Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0651
EUR
3.5049
RUR
0.0431
GBP
3.8715

კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს „ეშმაკისეული მოქმედება იქნება“.

 

ამ სიტყვებით მეუფე ნიკოლოზი ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ვაქცინა, რომელიც შეიქმნება, ადამიანის დამორჩილებას მოემსახურება.

 

„რაზეც მეუფე საბამ გააკეთა რეაგირება, იყო ის, რომ ეს ვაქცინა იქნება საყოველთაო. ანუ, ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებასო. ეს არის ნამდვილად ეშმაკისგან. თუ ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებას, ყველა ადამიანს იძულებულს გახდიან, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება. მე ამას იმპერატიულად არც ერთი ადამიანისგან არ მივიღებ. თუ იქნება იმპერატიულად, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიკეთოს საყოველთაოდ ყველამ, ყოველგვარი ახსნის გარეშე, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ, მაგრამ თუ დამაძალებენ - არა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

მისი თქმით, ეკლესია, ზოგადად, მკურნალობისა და ვაქცინაციისადმი პოზიტიურადაა განწყობილი.

 

„ზოგადად, ეკლესიის დამოკიდებულება მკურნალობისადმი არის პოზიტიური, ვაქცინებისადმიც არის პოზიტიური. ახალი ვაქცინა არ არსებობს და რა გითხრათ, რომ შეიქმნება, მერე ვნახოთ, რა არის. გაიაროს ამ ვაქცინამ გამოცდები და მერე ვისაუბროთ“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

შეგახსენებთ, რომ მეუფე საბამ ქადაგებისას შემდეგი განცხადება გააკეთა:

 

„შემოთავაზებული იქნება ადამიანებისთვის ვაქცინა, რომელიც არა იმდენად ვირუსს მოემსახურება, არამედ ადამიანის დამონებას, ადამიანების მართვას, დამორჩილებას“.

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც 1950 წლის, შუმანის ისტორიული დეკლარაციის აღსანიშნავად დაწესდა. მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე გაკეთებულ ამ მიმართვაში ჩამოყალიბებული იყო ევროპის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის იდეა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროკავშირის შექმნას.

 

დღეს, 27 წევრი სახელმწიფოსგან და თითქმის 446 მილიონი ადამიანისგან შემდგარი ევროკავშირი, ამ დეკლარაციის სამოცდამეათე წლისთავს აღნიშნავს. 2020 წლის ევროპის დღის მთავარი მოწოდებაა - „ერთად უფრო ძლიერები ვართ“, რაც ხაზს უსვამს COVID-19-ს პირობებში ერთიანობის აუცილებლობას.

 

9 მაისთან – ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განცხადება გააკეთა:

 

„დღევანდელ დღეს, ზუსტად 70 წლის წინ, წარმოდგენილ იქნა ევროპის მომავლის ახალი ხედვა, რომლის თანახმადაც ომებისა და კონფლიქტების ნაცვლად კონტინენტზე თანამშრომლობა და მშვიდობა უნდა დამყარებულიყო.

 

იმ დროს, შესაძლოა, ეს იდეა უტოპიურად ჟღერდა, თუმცა მოგვიანებით, ევროკავშირის შექმნითა და გაძლიერებით, ის რეალობად იქცა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ევროპის დღეს ერთად ვერ აღვნიშნავთ.

 

სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ, ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო - მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით. ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე რთულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკური მიზეზებით. თანაგრძნობა მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც დღეს განსაცდელშია.

 

სწორედ კრიზის დროს გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები ყველაზე მეტად. ნათქვამია „კარგი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო“. ამიტომ, ჩემთვის საამაყოა, რომ ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და საფინანსო ინსტიტუტები - ანუ “ევროპის გუნდი” - გააქტიურდნენ ამ გამოწვევის დასაძლევად იმის მტკიცე დასტურად, რომ ჩვენი მეგობრობა მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ.

 

დაუღალავი მუშაობისა და მტკიცე პოლიტიკური ნების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზაცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში. ეს უპრეცედენტო თანხა საქართველოს დაეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისიდან გამოსვლაში და მომავალ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან ბრძოლისთვის უკეთ მომზადებაში.

 

საქართველომ, სადაც სტუმართმოყვარეობა და სოლიდარობა ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილია, კარგად იცის მეგობრის ფასი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს იმ თანაგრძნობისთვის, რომელსაც ის გასული კვირების განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მის მოსახლეობას უცხადებდა.

 

ეს იქნება რთული წელი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის, მაგრამ ერთად ჩვენ ძლიერები ვართ და ერთად ყველაფერს მოვერევით.

 

გაუფრთხილდით თქვენს მშვენიერ ქვეყანას და ერთმანეთს.

