განათლება უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი და ეს არის ერთადერთი სწორი ხედვა იმისთვის, რომ საქართველოს მდგრადი განვითარება უზრუნველვყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ძლიერი ქართული სახელმწფოს მშენებლობისთვის.

 

„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა - სიღარიბე და ოკუპაცია, რაც ჩვენი ისტორიული მისიის რეალიზების საშუალებას არ გვაძლევს. სწორედ განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ და უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ სიდუხჭირისგან. ეს არ არის მხოლოდ რეფორმა, ეს არის ეროვნული იდეა და ყველაზე თამამი ეროვნული პროექტი დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველო ჩადგეს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების წარმატების ფორმულა არის ის, რომ განათლების სექტორი მთავარი მამოძრავებელია. 21-ე საუკუნეში თუ ეროვნულ ეკონომიკაში განათლებას 10-11%-იანი წილი არ აქვს, ნამდვილად გაუჭირდება კონკურენციის გაწევა. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა იყო, რომ 6% აგვეღო სახელმწიფოს მუდმივ წილად და ამ შემთხვევაში კერძო სექტორსაც ექნება მოტივაცია, განახორციელოს ინვესტიციები და შედეგად, განათლება გახდება დომინანტი სექტორი ეკონომიკაში. ციფრებში ეს მასშტაბურია. წელს გამოვყავით 1,6 მილიარდი ლარი და იმასთან შედარებით, რაც ჩვენ ჩავიბარეთ 2012 წელს, როდესაც განათლების ბიუჯეტი 600 მილიონი ლარი იყო, ეს მნიშვნელოვანი ზრდაა. მომავალ წელს გამოიყოფა 2 მილიარდი, 2021 წელს - 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს - 3,4 მილიარდი რაც არის ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი”, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ “თანასწორობის აქტმა” უნდა უზრუნველყოს, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ყველა მთავრობის ვალდებულება იყოს, ბიუჯეტის მინიმუმ მეოთხედი მიმართოს განათლებასა და მომავალ თაობაში.

 

“განათლება არის გრძელვადიანი რეფორმა, შესაბამისად არ უნდა დავუშვათ ის, რომ განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიციები 5-6 წელი და შემდეგ ეს შენელდეს. ეს დაუშვებელია. შესაბამისად, ეს უნდა გამყარდეს საკანონმდებლო დონეზე და უახლოეს მომავალში წარვდგებით პარლამენტის წინაშე შესაბამისი ინიციატივით”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მთავრობის მეთაურმა განათლების სფეროში სასკოლო განათლების დაფინანსებაზეც ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შემდეგი წლების განმავლობაში დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველგან მაღალი სტანდარტების სკოლა არსებობდეს.

 

„მე ნამდვილად არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის და ამ მასშტაბურმა ინვესტიციამ, რომელიც მხოლოდ სკოლის კომპონენტში შეფასებულია 7 მილიარდი ლარით, უნდა უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს ყველა წერტილში იყოს უმაღლესი სტანდარტების სკოლა. რა თქმა უნდა ჩვენთვის ხუთივე დონე - სკოლამდელი განათლება, განათლება სკოლაში, პროფესიული განათლება, უნივერსიტეტები და მეცნიერება - ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ხუთივე დონეს შორის ბმა იყოს უზრუნველყოფილი მაქსიმალურად ეფექტურად, ვინაიდან ამ ხუთივე დონემ უნდა უზრუნველყოს საქართველოში ადამიანური კაპიტალის შექმნა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.