Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9723
EUR
3.2779
RUR
0.0465
GBP
3.8265

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია თითქმის სრულად დაშალეს. დემონსტრანტების მცირე ნაწილმა ცოტა ხნით გმირთა მოედანზე გადაინაცვლა, შემდეგ კი უნივერსიტეტისკენ გაემართა.

 

ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ მხოლოდ სპეციალური დანიშნულების რაზმი იმყოფება, რომელიც ნელ-ნელა ტოვებს ტერიტორიას. პარლამენტის შენობის წინ და ფილარმონიასთან მხოლოდ პოლიციელები იმყოფებიან.

19:00 საათზე ისევ რუსთაველზე ვიკრიბებით.ხალხთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ სამოქმედო გეგმა იმ ქმედებების მიხედვით, რაც ექნება ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

,, ის რაც დღეს ჩაიდინა ხელისუფლებამ, ეს სრულიად კანონგარეშე ქმედებაა. ეს არის ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების გალაშქრება. შვიდ საათზე რუსთაველზე ვიკრიბებით , სადაც ჩვენს სამოქმედო გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას. ახლა მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, ვინ არის დაკავებული, ვინ არის საავადმყოფოში და ვინ რა მდგომარეობაშია, “-განაცხადა ვაშაძემ.

 

გიორგი ვაშაძე ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად, ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იმყოფება, სადაც ოპოზიციის ლიდერები კომენტარებს აკეთებენ.

მთელი პასუხისმგებლობა დღევანდელ მოვლენებზე ეკისრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს,- ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა შალვა შავგულიძემ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

 

შავგულიძის თქმით, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის შეთანხმებით მოხვდა.

 

„ ჩვენ ვნახეთ ამ ხელისუფლებამ როგორ მიიღო ზარ-ზეიმით ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი გავრილოვი და როგორ მოახერხა, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაეკავებინა. ეს იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოებისთვის. ეს „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის ხელისუფლების შეთახმება იყო და არა პროტოკოლური შეცდომა. ამ ქმედებით მათ კბილი მოუსინჯეს ქართულ საზოგადოებას, რამდენად მისაღებად ჩათვლიდა ამ სურათს,“-აცხადებს შალვა შავგულიძე.

 

მისივე თქმით, განვითარებუყლ მოვლენებს რაც შეიძლება მალე, მთავრობის ცვლილება უნდა მოჰყვეს.

 

„შეურაცხყოფილი და გაბრაზებული ხალხი მოვიდა რუსთაველზე პროტესტის გამოსახატავად და ამ ხალხს, მშვიდობიან მომიტინგეებს რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით გაუმასპინძლდა ხელისუფლება, ეს ნიშნავს რომ ჩვენ გვყავს მოღალატე ხელისუფლება რომელიც რუსეთის ინტერესებს ახორციელებს საქართველოში, ამას საზოგადოებამ ძალიან ხისტი შეფასება უნდა მისცეს და ასეთი ხელისუფლება, რაც შეიძლება მალე უნდა იქნას ჩამოცილებული,“-განაცხადა შავუგულიძემ ფილარმონიის შენობის წინ, სადაც ის სხვა მომიტინგეებთან ერთად იმყოფება.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 16 ადამიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც "გლობალპრესს" რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, მათთან შეყვანილი პაციენტებიდან 4 გაწერეს. დამატებით კომენტარს კლინიკაში არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ დამატებითი ინფორმაციისთვის ჟურნალისტებმა პრესსამსახურს ხვალ უნდა მიმართონ..

ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

„ იმავდროულად, ჩვენ ყოველი მიზეზის გარეშე ვუზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია. ჩვენი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი სრულად ინფორმირებულია , თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები დღეს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამ პირებს სრულად მოუწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება მათ მიერ ორგანიზებულ მასობრივი არეულობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს“, - განაცხადა ბახტაძემ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დაშავებული პოლიციელები ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან კაკავამ საავადმყოფოში მოინახულეს.

 

როგორც "გლობალპერესს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაშავებული პოლიციელები თბილისის რამდენიმე კლინიკაში გადიან სტაციონარულ მკურნალობას. ზუსტი რიცხვი, რამდენი სამართალდამცველია დაშავებული ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია.

