Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9573
EUR
3.2796
RUR
0.0463
GBP
3.8826

ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ყავარჯენი ისროლეს. დაზიანებულია ოფისის კარი. როგორც „გლობალპრესის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ, ყავარჯენი მოხვდა ერთ-ერთ პოლიციელს, რომელის ოფისის შესასვლელთან იდგა.

 

ამის შემდეგ პოლიციამ აქციის მონაწილეებს უკან დაახევინა. მანამდე აქციის მონაწილეებმა ოფისის წინ ცოცხები და ყავარჯნები დააწყვეს.

 

„ზუგდიდი არ დაუშვებს არასდროს სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას. აღარ გვინდა ძალადობა. არ არის ცოცხებისა და ძალადობის დრო. ვიღაც-ვიღაცების სკამის გულისთვის ნუ გადავჭამთ ერთმანეთს. ცოცხებითა და ძალადობით ქვეყანა ვერ აშენდება,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ამაზე პოლიცია არ იყო ინფორმირებული.

 

„პოლიცია არ იყო ინფორმირებული, როგორც კი გვითხრეს, რომ მხარეები იყვნენ მოსულები, მაშინვე მოვედით,“ - აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.

მოძრაობა "სირცხვილიას" და "შეცვალეს" მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს.

 

როგორც აქტივისტებმა განაცხადეს, ისინი იქამდე გამართავენ აქციებს, ვიდრე არ ექნებათ გარანტია, რომ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება.

 

„ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, ბიძინა ივანიშვილია, იმიტომ რომ ყველა მას ემორჩილება. როგორც გაადაფურთხეს, ისე ალოკონ", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

 

ამასთან, როგორც გიგა მაქარაშვილმა აღნიშნა, აქტივისტები პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ.

 

მისი თქმით, ისინი დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას, რომ პარლამენტის შენობიდან გამოვიდნენ.

კმაყოფილი ვარ იმით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეშალა თავისი გეგმა, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას და არა დროებით და მოჩვენებით სიმშვიდეს, - ასე შეაფასა უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის კენჭისყრის შედეგები.

 

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეშალა დესტრუქციული გეგმა და ქვეყანას ეყოლება სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება.

 

„ასევე ხალხს პარლამენტთან არ გაუწყდება ურთიერთობის საშუალება და ეყოლება თავისი წარმომადგენელი პარლამენტში. ვინ იქნება წარმომადგენელი ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ არის ლიდერი შექმნილ სიტუაციაში, ხუნდაძემ უპასუხა, რომ ქართველი ხალხია ლიდერი.

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ოფისთან, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საპროტესტო ქციას მართავენ, პოლიცია ცოტა ხნის წინ მივიდა. ისინი პარტიის ოფისთან განლაგდნენ. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დაიგვიანეს სამართალდამცველებმა ადგილზე, შსს-ს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ პოლიცია წესრიგს იცავს.

 

„პოლიცია წესრიგს იცავს, აგერ ვართ პოლიციელები“, აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.

 

ადგილზე სიტუაცია დაძაბულია, მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან ოპოზიციის მისამართით ისმის სხვადასხვა სახის შეძახილები, ისინი ასევე შენობას ესვრიან კვერცხებს, ცოცხსა და პლასტმასის კასრებს.

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის ჩავარდნის შემდგომ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ახლა სახიფათო პროცესი მიმდინარეობს:

 

„უნდა იყოს პროტესტი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ძალიან გონივრულად“,  - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

 

„2020 წლის არჩევნების პროპოციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით დღეს შედგა პარლამენტში კენჭისყრა და მიუხედევად იმისა, რომ უმრავლესობის ბევრმა დეპუტატმა მხარი დავუჭირეთ, ასევე ოპოზიციის წევრებმა მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას, ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ არ არის მიღებული, რაც ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით რა გადაწყვეტილებაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. კენჭისყრის შედეგები არის საჯაროდ ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პლენარულ სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა, აქედან მხოლოდ 101-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების, ქუჩაში განვითარებულ მოვლენებსა და ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის ინიციატივის განხილვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოების და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, საჭიროა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ დიალოგის მიღწევა, ფართო ჯგუფების ჩართულობით, საარჩევნო საკითხებზე ფართო დისკუსიის წარმართვა და პატივისცემა დემოკრატილი პრინციპების მიმართ, გააზრება ქვეყნის გამოწვევების გამო და მეტი პასუხისმგებლობა საერთაშორისო პარტნიორებისა და ინსტიტუციების მიმართ.

