Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.8714
EUR
3.2191
RUR
0.0456
GBP
3.5832

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სახელით, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, წინასაახალწლო მიღება გაიმართა. როგორც „გლობალპრესს“ პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მიმართა და დამდეგი 2019 წელი მიულოცა.

 

„ძალიან სასიამოვნო იყო თითოეული დღე, რომელიც გავატარეთ თქვენთან ერთად ამ შესანიშნავ გარემოში. ნამდვილად შესანიშნავი გარემო გვაქვს პარლამენტში, ეს შეიძლება, ნამდვილად, აღინიშნოს და ძალიან მიხარია თითოეული თქვენგანი. მინდა, გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო ახალ 2019 წელს. მინდა, რომ თითოეული თქვენგანისთვის ეს 2019 წელი იყოს გამორჩეულად წარმატებული და ბევრი სიხარულის, ბედნიერების მომტანი. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს თქვენს ოჯახებთან ერთად“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ პირველი აქტი გამოსცა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთაგან სამივე ქალბატონია. მათ შორის, ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე - მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა.

 

მათივე ინფორმაციით, სამივე მსჯავრდებული ქალბატონი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპზე გეგმავს შესაბამისი პროცედურების გავლით კომისია ახალი წევრებით დაკომპლექტდეს.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს. ლევან მურუსიძე მის მიმართ შექმნილ ნეგატიურ განწყობას ცილისმწამებლურ კამპანიას უკავშირებს და აცხადებს, რომ მზად არის გადადგომის საკითხი განიხილოს, თუკი მის წინააღმდეგ ბრალდებების დასაბუთება მოხდება. მურუსიძის თქმით, ითხოვს დისკუსიას არასამთავრობო სექტორთან, დარგობრივ ექსპერტებთან, იურისტებთან და პარლამენტის ფრაქციებთან. ასევე მზადაა შეხვდეს ჟურნალისტებს და ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.

 

„გლობალპრესი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„უკვე მერამდენე წელია ჩემს მიმართ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული და მძლავრად ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანია, რომელმაც კულმინაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ჩემი უვადოდ განმწესების დღეებში მიაღწია. ამ დროის განმავლობაში ჩემი დისკრედიტაცია ხორციელდებოდა საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით და ფსიქოლოგიური ტერორის ყველა ხერხის გამოყენებით. ჩემს მიმართ პირდაპირ და უაპელაციოდ გამოცხადდა ვერდიქტი და არცერთ ეტაპზე არც კვალიფიციური ოპონირების საშუალება მომეცა, რათა საკადრისი პასუხი გამეცა ცილისმწამებლებისათვის და არც ფაქტების წარმოდგენაზე იზრუნა ვინმემ. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ჩემს წინააღმდეგ განსაკუთრებით აგრესიულად, მიზანმიმართულად და ცილისმწამებლურად გაილაშქრა იმ პოლიტიკურმა პარტიამ („ნაციონალურმა მოძრაობამ“), ვინც პასუხისმგებელია სპეციალურად გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და ასევე ზოგადად კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის პირობებშიც მომიწია ზემოაღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება და რომელმაც ფაქტობრივად საკანონმდებლო მარწუხებში მოაქცია სასამართლო ხელისუფლება, ვინაიდან ამით ისინი შეეცადნენ საკუთარი პასუხისმგებლობის ჩემზე გადმოკისრებას.

 

ფაქტია, რომ ჩემს წინააღმდეგ წარმოებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და ნეგატიურმა განწყობამ საზოგადოების ფართო ფენამდე მიაღწია. მე ამ უსამართლო დამღით ცხოვრების გაგრძელებას არ ვაპირებ. ამასთან, არაფრად მიღირს მოსამართლის მანტია, თუ ბრალდებას პასუხი არ გავეცი და წერტილი არ დავუსვი ამ ბინძურ კამპანიას. მე ასევე ზედმიწევნით კარგად მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობისა და რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის პირობებში მოსამართლედ მუშაობა ნამდვილად არ იყო მარტივი. ესეც მოცემულობაა და არც ამ სიმართლისთვის თვალის გასწორება მიჭირს. ამასთან, საბჭოს მდივნად არჩევის შემდეგ, გამაჩნდა რა მოსამართლეთა კონფერენციის უმრავლესობის ნდობის მანდატი, ღიად მოვუწოდე მოსამართლეთა კორპუსს გამოგვეყენებინა შანსი და გვეზრუნა სასამართლოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისათვის. სწორედ ეს გახდა ჩემზე განხორციელებული საინფორმაციო შტურმის მიზეზი. არადა, სწორედ ჩემმა და ჩემი თანამოაზრეების პრინციპულმა პოზიციამ განაპირობა ის რეალური პროგრესი, რომელსაც სასამართლო სისტემამ მიაღწია ამ წლებში და რომელზეც არა მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, არამედ არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა თუ ინდექსი მეტყველებს. მარტო ის რად ღირს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის თვალსაზრისით ევროპის 20 მოწინავე ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით-პირველზე. ესეც მოცემულობაა და ოპონენტებს ამ მოცემულობისთვისაც მოუწევთ თვალის გასწორება.