ეს არის ტრაგედია ჩვენი ერის, მე ვრჩები იმ აზრზე, რომ ეს ორი მოვლენა არის ერთი ჯაჭვის რგოლები, დაიწყო პრაიდით და გაგრძელდა იქ, - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

 

მან საუბრისას 9 აპრილს განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა. თუმცა, საგამოძიებო უწყების კითხვებზე არ უსაუბრია.

 

„რა კითხვები ჰქონდათ, ეს მათ თვითონ გითხრან, მე ყველაფერზე გავეცი ამომწურავი პასუხები, არავითარი წინააღმდეგობა ამ გამოკითხვაში არ გამიწევია, რაც აინტერესებდათ ყველაფერი ავუხსენი, აინტერესებდათ ის, რაც არის მეორე ხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც ამავე ხელისუფლების უნიათო და უნიჭო მმართველობის შედეგად ხდება ამჟამად რუსთაველის გამზირზე. ეს არის ტრაგედია ჩვენი ერის, მე ვრჩები იმ აზრზე, რომ ეს ორი მოვლენა არის ერთი ჯაჭვის რგოლები, დაიწყო პრაიდით და გაგრძელდა იქ. ეს არის მიზანმიმართული ერთიანი პროვოკაცია, რომელიც აბსოლიტურად უნიჭოდ იმართება და მიზნად ისახავს ქართული სახელმწიფოს, როგორც მინიმუმ, დესტაბილიზაციას, რაც უკვე მოხდა და ალბათ, განადგურებასაც.

 

ჩემი აზრით, ყველა ის ადამიანი ვუწოდო თუ, რა ვუწოდო, ვინც ამ პროვოკაციაში მონაწილეობდა პირველი დღიდან, აი ამ აგორებისა, ქართველი ხალხის ნების უგლებელყოფისა, გაღიზიანებისა, გამოწვევისა და სახელმწიფოზე შუბლით შეჯახებისა. მე არ მაინტერესებს ამაში მონაწილე ადამიანები, არიან „ნაცები“ თუ „ქოცები“, აი, ამ ორი პარტიის, როგორც ჩანს ვითომ, ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტიის იდოლოგები, მმართველები, უნდა ჩატარდეს გამოძიება, ყველა ამ ადამიანმა ვისაც ხელი ურევია საქართველოში ამ დიდი არეულობის მცდელობისა, ვისაც რაიმე წილი მიუძღვის ამ ტრამპლინიდან ტრამპლინზე გადაგდებისა ჩვენი საზოგადოების, რომელიც ჩემი აზრით, არის ერთიანი პროცესი. ბრმა უნდა იყო, რომ არ დაინახო, ასეთი რამ ვერ დაემთხვეოდა.

 

მე გავრილოვის ტუტუც გამოხტომაზე უკვე გავაკეთე კომენტარი, მე მიმაჩნია, რომ თითოეული მონაწილე უნდა დაისაჯოს ქართული კანონმდებლობის უმკაცრესი სტანდარტებით, მე არ ვიცი რა ვთქვა, როდესაც ადამიანები, ვინც მართავენ ქვეყანას, არიან პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, გინდა მსხვილ ოპოზიციაში, ჩემთვის აი, აქ როდესაც ქართველი ხალხის ასეთი რისხვა, ასეთი ჩაგვრა, ასეთი სისხლისღვრა ხდება, დგება როგორც შედეგი, ყველა დამნაშავეა ამ პროცესებში. თქვენ თუ ჩემგან ელოდებით მოწოდებებს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, პარლამენტი უნდა ვადამდელი არჩევნებით დაიშალოს, მე ზუსტად, სანამ გამოძიება არ გაარკვევს, ვინ არის ის დივერსანტი, ვინც ქართველ ხალხს ასე აწამებს, ვინც მის ნებას ასე აფურთხებს, ვინც მის ნებას ასე ფეხებზე იკიდებს, აი, ეხლა ცრემლები მადგება ამხელა კაცს, ძლივს ვლაპარაკობ, ვინც ტყვიებს ესვრის, ქუჩებში აკოტრიალებს და სულში აფურთხებს და ეუბნება: ხან პრაიდს და ხან რუს დეპუტატს დაგიჯენ თავმჯდომარის სკამზე, ასეთი ხალხი, ეს ხალხი ჩემთვის ეს არ არის ხალხი. მე იმ გამზირზე, როცა მკლავდნენ რუსი „სალდათები“ 9 აპრილს, მე ვიცოდი რას ვიცავდი, მე ვიცოდი ვის ვებრძოდი, მე ვიცავდი იმ ღამეს ჩვენს ქალებს, 16 ქალი მოგვიკლეს მაშინ, მე მომიკლეს ასე ვთვლი , ესენი რას შვებიან? არ შემიძლია ვუყურო ქართველების ერთმანეთის ხოცვას. მე სახლი დამეწვა, როცა ხალხი ერთმანეთს ხოცავდა საქართველოში. მე ყველაფერი დავკარგე, ცალ თვალზე დავბრმავდი მანდ. რა უნდა ვთქვა?“, - განცხადა ვასაძემ.

