Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

თუ დავინახეთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დროში იწელება და მთლიანი ქუჩის რეაბილიტაცია სრულად ვერ მოხერხდება, ჩვენ დავამთავრებთ ამ პირველ ნაწილს, რაც დაწყებულია და შემდგომ მომდევნო წლებში გადავალთ სხვაზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მიწის ქვეშ კომუნიკაციები, 8 მეტრის სიღრმეზე უნდა გამოიცვალოს.

 

„ჭავჭავაძის გამზირის პირველი ეტაპის სამუშაოები დღეს დაიწყო. მოძრაობა გადაიკეტა ვარაზისხევის ამოსასვლელიდან ატენის ქუჩამდე და არის ალტერნატიული მარშრუტი, სადაც შესაძლებელია კეკელიძის ქუჩის გავლით გადაადგილება. პირველი ეტაპის სამუშაოები ეს არის მიწიქვეშა კომუნიკაციები, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. განახლდება როგორც საკანალიზაციო, ისე სანიაღვრე სისტემა. ელექტროსადანები, რომელიც ჰაერშია, დაგეგმილია მათი მიწისქვემოთ ჩატანა, მთლიანად იქნება მოწერიგებული, როგორც ნორმალურ განვითარებულ ქალაქებშია. კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო დედაქალაქის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის, მაგრამ მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ასეთი პროექტები შეზღუდვების გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს. ვადებს რაც შეეხება, პირველი ეტაპის სამუშაოები 3 თვის განმავლობაში უნდა დამთავრდეს. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ქსელი რომელიც არის განთავსებული მიწის ქვემოთ რეალურად არავინ იცის მისი არსებული მდგომარეობა. ერთი ვიცით, რომ არის დაზიანებული. იგივე მდგომარეობაა მელიქიშვილზე, ამიტომ GWP-სთან ერთად დავიქირავეთ უცხოელი ექსპერტები და მათი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს სამუშაოები. როგორც გვეუბნებიან ის მილები, რომელის ცვლილებაც უნდა განხორციელდეს, განთავსებულია 8 მეტრის სიღრმეზე, როდესაც დაიწყება სამუშაოები გაიხსნება ყველაფერი, მერე მარტივი იქნება. ამიტომ გადავწყვიტეთ სამუშაოებს ეტაპობრივად გავყოლოდით. თუ დავინახეთ, რომ დროში იწელება და მთლიანი ქუჩის რეაბილიტაცია სრულად ვერ მოხერხდება, ჩვენ დავამთავრებთ ამ პირველ ნაწილს, რაც არის დაწყებული და შემდგომ მომდევნო წლებში გადავალთ სხვაზე, თუ ვერ მოვასწრებთ იმ შემთხვევაში",- განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა IDFI-მ 2013-2017 წლებში საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავები და დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობების ანალიზი მოახდინა.

 

როგორც IDFI-დან „გლობალპრესს“ აცნობეს, ანალიზის შედეგების მიხედვით 89 საჯარო დაწესებულების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში სულ 1,543 გადაწყვეტილება შევიდა;

 

მათივე მონაცემებით, ყველაზე მეტი/831 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ იყო. სასამართლო გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგად საჯარო დაწესებულებებს სულ 1 631 603.36 ლარი დაეკისრათ;

 

IDFI-ს ანალიზის თანახმად, პასუხისმგებლობის სახით ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციას დაეკისრა - 188,780.60 ლარი; ხოლო სამინისტროების შემთხვევაში ყველაზე დიდი თანხა - 135,974.8 ლარი დაეკისრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; საჯარო დაწესებულებებზე დაკისრებული პასუხისმგებლობის საშუალო მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემთხვევაში - 57,909 ლარი; სამინისტროებს შორის დაკისრებული პასუხისმგებლობის საშუალო მაჩვენებელი ყველაზე მაღალია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემთხვევაში - 7,157 ლარი იყო.

„ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“, - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულად შესრულდა.

 

დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში 17:10 საათზე „ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ შესრულდა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ანსამბლებმა მიიღეს. ჰიმნი შესრულდა თბილისშიც, თავისუფლების მოედანზეც.

 

ჰიმნის დასრულების შემდეგ თავისუფლების მოედანზე ფერადი ბუშტები გაუშვეს.

 

ქარისა და წვიმის მიუხედავად რუსთაველის გამზირზე საზეიმო ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე კონცერტი გაიმართება.