 

საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ მივმართე არასამთავრობო გაერთიანებებს, მოეხდინათ ჩემი პერსონალური ბრალეულობის ფორმულირება გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და თუ ეს ბრალდება დადასტურდებოდა, განვიხილავდი ჩემი გადადგომის საკითხს. თუმცა ამაოდ - ისინი ჯიუტად დუმან. დუმან იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი ამ საქმეზე ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს. მათი დუმილის მიუხედავად, მე გაჩერებას აღარ ვაპირებ და ოფიციალურად ვაცხადებ: მსურს საგნობრივი დისკუსია გავმართო არასამთავრობო სექტორთან, დარგობრივ ექსპერტებთან და სწავლულ იურისტებთან. იმედია, ამ შეხვედრის ორგანიზება მესამე სექტორს არ გაუჭირდება; ცალკე ფორმატით, ერთხელ ან რამდენჯერმე მსურს შევხვდე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და ვუპასუხო მათ ნებისმიერ კითხვას; სურვილი მაქვს, აგრეთვე, შევხვდე საქართველოს პარლამენტის უკლებლივ ყველა ფრაქციას და პირადად გავმართო მასთან დისკუსია.

 

იმედს გამოვთქვამ, უახლოეს პერიოდში მოხერხდება ამ შეხვედრების და დისკუსიების ორგანიზება და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა რეალურ ფაქტებსა და რაციონალურ არგუმენტებზე დაყრდნობით გამოიტანოს დასკვნები, ანუ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და არ დარჩეს სხვის მიერ უხეშად მოდელირებული რეალობისა და ხელოვნურად შექმნილი განწყობების ამარა“ , - ნათქვამია ლევან მურუსიძის განცხადებაში.

15 იანვრამდე ფონდი „ქართუს“ კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი უკვე დასახელებულ პირობებს აკმაყოფილებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პრობლემური სესხების განულების პროგრამის მიმდინარეობის კომენტირებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც არ შემოუერთდა ამ პროცესს.

 

„ზოგი მათგანი სიებს აზუსტებდა,ზოგისთვის პირობები აღმოჩნდა მიუღებელი. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს“ კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს. შესაბამისად, ამ ვადაში მათაც შეეძლებათ შეუერთდნენ აღნიშნულ პროგრამას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ახალ ზელანდიაში ახალი 2019 წელი დადგა. ახალი წლის დადგომას ქვეყნის დედაქალაქში ასეულობით ადამიანი ფოიერვერკებით შეხვდა.

 

ახალი წელი ახალ ზელანდიაში თბილისის დროით 15:00 საათზე დადგა.

 

შეგახსენებთ, რომ ახალი 2019 წელი პირველად კირიტიმატის კუნძულზე თბილისის დროით 14:00 საათზე დადგა.

 

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ბოლოს ახალ წელს აშშ-ის მიმდებარე მცირე კუნძულებზე შეხვდებიან.

ალბათ, დღეს რეგლამენტის დარღვევა ვიღაცას დასჭირდა და დარღვევით გააკეთეს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევას. კობახიძის თქმით, მისი არჩევა პროცედურის დარღვევით მოხდა და ამასაც ექნება შესაბამისი რეაგირება.

 

„პირველი მოადგილის ერთ კანდიდატურას ასახელებს კომიტეტის თავმჯდომარე. რაც შეეხება უმრავლესობის კვოტას, იქაც ერთი კანდიდატი სახელდება უმრავლესობის მიერ და რაც შეეხება ოპოზიციის კვოტას, იქ თითო კანდიდატის დასახელება შეუძლია უმცირესობას ან გარეთ ფრაქციებს, როგორიც არის დღეს “ნაცმოძრაობა” და “პატრიოტთა ალიანსი” ანუ კანდიდატთა სიმრავლე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ოპოზიციის შემთხვევაში. ეს წერია ძალიან ნათლად რეგლამენტში. მე დარწმუნებული ვარ, ეს იცის იმ იურისტმაც, რომელიც სხვანაირად საუბრობს ამაზე, თუმცა ალბათ, დღეს რეგლამენტის დარღვევა ვიღაცას დასჭირდა და დარღვევით გააკეთეს ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ამასაც თავისი რეაგირება ექნება,“ - განაცხადა კობახიძემ.