 

ცნობისთვის, ლევან ვასაძე უკანონო ფორმირებების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

პოლიციელებმა რესპუბლიკის მოედანთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები სწორედ რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებიან.

 

სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი მანამდეც დააკავეს, რომლებიც პარლამენტის შენობაში შეიყვანეს.

რუსთაველის გამზირზე დაკავებები მიმდინარეობს. სამართალდამცველებს დაკავებულები პარლამენტის შენობაში შეჰყავთ.

 

ამ დროისთვის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორ ნაწილადაა გაყოფილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

„ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომის შედეგად, რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა - შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი, უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოსთხოვდნენ გუნდის წევრებს. იმავდროულად, 7 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს. რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ იძალადეს ჩვენც პოლიციელებზე. შედეგად შეიქმნა ვითარება, რომელიც გაცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები. პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი ემოციით. ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული. ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა. ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი. ხვალ, რასაკვირველია, პროცესები გაგრძელდება - ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე. იმავდროულად, ჩვენ ყოველი მიზეზის გარეშე ვუზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია. ჩვენი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი სრულად ინფორმირებულია , თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები დღეს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამ პირებს სრულად მოუწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება მათ მიერ ორგანიზებულ მასობრივი არეულობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისიდან დროშა და ბანერი ჩამოხსნეს. ისინი ამ წუთებში დროშას წვავენ. მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეებისკენს სპეცრაზმი მიემართება.

ხელისუფლება, ნეტავ, ვისი გული გაახარე?! - ასე ეხმაურება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

 

„ეზეკიელ წინასწარმეტყველი ამბობს: ვინც ხალხის წინააღმდეგ აღმართულ მახვილს დაინახავს და საგანგებოდ ბუკს არ დასცემს, მე უფალი, საბაოთი, მას ვაზღვევინებ დაღუპულთა სულებს! ყოჩაღ ხელისუფლებავ! როგორი მოშურნეობით აღასრულე პატივმოყვარეობისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილმა შენი ხალხის სისხლისღვრა! ასე გადაწყვიტე შენს ხალხში არსებული ეროვნული ღირსებისადმი პასუხმიგება? დღეს, 9 აპრილი გაგვახსენე, როგორ ნადირობდა მტრის სადამსჯელო რაზმები თავისუფლებისათვის მებრძოლი ჩვენი ხალხის მიმართ. ნეტავ, ვისი გული გაახარე?! არ აღმოგაჩნდა პოლიტიკური სიმწიფე, არ აღმოგაჩნდა პასუხისმგებლობა ოდესღაც ნდობით გამსჭვალული, მწარე სვე-ბედისგან დათრგუნული შენი ხალხის მიმართ. რა გითხრა დღეს ქართველმა ხალხმა. სამართლიანად მოგკითხა და გითხრა: ჩემი სამშობლოს მტრის და ოკუპანტის სახე რატომ მანახე ჩემი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალის სავარძელში დაბრძანებული. ხალხმა გამოავლინა სახელმწიფოებრივი აზროვნება, შიშველი ხელებით საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვისათვის გამოვიდა და პასუხისმგებლობითა და მზრუნველობით მოპყრობის ნაცვლად, ბარბაროსული მეთოდებით მიმართე ძალის დემონსტრირებას. ნუთუ, ვერ ხვდები რომ უსამართლობას და ბოროტებას დასასრულიც შესაბამისი აქვს“, - წერს მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?