მნიშვნელოვანია რომ მეღვინეობა არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე. კარგია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ ნაწილში, ვფიქრობ, მეტი გვაქვს გასაკეთებელი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო ფორუმზე - „კახეთი 2019“ განაცხადა.

 

„კახეთი არის ულამაზესი კუთხე საქართველოსი, თავისი უდიდესი ისტორიით, ტრადიციებით, ის არის აკვანი მეღვინეობის და მას აქვს უნიკალური წვლილი შეტანილი ჩვენს კულტურაში. მეღვინეობა ძალიან აქტიურად ვითარდება კახეთში, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ , რომ ამ მხრივ გვაქვს კიდევ მნიშვნელოვანი პოტენციალი. განსაკუთრებით მიხარია, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა, მეღვინეობა არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე. კარგია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ ნაწილში, ვფიქრობ, მეტი გვაქვს გასაკეთებელი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს კონკრეტული დავალება ამ საკითხზე“,- განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, კახეთი ხდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება და ამიტომ, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში კაკლოვანი კულტურების პოპულარიზაცია მოხდა კახეთში. მისი განვითარება აქტუალურია არამხოლოდ დასავლეთ საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთისთვისაც. კახეთში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, რომელსაც მივესალმები. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის კულტურები, რომლებიც შეიძლება ვიღაცას ეგზოტიკად მოეჩვენოს, მაგრამ კახეთის რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ამის მაგალითად შემიძლია ზეთისხილის გაშენება მოვიყვანო. კახეთი ხდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება. მნიშვნელოვანია,რომ ეს კიდევ უფრო გავააქტიუროთ. ეს კუთხე არის უნიკალური ისტორიის მატარებელი. ბუნებრივია, ამ ნაწილში ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული როლი. კიდევ ერთხელ ყველა მინდა მოვუწოდო, მათ შორის, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შეინარჩუნონ ტემპი, რომ ინფრასტრუქტურა კახეთში დროულად განვავითაროთ ყველა სოფელში“,- განაცხადა ბახტაძემ.

2020 წლიდან ამოქმედდება ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულება და ჟანგბადის შთანთქმის (ლამბდა) კოეფიციენტის კონტროლი, -ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.

 

ანგარიშის მიხედვით, ტექინსპექტირების რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება გამონაბოლქვის შემცველობის კონტროლი, ამასთან პრობლემაა ის , რომ 2020 წლიდან ავტომობილში კატალიზატორის ქონა სავალდებულო ხდება, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ხარისხის კატალიზატორი ფაქტობრივად არ იშოვება.

 

„ამჟამად გამონაბოლქვში მოწმდება მხოლოდ CO-ს დონის შემცველობა და კვამლიანობის დონე, რაზე მანიპულირებასაც ავტომფლობელები სხვადასხვა გზებით ახერხებენ. 2020 წლიდან ამოქმედდება ასს-ს კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულება და ჟანგბადის შთანთქმის (ლამბდა) კოეფიციენტის კონტროლი, რაც უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ვინაიდან, საქართველოს ავტოპარკის დიდ ნაწილს კატალიზური გარდამქმნელი ამოღებული აქვს, მაღალი ხარისხის „კატალიზატორი“ კი, ადგილობრივ ბაზარზე პრაქტიკულად არ იშოვება, მხოლოდ ინტერნეტით არის მისი ყიდვა შესაძლებელი და საკმაოდ ძვირია. მომავალ წელს, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მოსალოდნელია „კატალიზატორის“ ფასის კიდევ უფრო ზრდა და მომხმარებელთა დიდი ნაწილის მიერ ავტომობილების უხარისხო ე.წ. ჩინური კატალიზატორით აღჭურვა, რომლის ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე თვეს შეადგენს. ამ ეტაპზე უცნობია „კატალიზატორის“ ბაზარზე მიწოდების მხარის მდგომარეობა“, -აღნიშნულია შეფასებაში.

 

ცნობისთვის, ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით და კვლევითი ორგანიზაცია „ჯეოველ რისერჩთან“ თანამშრომლობით ჩაატარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგის მეორე ეტაპი, რომელიც 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდს მოიცავს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოცი ტექსტი ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული საქართველოს ეროვნული დროშის ფონზე.

 

„გულითადად ვულოცავ ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ სომხურ-ქართული ამჟამინდელი მაღალი დონის ურთიერთობები მომავალშიც ჩვენი ხალხების ინტერესებს მოემსახურება“, - წერს ფაშინიანი..

