„გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

 

ამის შესახებ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დროს განაცხადა

 

„ერთმნიშვნელოვნად მინდა, რომ ყველამ იცოდეს, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ, პირველ რიგში, იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლებსაც ოპოზიცია აკრიტიკებს, პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით დღეს განიხილავს.

 

ჯერ პროექტს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გაიტანენ და ცნობილი გახდება თარიღი, ივლისის რომელ რიცხვამდე იმოქმედებს შემუშავებული ცვლილებები.

 

საუბარია ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ახალი ნორმები გარდამავალ დებულებებში აისახება და განისაზღვრება შეზღუდვების მოქმედების კონკრეტული ვადა.

 

როგორც ცნობილია, ცვლილებათა პაკეტი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, პანდემიის დროს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას, ან დამტკიცებას გულისხმობს. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საუბარია გადაადგილების, საკუთრების, შრომის, პროფესიული,ან ეკონომიკური საქმიანობის უფლებათა მინიმალურ შეზღუდვებზე, კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით. საკანონმდებლო ცვლილება, დამტკიცების შემთხვევაში, 23 მაისიდან ამოქმედდება.

 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღებასთან დაკავშირებული კანონი პირველი მოსმენით 21 მაისს მიიღეს.

 

 

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.