 

გილოცავთ ევროპის დღეს!“

 

 

 ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ისტორიულმა თანამშრომლობამ და სოლიდარობამ ევროპის კონტინენტზე არნახული სამოცწლიანი მშვიდობა და კეთილდღეობა მოიტანა.  დღევანდელი კრიზის პირობებში სოლიდარობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ სოლიდარობის შედეგია ის, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა დროულად შეძლეს საავადმყოფო საწოლების მობილიზაცია და ერთმანეთისთვის გაზიარება, აგრეთვე ევროკავშირის მასშტაბით ფინანსური დახმარების ამოქმედება.

 

სოლიდარობა ევროკავშირის საზღვრებს სცდება და მის მთავარ პარტნიორებზეც ვრცელდება. გასულ კვირებში, ევროკავშირმა საქართველოს, კრიზისის დასაძლევად, თითქმის 1.5 მილიარდი ლარზე მეტი გამოუყო. ეს თანხა მოხმარდება სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას, კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასა და ეკონომიკის აღდგენას. ამ თანხის თითქმის 2/3 უსასყიდლო დახმარების ფორმით არის წარმოდგენილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი - განსაკუთრებულად შეღავათიანი პირობებით გაცემული სესხია.

 

ეს თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილ დონორად რჩება, საქართველოს ბიზნესს მიეცა წვდომა ევროკავშირის ბაზარზე, სქართველოს 500,000-ზე მეტმა მოქალაქემ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურა. საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის უპრეცედენტოდ ბევრი პროგრამა. მათი საშუალებით საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა 7,000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, ევროკავშირის დახმარებით 40,000-ზე მეტმა საწარმომ ისარგებლა.

 

გასულ წლებში თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ევროპის დღეების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა 100,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. 

 

ამ სულისკვეთების შესანარჩუნებლად, 9 მაისს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწყებს საინფორმაციო კამპანიას სოციალურ და სამაუწყებლო მედიაში. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეუერთდეს ამ კამპანიას 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გააკეთა.

 

მისივე განმარტებით, 11 მაისიდან ასევე გაიხსნება ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

 

„11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, - განაცხადა გახარიამ.

აცრები და ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ვისაც უნდა გაიკეთებს და ვისაც არ უნდა - არა, დაძალება ამ შემთხვევაში არ შეიძლება, - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ წირვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„მოვისმენთ და გავითვალისწინებთ ექიმების რეკომენდაციებს. შედგება კომისია, რომელიც განიხილავს, არის თუ არა მისაღები აცრები და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ვერ შევაფასებ კონკრეტული მღვდელმთავრების ქადაგებებს, ვინაიდან ამის არანაირი უფლება არ მაქვს“, - განაცხადა მეუფე გერასიმემ.

 

მისივე თქმით, კონკრეტული მღვდელმთავრების ქადაგება აცრების წინააღმდეგ მხოლოდ მრევლის გაფრთხილებას ემსახურება.

 

„რასაც მღვდელმთავრები ამის შესახებ იმიტომ ქადაგებენ, რომ ჩვენი მრევლი გააფრთხილონ და ტაძარში სიარულისა და სიფრთხილისკენ მოუწოდონ“, - აღნიშნა მეუფემ.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკისგან საქართველო საჩუქრად კიდევ 27 000 ტონა ხორბალს მიიღებს.

 

„საქართველოს საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის „სურსათი პროგრესისთვის“ ფარგლებში საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დავეხმაროთ ქვეყანას პანდემიის დროს“, - განაცხადა კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში.

 

დეგნანის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებმა აკრძალეს მარცვლეულის ექსპორტი, აშშ იძიებს გზებს, რომ საქართველოს დაეხმაროს მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში.

11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს ეხება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმითა და ფეხსაცმლით. ცვლილება არ შეეხება მოლებს.

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინი-თბილისის რეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 183 თანამოქალაქე დაბრუნდა.

 

მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუმებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

 

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 4909 ადამიანია განთავსებული.

იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი – “ზაოდი” მიაწერეს. წარწერის ამსახველი ფოტო ფეისბუქში გრავინა ინ პულიას მერმა ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა და იმ ადამიანის დასჯა მოითხოვა, ვინც ეს გააკეთა.

 

„ჩვეულებრივი იდიოტები. წუხელ ისინი ომის მემორიალს დაესხნენ თავს. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტებს მისცა თავისუფალ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა,“ – წერს ალესიო ვალენტე.

 

მერი წერს, რომ უკვე აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას და ქუჩის კამერებით იმ ადამიანების პოვნა სთხოვა, რომლებმაც მემორიალზე წარწერა დატოვეს.

