„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებმაც უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება მიიღეს, „არიან მანტიამოსხმული ჯალათები, პირდაპირი მითითებების შემსრულებლები, სამარცხვინო ჯამბაზები“. ამის შესახებ ბასილაიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა და უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ამოცანა, რომ გიგი უგულავა პატიმრობის გამოყენებით გაეყვანათ პოლიტიკური სცენიდან, მიღწეულია.

 

„როგორც ვვარაუდობდით, საკასაციო სასამართლომ მიიღო პოლიტიზირებული, სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა და გიგი უგულავას მიმართ უდიპლომო, ყალბდიპლომიანმა თადუმაძემ, გაბინაშვილმა და შავლიაშვილმა შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. გიგი უგულავას გადაუკვალიფიცირდა მუხლი, რის საფუძველზეც, დამატებით სასჯელად განესაზღვრა 3 წელი და 2 თვე თავისუფლების აღკვეთა. გადაუკვალიფიცირა 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, სასჯელად დაუდგინა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც განახევრდა ამნისტიის კანონის საფუძველზე და 4,5 წლიდან გამოაკლდა 1 წელი და 4 თვე, რაც გიგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰქონდა მოხდილი. ეს ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიგზავნება აღსასრულებლად და გიგი უგულავას თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ეს არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება”, - განაცხადა ბასილაიამ.

 

მისივე განცხადებით, საქმე განიხილა იმ მოსამართლემ, რომელიც გენერალური პროკურორი იყო საქმის სააპელაციო წარმოებისას და საკასაციო საჩივრის მომზადებისას.

 

„ეს ნიშნავს იმას, რომ გიგი გაასამართლა გენერალურმა პროკურორმა, ანუ მისი საქმის გენერალური პროკურორი მისივე საქმის მოსამართლე იყო. ამის შემდეგ სამართლიან სასამართლოზე, ობიექტურ მართლმსაჯულებაზე, კანონიერების პრინციპზე და ა.შ. საუბარს წერტილი აქვს დასმული. როგორც ბიძინა ივანიშვილმა 2 თვის წინ დააანონსა, რომ დაჭერები გაგრძელდება, ეს მოიყვანა სისრულეში და პირველივე მსხვერპლი გიგი უგულავაა. დღეს მოხდა იმის ლუსტრირება, 14 მოსამართლე დაჩქარებული წესით თუ რისთვის იქნენ არჩეულები, ესენი არ არიან მოსამართლეები, ესენი არიან მანტიამოსხმული ჯალათები, პირდაპირი მითითებების შემსრულებლები, სამარცხვინო ჯამბაზები. თადუმაძეზე ხომ ვიცოდით, რომ ყალბის მქმნელი იყო, ახლა ვიცით, რომ ყალბის მქმნელთან ერთად სამარცხვინო ჯამბაზია“, - განაცხადა ბასილაიამ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.