ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის გამო, - ამის შესახებ ერაყში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმდა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. BBC-ის ინფორმაციით, სტოლტენბერგს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანი ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს, და რეგიონის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

 

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მსგავსი თავდასხმებისგან, ვინაიდან ამას შესაძლოა მთელი რეგიონისთვის ნეგატიური შედეგი მოყვეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ობიექტები სახელმწიფო კომპანია Aramco-ს ეკუთვნის. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის მონაწილეობის დასტურის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღების პირობა დადო.

 

ირანმა აშშ-ის ბრალდება უარყო და ომისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

აფეთქებების გამო საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50% შემცირდა, მსოფლიოში ნავთობის ფასი კი მკვეთრად გაიზარდა. დონალდ ტრამპმა აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა გასცა. 16 სექტემბერს აშშ-ის დაზვერვამ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულება წარადგინა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.