თუ ვინმე არღვევს გუნდური თამაშის წესებს, იქ ჩვენი რეაგირება აუცილებელია, ოღონდ ეს რეაგირება იქნება მაქსიმალურად რბილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი შეეცდება, რომ გუნდის შიგნით ყველას აუხსნას, თუ რა წესი არ უნდა დაირღვეს. პარლამენტის თავმჯდომარემ გასული წელი გაიხსენა, როდესაც უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირება საბოლოოდ დავით ჭიჭინაძის გუნდიდან გარიცხვით დასრულდა.

 

„მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ინდივიდუალურ დეპუტატებთან პოლემიკაში ვერ შევალ, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. ყველაფერი იქნება მშვიდად და რაც მთავარია, გუნდში უზრუნველყოფილი იქნება სტაბილურობა და ერთიანობა. შარშან ამ დროსაც კონკრეტული დეპუტატები უშვებდნენ შეცდომებს და ამ შეცდომებს გაეცა შესაბამისი პასუხი, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობდით, რათა ერთიანობა შეგვენარჩუნებინა და ერთადერთი დეპუტატი, რომელსაც უმრავლესობის დატოვება მოუწია, მოგეხსენებათ ვინც იყო. შესაბამისად, აქაც ჩვენი სულისკვეთება იქნება იგივე. გვინდა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ერთიანობა, თუმცა ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ დაიცვან წესრიგი. თუ ვინმე არღვევს გუნდური თამაშის წესებს, იქ ჩვენი რეაგირება აუცილებელია, ოღონდ ეს რეაგირება იქნება მაქსიმალურად რბილი. ზუსტად ამ რბილი მიდგომის საფუძველზე მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დატოვა უმრავლესობა წინა შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც ჩვენი მიდგომა იქნება რბილი და ვეცდებით, რომ ყველას შიგნით ავუხსნათ თუ რა არის წესი და რა არ უნდა დაირღვეს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში იყო უმძიმესი საკადრო პოლიტიკა, რამაც მოიტანა უმძიმესი შედეგები, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს. საქმე შეეხება ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებებს, რომელზეც კობახიძის თქმით, მუშაობა უკვე დაწყებულია.

 

„ეს შეფასება უკვე გაკეთებულია აპარატის მხრიდან. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც თქვენგან მივიღეთ. პარლამენტში იყო უმძიმესი საკადრო პოლიტიკა, რამაც მოიტანა უმძიმესი შედეგები და ერთ-ერთია ეს, იმისთვის, რომ შეივსოს ხარვეზი, განსაკუთრებით კომიტეტების თავმჯდომარეებს უწევთ მიმართონ ამ ხერხს. ეს არის თქვენი მემკვიდრეობა და ამაზე მუშაობა დაწყებულია. ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება“, - მიმართა კობახიძემ გოცირიძეს.

 

რომან გოცირიძის თქმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხზე აუდიტის ჩატარებას მოითხოვს.

 

„ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას რაც შეეხება, გადაწყვეტილება მიღებული იქნა დაუსწრებლად. აქ საუბარია ოთხი მოწვეული სპეციალისტის შტატის დამატებაზე, ეს პრაქტიკა გრძელდება ყოველი სხდომის დღეს. ამ ორი წლის განმავლობაში ვერა და ვერ დაედგა თავი ამ საკითხს, მითუმეტეს, რომ მსგავსი პოზიცია აქვს არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ხაზინადართა საბჭოს ზოგიერთ წევრს უმრავლესობიდან. ამ ოთხი სპეციალისტისთვის გამოყოფილი თანხა არის იმაზე მეტი, ვიდრე იღებს მაგალითად, მთელი ჩვენი ფრაქცია. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს უფლებას და მივმართავთ, აუდიტის სამსახურს შესასწავლილი იქნას პარლამენტში ასეთი ხარჯების ეფექტიანობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

იურიდიული კომიტეტის მიმავალმა თავმჯდომარემ მომავალ თავმჯდომარეს მეთვალყურე დაუნიშნა გედი ფოფხაძის სახით,"- ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გოცირიძის თქმით, მმართველ გუნდში სერიოზული კონფლიქტია.