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს, ცალსახად არ პასუხობს საზოგადოების საჯარო ინტერესებს, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ამცირებს ნდობას ხელისუფლების საქმიანობის მიმართ. მიღებული გადაწყვეტილება, იმავდროულად, არ შეიძლება დარჩეს მხოლოდ კანონშემოქმედებითი პროცესის შემადგენელ ნაწილად, ვინაიდან მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პოლიტიკურ პარტიას. ორგანიზაცია, ასეთ შემთხვევაში, ეთანხმება მოსაზრებას, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს სამთავრობო პარტიის რისკს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარმატების მიღწევა, მეტწილად დამოკიდებული იქნება მოქალაქეების არჩევანზე (განწყობაზე). შესაბამისად, მმართველი პოლიტიკური პარტიის არაპოპულარულ გადაწყვეტილებას შეაფასებს ამომრჩეველი, რომლისთვისაც, შესაძლოა, პრინციპულად მიუღებელია დაპირების შეცვლა და მიღებულ გადაწყვეტილებას განიხილავს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობად. ამასთან, არ შეიძლება ცალსახად დაიკარგოს მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც ქვეყნის საარჩევნო მოდელს, სწორედ პროპორციული წესით, 2024 წლიდან განსაზღვრავს. შესაბამისად, ორგანიზაცია პოლიტიკური სპეკულაციის შემადგენელ ნაწილად განიხილავს ისეთ განცხადებებს, რომელიც დაკავშირებულია „არჩევანის მოპარვასთან“ ან მის „არალეგიტიმურობასთან“, ვინაიდან, პოლიტიკურად მიღებული გადაწყვეტილება არასახარბიელოა, მაგრამ არ ნიშნავს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხალხის მონაწილეობის გარეშე.

 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ განვითარების მოცემულ ეტაპზე, საზოგადოების მნიშვნელოვანი პრობლემა არა შერეული საარჩევნო სისტემის ან მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში დემოკრატიის განხორციელების შეუძლებლობაა, არამედ ანტიპარტიული განწყობები. დემოკრატია წარმოუდგენელია პარტიების გარეშე, თუმცა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში, ვერ უზრუნველყოფენ საზოგადოების დარწმუნებას და ნდობას, რასაც განსაზღრავს რამდენიმე მიზეზი: ა) ხელისუფლებაში მოსვლა ძალისმიერი შესაძლებლობებით, ბ) საარჩევნო დემაგოგია, გ) სამართლებრივი პრინციპების უგულვებელყოფა, დ) შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობა თუ ე) იდეოლოგიური შეხედულებები.

 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდგომ, ქუჩაში განვითარებული მოვლენებიც, არ ტოვებს საზოგადოების ფართო ინტერესების გამოხატულების შესაძლებლობას, სრულიად მიუღებელია მშვიდობიანი პროტესტის რადიკალიზაცია, კანონსაწინააღმდეგო შტურმი ან პიკეტირება ადმინისტრაციული, საჯარო თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე ოფისების, რაც საზოგადოებრივ ლეგიტიმაციას აცლის პროტესტის მიზნებს და მთლიანობაში, არ პასუხობს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობას, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებს, რაც პარტიების პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ამასთან, სახელმწიფოს და ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, უზრუნველყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის მიმართაც, არსებობს გარკვეული გადაცდომის ნიშნები. შექმნილ ვითარებაში, პარტიებმა საზოგადოებას უნდა შესთავაზონ კონკრეტული გეგმა და მიმართულებები, თუ როგორ ესახებათ ამომრჩევლის დარწმუნება 2020 წლის არჩევნებში მხარდაჭერის მიღებისთვის. „ორპარტიული დემოკრატიის“ პირობებში, საჭიროა, პარტიებმა უარი თქვან კარჩაკეტილობზე, მათ რიგებში გამოჩდნენ ახალი სახეები, შეიქმნას რეალური კონკურენცია. განსხვავებულ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მუდმივად მოიგებს ყველა დონის არჩევნებს, რაც პოლიტიკურ პროცესში მყოფი მოთამაშისთვის უჩვეულო მდგომარეობა არ არის. ამდენად, ქვეყანაში დემოკრატიული კრიზისის ნაცვლად, პარტიული კრიზისია, რაც სათანადო დასკვნების გარეშე არ შეიძლება დარჩეს.

