მმართველმა გუნდმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის - ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველი გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად, - ასეთია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს დღეს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

 

ბიძინა ივანიშვილი იმასაც ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, რაც ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

“აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილს, სწრაფად წარმოედგინათ მოსამართლეობის კანდიდატები, ჰქონდა ობიექტური საფუძველი, თუმცა მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველი გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად. ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს გუნდში და მიგვაჩნია, რომ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თავისუფალი დისკუსიის საფუძველზეა შესაძლებელი. მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა იუსტიციის საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიაზე გადადებას გაგებით მოეკიდებოდნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გადაწყვეტილება საკითხის განხილვის გადადების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ 26 დეკემბერს გამოაცხადა“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

პარტიის თავმჯდომარე მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა და ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

 

“საკითხების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც. გადაწყვეტილებები მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავი ამ საკითხით დაინტერესებულ ერთადერთ მხარედ წარმოაჩინონ, დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვის ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელიც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და რომელსაც პირადად მე განსაკუთრებულად ვუფრთხილდები“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.