Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0651
EUR
3.5049
RUR
0.0431
GBP
3.8715

საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს.

 

ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს. ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს. ამასთან, ისმის შეძახილები „საქართველო, საქართველო“.

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თავდაპირველად სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა მოგვიანებით ნება დართეს, რომ მოძრაობა გადაეკეტათ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებს მიმართავს, რომელსაც „გლობალპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„გულითადად მოგესალმებით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეთ, მოგესალმებით უფლის დედის,- ყოვლადწმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყნის სახელით, იმ ქვეყნის სახელით, სადაც მაცხოვრის ნებით და ღვთისმშობლის დავალებით ქრისტიანობა ჯერ კიდევ I საუკუნეში იქადაგა წმ. ანდრია პირველწოდებულმა და დაარსა პირველი ეპარქიები და ეკლესია. მან სამჯერ იმოგზაურა საქართველოში მოციქულ მატათასა და სვიმონ კანანელის თანხლებით.

 

მოციქული მატათა ბათუმის ახლოს, გონიოშია, დაკრძალული, სვიმონ კანანელი კი, -აფხაზეთში, კომანში.

 

თქვენ ჩამოხვედით ქვეყანაში, სადაც 1700 წლის წინ, ასევე ღვთისმშობლის დავალებით, მოვიდა კაპადოკიელი ქალწული, წმ. ნინო, რომლის ქადაგებით და ღვთის შეწევნით აღსრულებულ სასწაულთა მადლით მოექცა ჩვენი მეფე-დედოფალი, მთელი ერი და ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ეს IV საუკუნის 30-იან წლებში მოხდა; V საუკუნეში საქართველოს ეკლესია გახდა ავტოკეფალური, XI საუკუნიდან მისი საჭეთმპყრობელი კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებს.

 

თქვენ ჩამობრძანდით ქვეყანაში, სადაც ჩვენს სულიერ დედაქალაქ მცხეთაში დაფლულია ძველი და ახალი აღთქმის უდიდესი სიწმინდენი,- კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხალენი წმ. ილია წინასწარმეტყველისა, სადაც დაცულია ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატები, ღვთისმშობლის კვართი და მრავალი სხვა სიწმინდე.

 

საქართველომ, კავკასიის ამ პატარა ქრისტიანულმა ოაზისმა, დიდი მსხვერპლის ფასად 2000 წლის მანძილზე შეურყვნელად დაიცვა უცვალებელი სწავლება ეკლესიისა. არაერთი მაგალითი გვაქვს, ათასობით ბერის, მონოზვნის, სასულიერო პირისა და ერისკაცთა თავდადებისა. ჯალალედინის დროს მარტო ერთ დღეს 100 000 მართლმადიდებელს მოკვეთეს თავი, რომელთაც არ შეურაცხყვეს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები.

 

თუმცა გვქონდა დიდი ჩავარდნის პერიოდიც – ათეისტური რეჟიმის ხანა, როდესაც თითქმის ყველაფერი განადგურდა: ხელნაწერები, ხატები, ტაძრები, საეკლესიო ნივთები; გადაასახლეს, დაარბიეს და დახვრიტეს თითქმის მთელი სასულიერო დასი, რის შედეგადაც 25 000 მოქმედი ეკლესიიდან XX საუკუნის სამოციანი წლებისთვის 48-ღა დარჩა.

 

მადლობა ღმერთს, დღეს სხვა მდგომარეობაა. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ პრობლემები, შიდა თუ გარე, მრავლად გვაქვს. ყველაზე მოუშუშებელი და მტკივნეული კი მაინც ის არის, რომ მართალია, საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ანხორციელებს, რადგან ეს ტერიტორია (ქვეყნის 20%) ოკუპირებულია.

 

ძვირფასო სტუმრებო, თქვენც იმ ქვეყნების წარმომადგენლები ბრძანდებით, რომელთა წარსულიც ქრისტესთვის თავდადების მაგალითია, რომელთა კულტურა, აზროვნება და ცხოვრების წესი ქრისტიანობითაა განმსჭვალული. დღეს, მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში, ჩვენ ყველანი და, ზოგადად, კაცობრიობა მრავალი საერთო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასებების მოსმენა თანამედროვე ტენდენციებზე, თქვენეული ანალიზი გამოწვევების თაობაზე და ხედვა მომავლისა“, - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

პარლამენტის შენობას ჟურნალისტებს ატოვებინებენ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლების ჟურნალიტებს სთხოვენ, საკანონმდებლო ორგანოს შენობა მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე დატოვონ.

 

პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის კვლავ დაძაბული ვითარებაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქუთაისში იმყოფება. პრემიერი მეუფე კალისტრატეს პანაშვიდზე ბაგრატის ტაძარში იმყოფებოდა.

 

პრემიერი დღეს, საღამოს, ელექტრომობილების საწარმოს პროექტის პრეზენტაციას უნდა დასწრებოდა, თუმცა პრეზენტაცია გადაიდო.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებენ, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესიას ესწრება.