 

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელი გიორგი გეთიაშვილი აცხადებს, რომ გარიგებული მატჩების სქემაში პირადი ფინანსური პრობლემებისა და კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანების გამო დათანხმდა.

 

როგორც გეთიაშვილი აცხადებს, ,,ბათუმი“ - ,,ვიტ ჯორჯიას“ თამაშის „ჩაწყობის“ მთავარი მიზანი იყო „ვერ გაკეთებული თამაშის ვალის“ განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა.

 

აღნიშნული საქმის გარშემო ბრალდებული ფეხბურთელი განცხადებას ავრცელებს:

 

„თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ „გარიგებული მატჩების“ საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემი კლუბის წევრებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს და ჩემს ახლობლებს. არასდროს მდომებია და შესაბამისად, ჩემი სპორტული შესაძლებლობები არ გამომიყენებია არაკანონიერი, ან არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის.

 

2019 წლის აპრილის დასაწყისში, ერთ-ერთი ბრალდებულის მხრიდან მოხდა ჩემთან დაკონტაქტება მატჩის ,,ჩაწყობის“ მიზნით. შემოთავაზებაზე რა თქმა უნდა, განვაცხადე კატეგორიული უარი. თუმცა, ბოლოს, პირადი ფინანსური პრობლემების გამო, რომელსაც, ემატებოდა კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანება, იძულებული გავხდი დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას და ჩავრთულიყავი ,,სქემაში“ რომელსაც ვაცნობიერებ, რომ არ აქვს არანაირი გამართლება. აღნიშნული შეთანხმება ვერ განხორციელდა რადგან, მხოლოდ ჩემი დაყოლიება ორგანიზატორის მხრიდან არ აღმოჩნდა საკმარისი.

 

პირველი ეპიზოდის, შეთანხმებულისაგან განსხვავებული და არასასურველი შედეგით დასრულების შემდეგ, ჩემს პირად ფინანსურ პრობლემებს დაემატა „თამაშის ვერ გაკეთების ვალიც“, რისთვისაც იძულებული გამხადეს მიმემართა გუნდელებისათვის და სწორედ ამ „ვალის“ განულების მიზნით, მეთხოვა დახმარება. შესაბამისად, ,,სქემაში“ მოხდა კიდევ ოთხი ფეხბურთელის ჩართვა. აქვე მინდა გულისწყვეტა გამოვთქვა ოთხივე მათგანის და განსაკუთრებით კი პ. ღუდუშაურის და ნ. კიკნაველიძის გამო და დავამატო, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ფინანსური ინტერესი.

 

ასევე, ვინაიდან გავრცელებული კადრები არ ასახავს სრულ სურათს, განვმარტავ შემდეგს:

 

1. ,,ვიტ ჯორჯიას“ არც ერთ ფეხბურთელს „გარიგებულ მატჩებზე“ თანხა არ აგვიღია;

 

2. ,,ვიტ ჯორჯიას“ და ,,რუსთავის “ თამაში არ ყოფილა „გარიგებული“;

 

3. ,,ბათუმი“ - ,,ვიტ ჯორჯიას“ თამაშის „ჩაწყობის“ მთავარი მიზანი იყო „ ვერ გაკეთებული თამაშის ვალის“ განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა“, - აცხადებს გეთიაშვილი.

 

ცნობისთვის, გარიგებულ მატჩების საქმეზე 11 ფეხბურთელი დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი გეთიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ 10-10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

 

სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

 

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის დედაქალაქში, ბრიუსელის მთავარ სიმბოლოსთან კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა.

 

ევროპაში მცხოვრები ქართველები, საქართველოს ელჩი, ბრიუსელის მერიის წარმომადგენლები და „მანეკენ პისის“ საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ და ფრანგულ და ქართულ ენებზე მრავალხმიანი სიმღერები შეასრულეს.

 

ბელგიელებმა ჩოხაში გამოწყობილ ბელგიის სიმბოლოს „მანეკენ პისის“ სიმღერა, ანსამბლმა „მამულმა“ კი მრავალჟამიერი უმღერა.

 

„მანეკენ პისი“ ბრიუსელში 1618 წელს განათავსეს და მას არაერთი ლეგენდა უკავშირდება. „მანეკენ პისის“ საკუთარი მუზეუმიც აქვს, სადაც გარდერობი ინახება და დამთვალიერებლებისთვის მისი 900-ზე მეტი საზეიმო სამოსია წარმოდგენილი.

