შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის საძიებო სამუშაოების ფარგლებში უკვე შემოწმებულია შვიდი მდინარის კალაპოტი, 18 სოფლის მიმდებარე ტერიტორია და სამაშველო სამუშაოებში ამ დრომდე 80-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს.

 

შსს-მ დღეს მოქალაქეთა მობილურ ტელეფონებზე დახმარების თხოვნით მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაგზავნა. '

 

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგმართავთ თხოვნით, სვანეთში გაუჩინარებული ილია ფილფანის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დაუკავშირდით 112-ს ან მიმართეთ პოლიციის უახლოეს განყოფილებას. უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს გაუჩინარებული მოზარდის სამძებრო ღონისძიებებს, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.

 

13 წლის ილია ფილფანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან 18 ივლისს დაიკარგა. სამძებრო სამუშაოები სვანეთის გარდა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც მიმდინარეობს.

 

მოზარდის გაუჩინარებაზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით.

 

სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის იანვრიდან ამ დრომდე ეძებენ 20 ადამიანს, მათ შორის სამი არასრუწლოვანია. 8 გაუჩინარებული კი გარდაცვლილი იპოვეს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.