ცხადია, გავრილოვი აფხაზეთის ომის დროს, აფხაზეთში ტურისტად არ იქნებოდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე პრეზიდენტის რანგში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის დასწრების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში პარლამენტი წაბილწა, თუმცა მთავარი პრობლემა არის არა შენობის შეურაცხყოფა, არამედ ის, რომ „ამ ადამიანებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა შეუძლიათ“.

 

„მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა ეს ყველაფერი. წაბილწეს ჩვენი პარლამენტი. პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა ბატონი გავრილოვი, რომლის ბიოგრაფიაშიც აღნიშნულია, რომ აფხაზეთში, ომის მიმდინარეობის დროს, ის იყო აფხაზეთში და ცხადია, რომ არა ტურისტად. მაშინ, როცა აფხაზეთში იღუპებოდა ათასობით ჩვენი მოქალაქე, ბავშვები, რომ იყინებოდნენ სვანეთის უღელტეხილებზე, მაშინ იქ იყო ეს ადამიანი და მისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომა არის შეურაცხყოფა, მაგრამ მთავარი პრობლემა, შენობა კი არ არის, არამედ ამ ადამიანების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა“, - განაცხადა კანდელაკმა.

 

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.