 

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

 

 

დავით-გარეჯთან დაკავშირებით მთავარია, იყოს მზაობა, პოლიტიკური ნება და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ორმხრივად მისაღები შედეგის მიღწევის მიზნით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

მან ისაუბრა დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები დაწყებულია და მუშაობს სადელიმიტაციო კომისია.

 

"აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები დაწყებულია. სადელიმიტაციო კომისია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ მუშაობდა, მისი მუშაობა განახლებულია. უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, მინდა, საზოგადოებამ კარგად გაიგოს, თუ რა მოცემულობაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ. აუცილებელია, რომ ჩვენ სწორედ ამ კომისიის ფარგლებში ვისაუბროთ ამ საკითხებზე. ჩვენმა დელეგაციამ, რომელიც 23-24 მაისს მონაწილეობას იღებდა დიალოგსა და მოლაპარაკებებში, დააყენა ყველა საკითხი, რადგანაც აუცილებელია, მოლაპარაკების პროცესში, მაშინ როდესაც კომისია მუშაობს, იქ იმის აღქმაც კი არ შეიქმნას, რომ სტატუს ქვო იცვლება. აუცილებელია, არ მოხდეს ინტერპრეტაციები. მიღწეულია შედეგი, რომ იქ შეჩერებულია ყოველგვარი მუშაობა და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს აზერინაიჯანელ პარტნიორებთან ამ მიმართულებით დიალოგს. ასევე, მიღწეულია შეთანხმება, რომ ექსპერტები ადგილზე გააგრძელებენ მუშაობას, ეს არის ძალიან შრომატევადი საქმე. 90-იანი წლებიდან დაწყებული უმძიმესი მემკვიდრეობა მოდის დღემდე და ვერც ერთი, ორი და ვერც სამი რაუნდით ეს ვერ გადაწყდება. მაგრამ მთავარია, იყოს მზაობა, პოლიტიკური ნება და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპებზე დაფუძნებით და რა თქმა უნდა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ორმხრივად მისაღები შედეგის მიღწევის მიზნით. რაც შეეხება აქციას, გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, კომისიის ფარგლებში განიხილება ყველა მანამდე არსებული მოლაპარაკების ნიუანსი.

 

"არის უამრავი ფაქტი. ძირითადი მოლაპარაკება მიმდინარეობს 1996 წლის ოქმზე და ამ ოქმთან დაკავშირებულ შესაბამის რუკებზე. დეტალებში წასვლა არ მინდა, რადგან ისინი ძალიან სპეციფიკურია. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა იმ ფონზე, რაც ჩვენ ვიხილეთ, რომ ქედს მიღმა აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები. ბუნებრივია, ამის შესახებ საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა განმარტებები და აღნიშნა, რომ აუცილებელია, შეწყდეს ეს ქმედებები, რათა ელემენტარული აღქმაც კი არ დარჩეს იმისა, რომ სტატუს ქვო იცვლება ან რაღაც გადაადგილების არსებული სტატუსი იცვლება. მოვითხოვეთ, რომ შეჩერებულიყო და შეჩერებულია. აუცილებელია, დელიმიტაციის პროცესის მოლაპარაკებები სანამ მიმდინარეობს, იყოს ეს სტატუს ქვო შენარჩუნებული, რათა წყნარად და იმ მიმართულებით განვითარდეს მვლენები, როგორც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებსა და აზერბაიჯანსა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება", - განაცხადა ზალკალიანმა.

ფარული და ასევე, კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სამოხელეო დანაშაულებზეც იქნება შესაძლებელი.

 

მოქმედი კანონმდებლობით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შესაძლებელია, თუ გამოძიება დაწყებულია და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახ მძიმე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან “სისხლის სამართლის კოდექსის“ შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო.

 

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ამ მუხლების ჩამონათვალი ფართოვდება და მას სამოხელეო დანაშაულების მთლიანი თავი (თავი XXXIX) ემატება.

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა ყურადღება გამახვილებული.

 

განმარტებით ბარათში წერია, რომ მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება, კანონის დებულებებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მობილური ოპერატორებისგან გამოეთხოვა ელექტრონული ინფორმაცია ცალკეული პირების სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ, რაც ევროპული სასამართლოს დიდი პალატის აზრით, უნდა გაკეთებულიყო.

 

“2017 წლის 28 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე - “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (N72508/13) გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც დაადასტურა, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა (რომელიც 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე გაგრძელდა) კანონიერი იყო. დიდმა პალატამ გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 5.1 მუხლი, აგრეთვე 5.3 მუხლი (რაც ივანე მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხება).

