„უნდა ბიჭს რომ ჩავიდე? რა პრობლემაა. მე აგერ ვარ და დავაკმაყოფილებ ამ სურვილს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებას, რომელიც მისი ექსტრადირების საკითხს შეეხებოდა.

 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი უკრაინაში ჩასვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ „საოცარ პანიკაში ჩავარდა“.

 

„მთელი მისი ეს ჯოგი არის საოცარ პანიკაში, ისტერიკაში და ახლა თავის ჭკუით მოიფიქრა, როგორ დააწყნაროს ესენი. ეს არ უშველით, იმიტომ, რომ ეს აუხდებათ, რასაც მოისურვებენ, მიეცემათ. ჩემი ჩასვლა უნდათ? აუცილებლად მიეცემათ, მაგის გარანტიას ვაძლევ. მე ჯერჯერობით ყველა ჩემს დაპირებას ვასრულებ. აქ ხომ ვთქვი, რომ ჩამოვალ-თქო, ჩამოვედი. ვამბობ, იქ ჩავალო, იქაც ჩავალ და ძალიან მალე. ასე, რომ მე უკვე ვამზადებ ინფრასტრუქტურას. მთელი საქართველო უნდა მოემზადოს. ეს განხორციელდება ძალიან მალე და აუხდება ყველაფერი, რასაც ითხოვენ. უნდა ბიჭს, რომ ჩავიდე, რა პრობლემაა. მე აგერ ვარ და დავაკმაყოფილებ ამ სურვილს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბარში.

 

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ არერთხელ დაადასტურა, რომ თავისი მოქალაქეების ექსტრადირებას არ ახდენს.

 

„ვერ გავიგე, უკრაინა დაბალი ღობე ჰგონია ივანიშვილს. ჰოლანდიის მუდმივი მცხოვრებელი რომ ვარ და ჰოლანდიური დოკუმენტებით რომ გადავაადგილდები მსოფლიოში, ჰოლანდიას რატომ არ გაუგზავნა მოთხოვნა ექსტრადირების თაობაზე. უკაცრავად, ეს ის ივანიშვილი ხომ არ არის და პროკურატურა რომელიც წელიწადის თუ წელიწადნახევრის წინ ეხვეწებოდა მუხლებზე პოროშენკოს, რომ შენი ჭირიმე, არ გადმოსცე საქართველოსო და საქართველოს ყველა აეროპორტი დაკეტა იმ პერიოდში, როცა კიევიდან აფრინდა ჩემი თვითმფრინავი, რომლთაც ქვეყნიდან ჩემს დეპორტაცია მოხდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.