 

„დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ შიდა დაპირისპირება გრძელდება. მან პროცედურული ხასიათი მიიღო, მაგრამ შედეგი საკმაოდ სერიოზული და პოლიტიკურია. ფაქტობრივად, იურიდიული კომიტეტის მიმავალმა თავმჯდომარემ მომავალ თავმჯდომარეს მეთვალყურე დაუნიშნა გედი ფოფხაძის სახით. მაკონტროლებელი დაუნიშნა იმას, ვინც ჯერ არჩეული არ არის. ეს პროცესი გრძელდება და საზოგადოებამ უნდა გაიგოს, თუ რა ხდება საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენ წინ ხდება საკმაოდ სერიოზული კონფლიქტი მმართველ გუნდში,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დღეს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძე აირჩია.

ავღანეთში ნანგარჰარის პროვინციაში საჰაერო დარტყმების შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სულ მცირე 28 „ბოევიკი“ მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ავღანეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, საჰაერო ძალების ოპერაცია „ბოევიკების“ საიდუმლო ობიექტის წინააღმდეგ ნანგარჰარის პროვინციის სოფელ აჩინში განხორციელდა.

 

დაზუსტებული ინფორმაციით, ლიკვიდირებულ „ბოევიკებს“ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ სამი მეთაურია.

თუ პროცესი ჯანსაღად არ წარიმართება და თუ ცალკეული პირები, რომლებიც ახლები არიან, სხვა პოზიციას აირჩევენ, მე გადავხედავ ჩემს პოზიციებს შემდეგ, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ პროცესმა მმართველი გუნდისთვის დამაზიანებელი სახე არ მიიღოს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის ბრძოლას გააგრძელებს.

 

„მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ პროცესმა ჩვენი ხელისუფლებისთვის არ მიიღოს პოლიტიკურად დამაზიანებელი სახე. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად და მოზომილად ვეკიდები ყველა ჩემს განცხადებას. მე ვარ მოპასუხის და არა თავდამსხმელის როლში ყველა ჩემი კომენტარის დროს. მე მიწევს ცალკეულ არასწორ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მე არა ვარ ის ადამიანი, რომელიც ან სადმე იმალება, ან რამე მოსარიდებელი აქვს და ვინმე შანტაჟის ენით დაელაპარაკება. მე იმ გუნდთან ერთად ვარ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა 2011 წელს და მე დავარეგისტრირე ეს პოლიტიკური პარტია მანანა კობახიძესთან და სხვებთან ერთად. მე ამ გუნდის ღირებულებებსა და იდეალებს ვიცავ დღესაც ამ პოზიციით. ასე რომ, მე ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ, ვაგრძელებ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ჩემი შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, როგორი განვითარება ექნება ამ პროცესს. ჯანსაღად წარიმართება პროცესი და ყველა ერთად შევთანხმდებით, რომ იმ პირობებს ვასრულებთ, რომელიც მოსახლეობას ვუთხარით. თუ ეს ასე არ მოხდება და ცალკეული პირები, რომლებიც ახლები არიან და გამარჯვების მერე მოვიდნენ კომფორტულ გარემოში, სხვა პოზიციას აირჩევენ და მე გადავხედავ ჩემს პოზიციებს შემდეგ. ერთი ვიცი, ბრძოლას გავაგრძელებ,“ - განაცხადა ბესელიამ.

 

ჟურნალისტების კითხვა, ვის წინააღმდეგ გააგრძელებს ის ბრძოლას და ხომ არ არის ეს ადამიანი ირაკლი კობახიძე, ბესელიამ უკომენტაროდ დატოვა.

 

„უკომენტაროდ. მე ვიცი, ვისაც ველაპარაკები და იცის მანაც, ვისაც ვგულისხმობ,“ - აღნიშნა ბესელიამ

 

აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელიამ, რომელმაც გასულ კვირას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, კომიტეტის რიგით წევრად რჩება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძე აირჩიეს.

 

კომიტეტის სხდომაზე დღეს კამათის მიუხედავად კენჭისყრის ორი ტური გაიმართა.

 

პირველ ტურში გედევან ფოფხაძემ 6 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა 5-ის, ხოლო რუსლან პოღოსიანმა 1-ის.

 

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე არჩეულ კანდიდატურას კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა, გაიმართა კენჭისყრის მეორე ტური, რომელშიც გედევან ფოფხაძემ 7 ხმა მიიღო, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილმა - 2.

 

ეკა ბესელიამ გედევან ფოფხაძეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე არჩევა მიულოცა და მიმართა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დატოვოს, რადგან მას ორი თანამდებობა ერთდროულად არ ჰქონდეს.

 

კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, იურიდიულ კომიტეტს, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, ხელმძღვანელობას სწორედ გედევან ფოფხაძე გაუწევს.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ივლისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?