მოველი შეთანხმების შესრულებას, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

 

გამოცემის ინფორმაციით, კონგრესმენი ადამ კინზინგერი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური ლიდერების საპატიმროდან გათავისუფლებას მიესალმება.

 

„კონგრესმენს ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ იხილავს ამ შეთანხმების შესრულებას. ის უგზავნის მის მილოცვას ჩვენს საელჩოს შეთანხმების განსახორციელებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის“ - აცხადებენ კონგრესმენ კინზინგერის ოფისში „ამერიკის ხმის“ შეკითხვის საპასუხოდ.

 

ამასთან, გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გასულ კვირას გამოეხმაურა ასევე შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და კომიტეტის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი.

 

„მივესალმებით ბატონი ოქრუაშვილის და ბატონი უგულავს შეწყალებას და ციხიდან გათავისუფლებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას შეცვლის და სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას დაასრულებს. ეს გათავისუფლებები ძლიერ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც იმუშავა იმისთვის, რომ შეთანხმება შესაძლებელი გამხდარიყო და მას ხელი მოაწერა, რომ პროგრესი შეიძლება მიიღწეს და მიიღწევა", - განაცხადეს მათ.

 

ერთობლივ განცხადებაში სენატორები მოლოდინებზეც საუბრობენ.

 

„ველით, რომ ვიხილავთ საარჩევნო სისტემის შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებას, როცა მომავალი კვირების განმავლობაში საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს; ასევე ბატონი გიორგი რურუას, მედია მფლობელის გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში ბუნდოვანი ბრალდებებით იქნა დაკავებული", - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.