 

„ვიმედოვნებ პოლიცია იპოვის პასუხისმგებელ პირებს. ამ შემთხვევაში, მე ვთხოვ მათ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთონ.

 

იმედია ესმით რამდენად საშინელია მათი ქმედება, მოინანიებენ და ექნებათ იმის გამბედაობა რომ თავად გამოასწორონ. ნებისმიერ შემთხვევაში, გპირდებით, ამაღამ, ყველაზე გვიან კი ხვალ, მუნიციპალიტეტის მიერ მემორიალი წარწერისგან გაიწმინდება,“ – წერს გრავინა ინ პულიას მერი.

 

მერის პოსტს გამოეხმაურნენ იტალიაში მცხოვრები ქართველები, რომლებიც გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარებში ბოდიშს იხდიან ვანდალიზმის გამო და წარწერის წაშლაში იტალიელებს დახმარებას სთავაზობენ.

 

11 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი მოიხსნება.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისში შესვლა-შემოსვლა 15 აპრილიდან შეიზღუდა.

ბრაზილიის ტერიტორიაზე ამაზონის ტყის უკანონო გაჩეხვის ტემპი გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აპრილში უკანონოდ 405 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია გაიჩეხა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით მეტია. 2020 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 55%-ით გაიზარდა.

 

გარემოს დამცველების თქმით, ასეთი მაღალი აქტივობა პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს რიტორიკა უწყობს ხელს. თავად ბოლსონარუ ამას უარყოფს და კვირის დასაწყისში ტყის დასაცავად რეგიონში შეიარაღებული ძალების დანაყოფები გაგზავნა.

საქართველოს საზღვრებზე სავალდებულო კარანტინი 1 საათამდე უნდა შემცირდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტურიზმის ამოქმედების აღდგენის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

 

„ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი. პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი და აქ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი. თუ აქამდე ჩვენ გვჭირდებოდა 14-დღიანი კარანტინი, 24-საათიანი კარანტინი, 1 საათში უნდა იყოს დასრულებული. ამის შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას გადაწყვეტს უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა პრემიერმა.

კოკა ყანდიაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ჟურნალისტი წერს, 2014 წლიდან ის საჯარო სამსახურში აღარ არის და მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მას 2004 წლიდან ყველა ხერხით ებრძვის.

 

„არახალია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ხერხით მებრძვის 2004 წლიდან. არც ისაა ახალი, რომ არასდროს დავიღლები ამ ბოროტ ძალასთან ბრძოლით. დიახ, ზუსტად ნაციონალური მოძრაობის მიზანი იყო, ჩამოვეშორებინე ჩემს საყვარელ საქმეს - ტელევიზიას. გამოუვიდათ კიდეც. მაგრამ, ვერავინ ამიკრძალავს შევქმნა მედია საშუალებები და ხალხს გავაგებინო სიმართლე, რომელიც ხან პარტიებს არ მოსწონთ და ხანაც ბიზნესებს.

 

2014 წლიდან, აღარ ვარ საჯარო სამსახურში. მე არ ვყოფილვარ და არ ვარ „ქართული ოცნების“ თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ“- წერს ყანდიაშვილი.

 

მისი თქმით, „ესპერსონა“ დამოუკიდებელი მედია პლატფორმაა, რომლის საქმიანობაც კარგადაა ცნობილი საზოგადოებისთვის.

 

„ესტუმრეთ ჩვენს ვებ გვერდს www.espersona.com და თავად ნახავთ. რაც შეეხება ფეისბუქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც მიაწოდეს «კვლევის» მასალები ფეისბუქს, თავად «კვლევის» სამიზნედ პირადად მე და «ეS პერსონა» ჰქონდათ ამოღებული, რომ რამენაირად მოეყენებინათ ჩვენთვის ზიანი. რასაც ამ ეტაპზე მიაღწიეს კიდეც, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ფეისბუქთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამათ ტყუილებს მალე მოეღება ბოლო.

 

მინდა აღვნიშნო, რომ ახლო მომავალში, ჩემს ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთად, უფრო საინტერესო მედია პროდუქტებს შევთავაზებთ ჩვენს საზოგადოებას. ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ ფეისბუქთან, გუგლთან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს ფეიკ ნიუსებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა“- წერს ჟურნალისტი.

 

Facebook-ის ადმინისტრაციამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ ასოცირებულ პირებთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

 

როგორც განცხადებაში წერია, Facebook-მა არაავთენტური ქმედებების გამო წაშალა Facebook-ის 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 ანგარიში. Facebook-ის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები იყენებდნენ ავთენტური და ყალბი ანგარიშების კომბინაციას და მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს, რომლებიც თავს ასაღებდნენ საინფორმაციო ორგანიზაციებად.

არქივი

« « » » July 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?