 

მათი თქმით, სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმის დეპუტატია და ის იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ აფხაზეთის ომში. ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, რუსი დეპუტატის ინიცირებული კანონპროექტით 2011 წელს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმებს დიდი დახმარება გაეწიათ. აქციის მონაწილეების თქმით, ეს ადამიანი პუტინის იდეოლოგიური მოკავშირეა და არ უნდა ჩამოდიოდეს საქართველოში.

 

შეგახსენებთ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტთან ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. აქციის მონაწილეები კვლავ ცდილობენ საქართველოს პარლამენტში შეჭრას, თუმცა ამის უფლებას პოლიცია არ აძლევთ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს აღჭურვილობები დაუმტვრიეს. ამის პარალელურად ერთ ერთი მოქალაქე პარლამენტის შენობის ფასადზე ავიდა და საქართველოს დროშა აიტანა, თუმცა ის პოლიციელებმა ჩამოიყვანეს.

 

ამის შემდეგ პოლიციელებსა და მოქალაქეებს შუაში ჩადგნენ გიგი უგულავა და გიგა ბოკერია. მათ გამოჩენას შეძახილები მოყვა. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.

აქციის მონაწილეების ნაწილი სასტუმრო „რედისონთან“ მივიდნენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, ისინი დააზუსტებენ, იმყოფება თუ არა რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი "რედისონში", რის შემდეგაც ისინი კვლავ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

 

მათივე ინფორმაციით, გავრილოვი სწორედ „რედისონში“ იყო დაბინავებული და ეჭვი, რომ რუსი დეპუტატი ამ წუთებში სასტუმროშია, აღნიშნულიდან გამომდინარე გაჩნდა.

 

„ორი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს- სასწრაფო დეპორტაცია ამ ადამიანის და საორგანიზაციო ჯგუფმა მკაფიო ბოდიში მოიხადოს საქართველოს ყველა მოქალაქის წინაშე. ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა. ამაზე მწარე ოკუპაცია არ არსებობს. ერთადერთი, რაც დარჩათ, არის პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვა და რუსეთის ჰიმნის აჟღერება",-აცხადებს ქაცარავა.

„თბილისი პრაიდის“ ოფისი გეგმავს დესტაბილიზაციას და ჩვენი შვილების სიბილწეში ჩათრევას, ამიტომ როგორც მავნებელი ორგანიზაცია, უნდა დაიხუროს, - ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს აქციაზე განუცხადა, რომელიც ამ წუთებში „თბილისი პრაიდის“ ოფისთან მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, აქცია 15 წუთში დაიშლება, რათა ვნებათაღელვაში არ გადაიზარდოს. გურამ ფალავანდიშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ფიზიკურად არ შეეხონ „თბილისი პრაიდის“ არც ერთ წევრს.

 

მისი განცხადებით, თუ მთავრობა მათ ოფისს არ დახურავს, ისინი ორგანიზაციის წევრებს სამსახურში სიარულის საშუალებას არ მისცემენ.

 

„აუცილებელია ამათი ოფისის დაკეტვა. ეს ოფისი გეგმავს დესტაბილიზაციას და ჩვენი შვილების სიბილწეში ჩათრევას. ამიტომ როგორც მავნებელი ორგანიზაცია, უნდა დაიხუროს. არც არაფერს ვამტვრევთ, უბრალოდ გვინდა, რომ დაიხუროს. თუ არ დახურა მთავრობამ, ბოლოს და ბოლოს, ეს კარი მაინც აიჭედოს. თუ გაგრძელდა რომელიმე ოფისიდან ჩვენი ბავშვების დატერორება, ვიზამთ ისე, რომ მათ მშიდად არ იარონ სამსახურში. ასევე, მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს ფიზიკურად არ შეეხოთ ამ ორგანიზაციის არც ერთ წევრს. ვნახოთ რა იქნება. ჩვენ ხელისუფლებიდან კარგი მესიჯი გვაქვს.

 

დაკითხვაზე ყოფნისას ვნახეთ, რომ იქ ძალიან დიდი ზიზღის განწყობაა. სამართალდამცავს ეზიზღება ეს სიბილწე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ წყლის ჭავლი მიუშვან პოლიციელებმა იქ შიშველი ხელებით და თეთრი ცხვირსახოცებით მისულ ხალხს,“ - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

პარლამენტის შესასვლელთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება.

 

პოლიციელები აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. პარლამენტის ეზოში დამატებითი ძალები არიან მობილიზებულები.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე,   კლინიკაში გარდაიცვალა.  მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 10 დღეზე მეტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

 

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამოდენიმე თვეში აკურთხეს ეპისკოპოსად.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

 

1989 წლის 8 თებერვალს მეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის 25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ხარისხში.

 

მეუფის ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. სასულიერო პირთა ნაწილი და ლევან ვასაძის თანამოაზრეები „თბილისი პრაიდის“ ოფისთან არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, აქციის მონაწილეთა მოთხოვნა „თბილისი პრაიდის“ ოფისის დახურვაა. მისი თქმით, ეს არის ბუდე, რომელიც სიბინძურის პროპაგანდას ეწევა. ფალავანდიშვილის განცხადებით, ეს არის მშვიდობიანი აქცია, რომელიც დაახლოებით 30 წუთში დასრულდება.

არქივი

« « » » July 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?