Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9781
EUR
3.3
RUR
0.0467
GBP
3.8549

„კვირას, 20:00 საათზე მამაკაცებს გეპატიჟებით ვერის ბაღში,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ვასაძე თანამოაზრე მამაკაცებს ხვალ, შეკრებისკენ, ქალებს და ბავშვებს კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ის შეხვედრის მონაწილეებს სამოქმედო გეგმას გააცნობს.

 

„გეძახით, ხალხო მოდით და დაგვიდექით. ვერავის ავუკრძალავთ მოსვლას, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა. ამიტომ, ქალბატონებს და ბავშვებს ვთხოვ, დარჩეთ სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს - ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს. ძმებო და დებო, ეს ჩვენი სამშობლოა. ის დაფუძნებულია ჩვენი და თქვენი კულტურების პატივისცემაზე. მაგ საფუძვლის მორღვევას ცდილობენ. ნუ დავუშვებთ ამას. გეპატიჟებით ხვალ, 20:00 საათზე, ვერის ბაღში.

 

ვფიქრობდი, სად შევიკრიბოთ-მეთქი. მე მთაწმინდელი კაცი ვარ, ჩემი უბანი მიყვარს. მერე გადავწყვიტე, რომ ეს მამაჩემის უბანი - ვერა, ძალიან კარგი და სიმბოლური ადგილია კაცების შეყრისათვის. იქ გაგაცნობთ სამოქმედო გეგმას. ეს სამოქმედო გეგმა არის საქართველოში წესრიგის დაცვა,“ - განაცხადა ვასაძემ.

ფრანგული გამოცემა Le Figaro საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მატებაზე. წერს. გამოცემის ინფორმაციით, დევნილებისა და აპატრიდების დაცვის სამსახურის მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 86%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (3548 მოთხოვნა).

 

გამოცემის ცნობით, 2018 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში თავშესაფრის მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების 1898 მოთხოვნა დაფიქსირდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ასევე გაიზარდა ალბანეთის მოქალაქეებს შორის - 32%-ით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო შესყიდვების მართვის სისტემური საკითხებისა და სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების შესახებ აუდიტზე მუშაობს.

 

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული, 2018 წელს სამსახურმა დაიწყო 2 სისტემური შესაბამისობის აუდიტი, რომლებიც დასრულდება 2019 წელს, კერძოდ: სახელმწიფო შესყიდვების მართვის სისტემური საკითხები და სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხები.

 

უწყების განმარტებით, აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში სისტემურია და საერთოა უწყე­ბების უმრავლესობისათვის. სწორედ ამიტომ, 2018 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო აუდიტის ახალი მიმართულების, სისტემური (ჰორიზონტალური) აუდიტების ჩატარება, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სექტორში სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების გამოვლენას და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას.

 

ამასთან ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 90 აუდიტი და ჯამურად დაფარა 11 მლრდ ლარი, რაც ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 85%-ს შეადგენს.

 

დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს 2017 წელთან შედარებით შემცირდა ფინანსური აუდიტების რაოდენობა, რაც გამოწვეული იყოს მთავრობის სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებებით (სამინისტროების გაერთიანებით), 4%-ით გაიზარდა ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს ჩატარდა 25 ფინანსური, 53 შესაბამისობის და 12 ეფექტიანობის აუდიტი.

 

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა. დოკუმენტს თავდაპირველად პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ( საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) განიხილავს, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

არავინ სდევნის ლგბტ თემს, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ლგბტ თემის აქციას. მეუფე იაკობი კვირას, 16 ივნისს, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მოწოდებით მიმართავს, თუმცა რა შინაარსის იქნება ეს მოწოდება, სასულიერო პირი არ აკონკრეტებს.

 

ამასთან, კითხვაზე, შეათანხმებს თუ არა ის კვირას დაანონსებული განცხადების შინაარსს საპატრიარქოსთან, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ არავისთან შეთანხმებას არ აპირებს.

