„ოცნების“ ხელისუფლება აუცილებლად შესაცვლელია. დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ამოცანაა „ოცნებასთან“ მკლავჭიდის გამართვა და ძალაუფლების ნებისმიერ ფასად დაბრუნება, რისი მცდელობაც ხშირად „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, - ასე ეხმაურება „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი გასულ ღამით, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

 

„პირველ რიგში, უკიდურესად სამწუხარო და აღმაშფოთებელია, რომ გუშინდელი მოვლენების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები, დაშავდნენ ჩვენი სამართალდამცველები და დაშავდა ჩვენი საერთო სამშობლო. ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მეორე, გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება აუცილებლად შესაცვლელია. იგი გუშინაც მოგვევლინა მასშტაბური პრობლემის ჯერ შემოქმედად (გავრილოვის დასმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე), მერე ამ პრობლემის ვერ მომგვარებლად (პარლამენტის თავმჯდომარის არ გადადგომა) და ბოლოს ამ პრობლემის კიდევ უფრო მასშტაბურ პრობლემაში გადამზრდელად (საპროტესტო აქციის დაშლა გადამეტებული ძალის გამოყენებით). მესამე, გუშინ ისიც კვლავ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ამოცანაა „ოცნებასთან“ მკლავჭიდის გამართვა და ძალაუფლების ნებისმიერ ფასად დაბრუნება, რისი მცდელობაც ხშირად „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, პოლიტიკურ წრეებში კონსოლიდაციაა საჭირო. „და რაც მთავარია, გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ არც ერთი წუთით აღარ შეიძლება

 

„არა ბიძინა, არა მიშა, არა პუტინი“ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების კონსოლიდაციის გადადება. „შენების მოძრაობა“ აცხადებს მზადყოფნას აქტიური კონსულტაციებისთვის, რათა მივაღწიოთ პროპორციული და სამართლიანი არჩევნების გზით კოალიციური უმრავლესობის შექმნას, საზოგადოების გამთლიანებას და კონსტიტუციური წესრიგის დამკვიდრებას“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.