 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საჭიროა მეტი დისკუსია და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება, თუ რას გულისხმობს არამხოლოდ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ფორმად სახელდება (რაც, აშკარად არ პასუხობს კონსტიტუციით დადგენილ პარლამენტის დაკომპლექტების წესთან), არამედ თავად პროპორციული საარჩევნო სისტემაც. ფაქტია, პროპორციული საარჩევნო სისტემა სრულად პასუხობს ქვეყნის განვითარების დღევანდელ მოცემულობას, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებშიც რჩება შანსი შეიქმნას ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა (სახეები), თუმცა მთავარი ხალხის პოლიტიკაში მონაწილეობის უზრუნველყოფაა. კერძოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა უნდა ასახოს ხალხის ნამდვილი ნება, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ, კონკურენტულ და არაძალადობრივ გარემოში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, ზაზა ხუციშვილმა და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს.

 

აღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

 

„ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ეს ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია უმრავლესობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ჩავარდა.

 

მან უპასუხა კითხვას, თუ რატომ უარჰყო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაპირება ხალხის მიმართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.

 

„ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ამ ინიციატივით. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია უმრავლესობაში. როგორც გახსოვთ, როდესაც ჩვენ გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირეთ და შევძელით ამ გადაწყვეტილების მიღება. ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარემ უმრავლესობის ორი სხდომა ჩაატარა და მოუწოდა დეპუტატებს, რომ მხარი დაეჭირათ პროპორციული სისტემის გადაწყვეტილებისთვის, საკმარისი ხმების მობილიზება დღევანდელ სხდომაზე ვერ მოხერხდა. ეს ხმები არ აღმოჩნდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მართალი გითხრათ, ბოლო წუთამდე მაინც ვიტოვებდი იმედს, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბესელიას თქმით, პროცესი არის სრულად მართული.

 

„სამწუხაროდ, იმ სცენარით განვითარდა მოვლენები, რაც იგრძნობოდა. ეს არ არის უმართავი პროცესი. ეს რომ უმართავი პროცესი იყოს, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მყისიერად უნდა მოყვეს ამ ადამიანების ან გარიცხვა პარტიიდან, როგორც ეს ბიძინა გეგიძის და ჭიჭინაძის შემთხვევაში გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და გაცილებით უფრო უწყინარ სიტუაციაში. სად არის აქ პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა? სად არის პარტიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობა? თუკი მას საკუთარ უმრავლესობაში ამდენი ამბოხებული და ამდენი ადამიანი ჰყავს, რომელიც არ ემორჩილება საერთო პოლიტიკურ შეთანხმებას. აშკარად ჩანს, რომ ეს არის მართული პროცესი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მისი თქმით, კონსულტაციები იქნება, როგორც სამოქალაქო, ასევე პოლიტიკურ ჯგუფებთან.

 

„ეს არის რაღაც სხვა ეტაპი, ძალიან სახიფათო პროცესში შედის ქვეყანა. მე ვისურვებ, რომ ჩვენ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი მშვიდობიანი გაგრძელება, ამ პროცესის, თავად ხელისუფლებას არ სურს. ეს იყო ძალიან დიდი და საბედისწერო შეცდომა, რაც არის დაუშვებული მე. მართალი გითხრათ, ბოლო წუთამდე მაინც ვიტოვებდი იმედს, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებდა. აღარავის არ სჯერა ამ ქვეყანაში, რომ ეს პროცესი არ იყო მართული, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი გაგრძელება. მე ვისურვებ. რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში პროტესტი იყოს გამოხატული“, - განაცხადა ბესელიამ.

ამ გადასახედიდან, 2020 წლისთვის პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება დასრულებულია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, დღევანდელმა კენჭისყრამ შექმნა აბსოლუტურად სხვა და ძალიან მძიმე პოლიტიკური რეალობა.

 

„ამ ქვეყანაში ჩვენ შევედით უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. ამ კრიზისის ფასს, სამწუხაროდ, გადაიხდის ყველა, მთელი საქართველო. მაგრამ ამ კრიზისის ფასი უნდა გადაიხადოს იმან, ვინც ეს შექნა, ეს არის „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ უახლოეს დღეებში ჩვენ განვიხილავთ ნაბიჯებს. არ გამოვრიცხავ არაფერს, დაწყებული არჩევნების ბოიკოტით. ჩვენი ნაბიჯები იქნება მკვეთრი. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურია. ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უმრავლესობის წევრების მიმართულებით ფურცლები ისროლა, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება მოჰყვა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » December 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?