 

„ერი ნახავს, რა ტიპის მოწოდებასაც გავაჟღერებ. მე ხელწამოსაკრავი ადამიანი არ ვარ. გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი ვარ და მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა ქართველი ერისთვის. არავისთან არ შევათანხმებ, მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

გარდა ამისა, მან ლგბტ თემის მიერ გამართულ აქციაზე სალომე სამადაშვილის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას მისვლას სამარცხვინო უწოდა.

 

„ერთი რამე იცოდეს ყველამ: არავის არ ჩავატარებთ მაგას. დევნიან თუ არა მათ? არავინ მაგათ არ სდევნის. ჩვენთან წინა მთავრობაში ძალიან ბევრი მინისტრი იყო მასეთი, თუმცა არავის არაფერი არ უთქვამს. რა შუაშია კონსტიტუცია, ვარღვევ რამეს? შეიკრიბონ ინდოჩინეთში. სამარცხვინოდ მოიქცნენ სალომე სამადაშვილი, ელენე ხოშტარია და თამარ კორძაია. მიხედონ თავიანთ ოჯახებს,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა ტვ „პირველის“ ეთერში.

ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს შვილმოკლული მამის ვედრებაა თითოეული ჩვენთაგანისთვის! - ასე იწყება ზაზა სარალიძის განცხადება, რომელიც მან სოციალურ ქსელში განათავსა.

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს. ზაზა სარალიძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერების ბლანკი აქვს დატანილი, აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ვალდებულია ხალხის ინტერესებს ერგებოდეს და თუ ეს ასე არ ხდება, ის ხალხის და სიმართლის მტერია.

 

„ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს შვილმოკლული მამის ვედრებაა თითოეული ჩვენთაგანისთვის! გადადეთ ყველამ პროფესია და წამით დაბრუნდით იმ იდილიაში, რასაც ჰქვია ტკბილი ოჯახი. ჩახედეთ შვილებს თვალებში და წამით წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება ის დრო მოვიდეს, კითხვა დაგისვათ, თუ რა გააკეთე შენ როცა სიტყვა გეთქმოდა სიმართლის გვერდით ხმამაღლა დგომის. ეს დრო აუცილებლად მოვა! არ შეგეშინდეთ ხმამაღლა ყვირილი ჩვენ სიმართლე გვინდა!

 

მკვლელის დამალვა არაფერია, ვიდრე სიმართლის დამალვა და რაც უფრო ღრმად დაიმალება მით უფრო უფსკრულისკენ წავა ჩვენი ქვეყნის ბედიც და მომავალიც, რომელი მომავალიც ჩვენ უნდა შევქმნათ სიმართლეში ან ტყუილში.

 

არც ერთი ხელისუფლება არ იქნება დამნაშავე, თუ ჩვენ მათ მივეცით ნება თავიანთი პირადი ინტერესებით გვმართოს! ხელისუფლება ვალდებულია ხალხის ინტერესებს ერგებოდეს და თუ ეს ასე არ ხდება, ის ხალხის და სიმართლის მტერია“, - წერს ზაზა სარალიძე.

მუქარის შემცველი გზავნილები - მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მუქარების რაოდენობამ მის მიმართ განსაკუთრებით იმატა. სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ის უკან დახევას არ აპირებს რა ბინძური მეთოდებითაც არ უნდა ებრძოლონ მას. შვილმკვდარი მამის თქმით, მთავარი ბრალდება მის წინააღმდეგ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთობლივად ქმედებაა და ამბობს, რომ ის იმ ძალას დაუჭერს მხარს, ვინც სისტემის დანგრევაში დაეხმარება.

 

"მუქარის შემცველი ესემესები არის, ვინც წინააღმდეგია ვთქვათ ნაციონალების, წინააღმდეგია გაერთიანებული ოპოზციის წინააღმდეგია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიების, თუნდაც "რომ მოვიდეს სხვა ძალა ხელისუფლებაში, არც ისინი მოგაქცევენ ყურადღებას," ესეთი გზავნილები არის. ყველაფერს იმისთვის გავაკეთებ, რომ გავანადგურო ეს სისტემა,"-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ამ დროისათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება საქართველოს 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

 

სამინისტროს განცხადებით, ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია. უწყების განმარტებით, ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია.

ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ვინც კოტე აფხაზის ქუჩაზე, ან მიმდებარე ქუჩაზე ცხოვრობს და ჰყავს ავტომობილი, მათთვის პარკირება იქნება უფასო. ასევე, პარკირება უფასო იქნება შშმ პირთათვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილების მფლობელთათვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში მიმდინარე მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

კახა კალაძემ კოტე აფხაზისა და მიმდებარე ტერიტორიებზე პირველი აგვისტოდან განსახორციელებელ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდა მოწესრიგებული პარკირების სისტემისა, აღნიშნულ ტერიტორიებზე იმოძრავებს ახალი MAN- ის ტიპის ავტობუსები, რათა მოძრაობა უფრო მოწესრიგებული და კომფორტული იყოს მოსახლეობისათვის.

 

„1-ელი აგვისტოდან შედის ძალაში საპილოტე პროექტის განხორციელება - ყოფილი ლესელიძის და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა არის. ყველაფერი დალაგებული და გადაწყვეტილია. ტარიფები უკვე დამტკიცებულია საკრებულოს მიერ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მოსახლეობის ინფორმირება. მინდა, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ დავამყაროთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან ამ რეფორმასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ განვათავსებთ სპეციალურ ჯიხურებს იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მივიდეს, დასვას შეკითხვები და მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პარკირებასთან დაკავშირებით.

 

ადგილობრივი მოსახლეობისათვის ვინც, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ან მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობს და ჰყავს ავტომობილი, მათთვის პარკირება იქნება უფასო. ისინი არ გადაიხდიან არაფერს. ასევე ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება იქნება უფასო. შშმ პირთათვის იქნება განსაზღვრული სპეციალური ადგილები, რომლებიც იქნება ასევე უფასო. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის იქნება უფასო ადგილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მერმა ტარიფებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზონები A,B,C კატეგორიებად იქნება დაყოფილი და თითოეულს თავისი ფასი ექნება.

 

„პირველ აგვისტომდე ფასიან პარკირების ზონებზე შესაბამისი მონიშვნები დაიხაზება, განთავსდება საგზაო ნიშნებიც. ფასიანი პარკირება A,B,C კატეგორიებად იქნება დაყოფილი. საფასური A ზონაში 1 საათი - 1 ლარი; B ზონაში - 2ლარი; C ზონაში - 3ლარი.

 

ამ ქუჩაზე ჩვენ დავამატეთ ახალი ,,MAN”- ის ტიპის ავტობუსები, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდეს და გადაადგილება იყოს მოსახლეობისათვის უპრობლემო“ , - განაცხადა კახა კალაძემ.

მრგვალ ბაღში არსებული მდგომარეობა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად, დაათრევენ ამ ქვებს ხან - იქეთ, ხან -აქეთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საკუთარ მოადგილეს დაავალა აღნიშნულმა კომპანიამ მრგვალ ბაღში მუშაობა აღარ გააგრძელოს.

 

როგორც კალაძემ განაცხადა, 2 თვის განმავლობაში ბაღში არაფერი გაკეთებულა.

 

„მრგვალ ბაღში არსებული მდგომარეობა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად, დაათრევენ ამ ქვებს ხან - იქეთ , ხან - აქეთ. გადათხრილი და გადანგრეულია ყველაფერი. ასე გაგრძელება ჩვენთვის მიუღებელია. კომპანიას არ აინტერესებს არც ქალაქის მთავრობა, არც მერია, მაგრამ ჩემთვის თბილისის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ. იმოქმედეთ მარტივად. ეს კომპანია ვერ და არ გააგრძელებს სამუშაოებს. 2 თვეა უკვე პატარა ბაღის რეაბილიტაცია ვერ მოვახერხეთ. არ ვარგა ეს დამოკიდებულება. სამწუხაროა, რომ გვყავს არაკეთილსინდისიერი კომპანიები, თუმცა მათ სჭირდებათ შესაბამისი პასუხი. ასეთმა კომპანიებმა არათუ მერიის ტენდერებში, საერთოდ სახელმწიფო ტენდერებში ვერ უნდა მიიღონ მონაწილეობა",- განაცხადა კალაძემ.

ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია. ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

უწყების განმარტებით, მსგავსი რამ მოხდა საქართველოს მოქალაქეებთანაც მიმართებაში, მათ არ ჰქონდათ ისრაელში ლეგალური ყოფნის უფლება და შესაბამისად დაექვემდებარებიან დეპორტაციას.

 

„ამ დროისათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ. თორმეტივე მოქალაქისთვის ეტაპობრივად, მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა. ეს მოქალაქეები დაკავებული იქნენ ისრაელის სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროს, რაიმე მასიური დაკავებები არ მიმდინარეობს“, - აღნიშნულია საგარო უწყების განცხადებაში.

ცირკულარული მიგრაცია, როგორც მიგრაციის დაძლევისა და საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმების მხარდამჭერი ინსტრუმენტი, საქართველოს პრიორიტეტია, - ამის შეასხებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, შრომის საერთაშორისო ორგანოზაციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, ცირკულარული მიგრაცია სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის მიგრანტებს, როგორც წარმოშობის, ასევე მიმღებ ქვეყანაში.

 

,,საქართველოსთვის ეს არის მექანიზმი, რომ შეცვალოს და შეამციროს არარეგულარული მიგრაცია და ამრიგად, შრომითი მიგრანტების უფლებები დაიცვას, აგრეთვე, უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და ადამიანის შესაძლებლობების განვითარებას შეუწყოს ხელი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ სფეროში უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა ორმხრივი შეთანხმებების განვითრებაზე.

 

,,2018 წლის დეკემბერში მსგავსი ხელშეკრულება გაფორმდა საფრანგეთთან. ცირკულარული მიგრაციის სქემების საპილოტე ვერსიები წარმატებით განხორციელდა პოლონეთთან და ქვეყნებმა, როგორიცაა ბულგარეთი, ესტონეთი, უნგრეთი, პორტუგალია, უკვე გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობაზე. დროებით ლეგალური დასაქმების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობას ყველა პარტნიორთან გავაგრძელებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტის თქმით, ვერც ერთი აღნიშნული საკითხი ვერ და არ მიიღწევა საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციისა და ევროკავშირის ტექნიკური და ფინანსური დახმარებისა და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის პროექტების განვითარების გარეშე.

 

,,საქართველოს კარგად ესმის რომ საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის პრინციპებთან შესაბამისობა ჩვენს ქვეყანას უფრო დაახლოებს ევროკავშირის სტანდარტებთან და ხელს შეუწყობს ჩვენი ინტეგრაციის შესაძლებლობას. გარდა ამისა, საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის პრაქტიკის საქართველოში სრულად დანერგვა გულისხმობს შრომის ევროპული ხარისხის შემოტანას და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ დაცვას. ამრიგად, ხელს შეუწყობს მიგრაციისკენ სწრაფვის შემცირებას და ჩვენს დაახლოვებას ევროპასთან", - განაცხადა პრეზიდენტმა

2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 45 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

 

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად - საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვლითა სტატუსის შესახებ გაერომ მორიგი რეზოლუცია 79 ხმით 15 წინააღმდეგ მიიღო. 57-მა წევრმა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, რეზოლუციას მხარი 81-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 16-მა ქვეყანამ მისცა, 62-მა კი თავი შეიკავა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში.

 

"მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 45 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 45-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ 45 ქვეყნის სახელითაა, და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

 

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

 

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

 

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

 

რეზოლუციის წარდგენისას, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. ბატონმა იმნაძემ, ხაზგასმით განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთები რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.

 

სხდომაზე აგრეთვე გაკეთდა შემდეგი მხარდამჭერი განცხადებები: სუამ-ის ქვეყნების სახელით ისაუბრა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა; ჩრდილო ევროპული და ბალტიის ქვეყნების სახელით განცხადება გააკეთა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომელსაც მიუერთდნენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლნდები, პოლონეთი და სლოვენია. მხარდამჭერი ეროვნული განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგემლებმა.

 

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში.

 

საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანდგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

არქივი

« « » » November 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?