 

ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა კონვენციის 5.3 მუხლის დარღვევა საქართველოს სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის გამო. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე, 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში - 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარე (ივანე მერაბიშვილის ღამით საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდი). ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ამ ეპიზოდთან მიმართებით დადგენილი დარღვევა განპირობებულია, სხვებს შორის, იმ გარემოებით, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მომჩივნის, ი. მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიების მიზნით, ვერ მოხდა მის მიერ დასახელებული შესაბამისი პირების სატელეფონო ჩანაწერებისა და მობილური კავშირის ანძების მონაცემების შემოწმება.

 

უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 21 ივნისს, ი. მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი). მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სატელეფონო კავშირებისა და ანძების გადამოწმების შესაძლებლობას, სსსკ-ის XVI თავის (კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები) 136-ე მუხლის (დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა) პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იმ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლებიც აღნიშნული მუხლითაა გათვალისწინებული, ვრცელდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143/2-143/10 მუხლების დებულებები, რომლებიც ზემოთ არის მიმოხილული.

 

აქედან გამომდინარე, ი. მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება, კანონის დებულებებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მობილური ოპერატორებისგან გამოეთხოვა ელექტრონული ინფორმაცია ცალკეული პირების სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ, რაც, ევროპული სასამართლოს დიდი პალატის აზრით, უნდა გაკეთებულიყო.

 

საქართველოს მთავრობის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება კანონში არსებული ჩანაწერის გამო იყო შეუძლებელი, ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა. აღნიშნულ საქმეზე განახლებული გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება მოქმედი კანონმდებლობით ამჟამადაც მოკლებულია ამგვარი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობას“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ახლავს თან.

 

ცვლილებები პარლამენტს იუსტიციის სამინისტრომ წარუდგინა.

გარეჯი არის საქართველო და ჩვენი სიწმინდეები არ უნდა იყოს ხელყოფილი, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

"მე როგორც ამ ეპარქიის მღვდელმთავარმა, გადავწყვიტე მცირე მრევლთან ერთად შევკრებილიყავით წითელ ხიდთან და ჩვენი პოზიცია გარეჯთან დაკავშირებით მტკიცედ და მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა. გარეჯი არის საქართველო და ჩვენი სიწმინდეები, არ უნდა იყოს ხელყოფილი. ჩვენ უკიდურესი ფორმა გამოვხატეთ პროტესტისა და მაგისტრალი გადავკეტეთ და ეს არის გამაგრთხილებელი აქცია. თუ არის კეთილმეზობლობა, მეგობრობა, ეს უნდა იყოს დამყარებული სამართლიანობაზე. ეს გულისხმობს, რომ ერთმანეთის საზღვრებს პატივი ვცეთ, ეს უნდა გაითვალისწინონ და საკითხი კეთილმეზობლური პრინციპებით უნდა გადაწყდეს", - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, წითელ ხიდთან საპროტესტო აქცია - ,,გარეჯი საქართველოა“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად წითელი ხიდისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტეს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა დროებით პარალიზებული იყო. აქციაში მონაწილეობდნენ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, სასულიერი პირები და მრევლი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბრიუსელის მთავარი სიმბოლო ქართულ ეროვნულ სამოსშია წარმოდგენილი.

 

მთელი დღის განმავლობაში ბელგიის დედაქალაქში ჩოხიან „მანეკენ პისისთან“ ათასობით ადამიანი გადაიღებს სამახსოვრო ფოტოს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ბრიუსელის ყველაზე პოპულარული ბიჭის მზადება დილიდან დაიწყეს.

 

ბრიუსელის მერია „მანეკენ პისის“ შემოსვაზე ოფიციალურ პირს სპეციალური ბრძანებით ნიშნავს. დღეს კი ამის ექსკლუზიური უფლება ნიკოლას ედელმანს მისცეს. ის არის პასუხისმგებელი „მანეკენ პისის“ საზეიმო სამოსზე.

 

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩი და ქალაქ ბრიუსელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

 

„მანეკენ პისი“ ბრიუსელში 1618 წელს განათავსეს და მას არაერთი ლეგენდა უკავშირდება. „მანეკენ პისის“ საკუთარი მუზეუმიც აქვს, სადაც გარდერობი ინახება და დამთვალიერებლებისთვის მისი 900-ზე მეტი საზეიმო სამოსია წარმოდგენილი.

 

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.

არქივი

« « » » November 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?