანი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება",- განაცხადა ლონდარიძემ.

 

ადვოკატის თქმით, საქმე დასრულებული არ არის და მნიშვნელოვანია, სამოხელეო დანაშაულის შესახებაც გასცეს გამოძიებამ პასუხი.

 

"ჩვენ ვერ ჩავთვლით, რომ ეს საქმე დასრულდა, ვინაიდან ჯერ კიდევ ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. თუნდაც სამოხელეო დანაშაულს. ვინ და რატომ მიიყვანა ეს საქმე აქამდე",- აღნიშნა ადვოკატმა.

 

სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.