გიორგი გახარიასთან დაკავშირებული მოთხოვნა არის პოლიტიკური მოთხოვნა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ განუცხადა.

 

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ის პირადად შეხვდება უახლოეს მომავალში, რომლებიც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ და მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმას გააცნობს.

 

„ამ წუთებში ჩვენი, ყველას ყურადღება არის კონცენტრირებული დაშავებული მოქალაქეების და პოლიციელების ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება ბატონ გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ მოთხოვნას, ეს არის პოლიტიკური მოთხოვნა. მე პირადად მექნება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან უმოკლეს დროში, სადაც განვიხილავთ მთელ ამ მიმდინარე მოვლენებს, ასევე ჩავაყენებთ საქმის კურსში ჩვენს გადაწყვეტილებაზე და ხედვაზე, მაგრამ როგორც ხედავთ, არა მხოლოდ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ვესაუბრები. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მთელი საზოგადოების წინაშე იმ პასუხისმგებლობით, რომ ჩვენ ვართ მმართველი გუნდი, რომელიც აირჩია საზოგადოებამ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, აქციაზე პოლიციის მოქმედება და ჩარევა იყო ლეგიტიმური.

 

„რაც შეეხება აქციას, ჩვენ ვადევნებდით თვალს, რომ დაიწყო მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელიც გარკვეულ მომენტში გადაიზარდა აგრესიაში. ამაში მაღალი ალბათობით მონაწილეობა მიიღეს და მთავარი როლი შეასრულეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ პროვოკაციებზე წინა რიგებში, იყო თითქმის ორსაათიანი შეტევა და შტურმი პოლიციის კორდონზე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენა პოლიციამ ძალა. ვფიქრობ, ეს მოქმედება და ჩარევა იყო ლეგიტიმური. რაც შეეხება კონკრეტულ გადაცდომებს, თუ ასეთი გადაცდომები იქნება, თითოეული შემთხვევის შესწავლა და რეაგირება მოხდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.