თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე მზაობას გამოთქვამს და ამასთან დაკავშირებით FBI-წერილი უკვე გაეგზავნა.

 

რამიშვილის თქმით, ახლა უნდა გაირკვეს, ფედერალური ბიუროს მონაწილეობას რა არეალი ექნება ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში.

 

„შევხვდით მინისტრის მოადგილეს, ბატონ ვლადიმერ ბორცვაძეს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უკვე სამინისტროს მხრიდანაც შეთავაზება არის, ფედერალურ ბიუროსთან გაიგზავნა წერილი, რომ მათი მხრიდან არის მზაობა. აქ უკვე მიდის ის პროცესი, რომ გაირკვეს რაში იქნება თანამშრომლობა, რაში მიიღებენ მონაწილეობას, ფედერალური ბიუროს მონაწილეობას რა არეალი ექნება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნა, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული შესაძლებლობა, როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე პასუხი იყოს გაცემული ყველა არსებულ კითხვაზე. აქედან გამომდინარე, ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი“, - განაცხადა რამიშვილმა.

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.