საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს. როგორც „გლობალპრესს“ პარლამენტიდან აცნობეს, ანგარიში დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

 

მათივე ცნობით, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდამ წინა წელთან შედარებით 4,7 % შეადგინა. წამყვანი როლი ეკონომიკის ზრდაში ეჭირა კერძო სექტორს, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასულ წელს 19,5 პროცენტით გაიზარდა, ინფლაციის დონე კი 1, 5 %-ით განისაზღვრა.

 

„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკონომიკის კუთხით გვაქვს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. იმპორტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აჭარბებს ექსპორტის მაჩვენებლებს. 2016 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვქონდა 13,1 პროცენტი, თუმცა, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად გვაქვს გარკვეული გაუმჯობესება. 2018 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა შეადგინა 7,7 პროცენტი, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა და მომავალში ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტაბილურად გვქონდეს 5 პროცენტზე უფრო დაბალი ნიშნული და ეს მოგვცემს გაცილებით მეტ სტაბილურობას ქვეყნის ეკონომიკაში“,-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისივე თქმით, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის, ევროკავშირის წილი საქონელბრუნვაში არის 27 პროცენტი და ევროკავშირი ლიდერობს ასევე ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლებით.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საგარეო სექტორის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე, ტურიზმზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, გასულ წელს, ვიზიტორთა რაოდენობა 10, 2 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 19, 1 პროცენტით გაიზარდა. უცხოური ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს 1მილიარდ 32 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რის ხარჯზეც მოხდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსება.

 

კაკაურიძის ცნობით, საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილი იყო 10 მილიარდ 260 მილიონი ლარის ოდენობით, რაც დაგეგმილთან შედარებით გადაჭარბებით, 10 მილიარდ 500 მილიონი ლარის ოდენობით, 100,1 პროცენტით შესრულდა. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-სთან მიმართებაში 0,79% შეადგინა.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანმა საკასო ხარჯმა შეადგინა 12 მილიარდ 590 მილიონ ლარზე მეტი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელთან მიმართებაში გადაჭარბებით იქნა შესრულებული. „2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თვალსაზრისით. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებამ 100, 8% შეადგინა, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

პარლამენტის ინფორმაციით, გიორგი კაკაურიძემ ასევე ისაუბრა მხარჯავი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების დაგეგმილ მაჩვენებლებთან შესაბამისობისა და ათვისების მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით სამინისტროების მიერ შესრულების მაჩვენებელი მაღალია და ის თითქმის ყველგან 100 პროცენტს აჭარბებს.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ 100 პროცენტიანი შესრულების მაჩვენებელი აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს. საკასო ხარჯი 143, 7 მილიონი ლარი იქნა გაწეული. გასულ წელს მოხდა გარკვეული თანხის მობილიზება და ორ ქალაქში იქნა შეძენილი შენობები საელჩოებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში განხორციელებულ სხვა პროგრამებთან დაკავშირებით, მომხსენებელმა განაცხადა, რომ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გაწეულმა ხარჯმა 582 ათასი ლარი შეადგინა. დიასპორული პოლიტიკის ნაწილში დაზუსტებული გეგმა შესრულებულია თითქმის 100 პროცენტით. ასევე გადაჭარბებით, 100, 3 პროცენტით, იქნა შესრულებული გეგმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თაობაზე ინფორმირებულობის მიმართულებით.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის მიმართულებით განხორციელებული პროგრამების შედეგების მაჩვენებლით, ეკონომიკის საკითხებში დესპანების დანიშვნის და საელჩოებისთვის შენობის შეძენის საკითხებით დაინტერესდა.

 

სოფიო ქაცარავამ განხილვის დასასრულს, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გააჟღერა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე, საზოგადოების ინფორმირებულობის მიმართულებით განხორციელებული პროგრამების შედეგების კვლევების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის გარდა, გრანტების სახითაც ხდება გარკვეული სახსრების ხარჯვა. საზოგადოების ინფორმირებულობა აღნიშნული მიმართულებით იმდენად მნიშვნელოვანია, საინტერესოა, რამე ეტაპზე თუ იგეგმება შეფასება თუ რა შედეგებს ვიღებთ ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებით,“- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკური ატაშეების და საკონსულო მომსახურების საკითხების ცალკე, ქვეპროგრამად გამოყოფის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.

 

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაში ასევე მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა. მთავრობის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

 

დეპუტატებმა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს“ კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

 

„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ მოსმენის შემდეგ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, საქართველოს რეგლამენტის 155 მუხლის შესაბამისად, დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შესასწავლად თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნისა და მომხსენებლის არჩევის საკითხი განიხილა.

 

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა, სამი თვის წინ შექმნილმა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა დაასრულა, თუმცა დადგა საჭიროება დამატებით იქნას შესწავლილი ევროპული გამოცდილება ამ მიმართულებით.

 

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენს კომიტეტში სამი თვის წინ ჩამოყალიბდა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე მოკვლევის ჯგუფი. სამით თვის განმავლობაში ეს ჯგუფი მუშაობდა ძალიან ინტენსიურად და აქტიურად. ამ ჯგუფის მუშაობის ვადა უკვე ამოიწურა და დადგა საჭიროება, რომ დამატებით იქნას შესწავლილი ევროპული ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ეს კვლევა და მოკვლევის ჯგუფის საბოლოო შედეგი კიდევ უფრო მეტად ყოვლისმომცველი და შინაარსობრივი იყოს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დავაფუძნოთ მოკვლევის ჯგუფი, რომელიც არსებული საკითხების გარდა, იმუშავებს უკვე ევროპული გამოცდილების მიმართულებით“, - განმარტა სოფიო ქაცარავამ.

 

საკითხი სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ცოტნე ზურაბიანმა გამოიტანა. კომიტეტის წევრებმა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შესასწავლად თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას და მომხსენებლის არჩევას მხარი დაუჭირეს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.