დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ასოცირების კომიტეტის არსებობის განმავლობაში, ევროპარლამენტისა და საქართველოს უმრავლესობის პოზიციები ერთმანეთს პირველად დაშორდა.

 

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი.

 

„ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა, იმხელა წინააღმდეგობა და უფსკრული ყოფილიყო ამ პოზიციებს შორის, რომ უბრალოდ შეუძლებელი გამხდარიყო განცხადების მიღება. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია. ეს არ უქმნის საფრთხეს ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ კიდევ უფრო კარგად აჩენს იმ მძიმე განწყობებს, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენთან დაკავშირებით დასავლურ სტრუქტურებში არსებობს. მდგომარეობა გვირთულდება და გვიმძიმდება. სამი თვეა ამას ვამბობ, რომ უარესი და უარესი იქნება, თუ ხელისუფლება არ შეცვლის თავის პოზიციას და თუ არ შეცვლის იმ არასწორ გზავნილებს, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში აგზავნის. სულ უფრო დამძიმდება ვითარება და ბოლოს ამ ფასის გადახდა მოუწევს არა ერთ პოლიტიკურ ძალას, არამედ მთლიანად ქვეყანას. ამ რისკებში შესვლა დაუშვებელია. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ხელისუფლება რამეს იგებს ამ ყველაფრისგან და ცვლის თავის ტაქტიკას. გუშინ რაც მოხდა, ასეთი რამ არ მომხდარა. იმხელა დისტანცია, მიუღებლობა და შეუთანხმებლობაა პოზიციებში, უპრეცედენტო რამ მოხდა, რეზოლუცია ჩავარდა. მოვუწოდებ მათ, კიდევ ერთხელ გზა და გამოსავალი არის მხოლოდ კომპრომისი. იმის მაგივრად, რომ კომპრომისი იყოს, მოლაპარაკებების ჩასაშლელად ყველაფერს აკეთებენ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

მისივე თქმით, ის გზავნილი, თითქოს, ყველაფერზე ოპოზიციაა პასუხისმგებელი, უკვე მათ წინააღმდეგ მუშაობას.

 

„ამას არ იღებს უკვე არავინ. უხერხულიცაა ამაზე საუბარი. 8 წელია ხელისუფლებაში ვარ და ვერ მოვახერხე ავუხსნა ადამიანებს ქვეყანაში რა ხდება, მე შემრცხვებოდა ამის თქმა. რაც შეეხება სანქციების თემას, ცოტა ხნის წინ სანქციებზე საუბარიც კი იყო სრულიად არარეალისტური და აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთ მძიმე ნაბიჯებში ჩვენი პარტნიორები არ შევიდოდნენ, როცა საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს და საქართველოს, მაგრამ იმდენად ვამწვავებთ მათთან ურთიერთობას და იმდენად გავიფუჭეთ წლების ნაშენები ქვეყნის რეპუტაცია და ისე ჩამოვშალეთ, ახლა გასაკვირი და გამორიცხული არაფერია. მე მაინც არ მგონია საქმე სანქციებამდე მივიდეს, მაგრამ ამას ვერ გამოვრიცხავ, როგორც ცოტა ხნის წინ გამოვრიცხავდი“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.