Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9275
EUR
3.2445
RUR
0.0438
GBP
3.5385

12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს, რომლის განჩინებაც საზოგადოებას ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა გააცნო.

 

„კრებამ მოისმინა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის მოხსენება, სამოციქულო მსახურების შესახებ საქართველოს ისტორიაში: რა არის გაკეთებული წარსულში და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ანდრია პირველწოდებულის ქადაგებით განათლებული, უფლის მადლითა და სიბრძნით. კრებამ განაჩინა, 12 მაისი დადგინდეს საქართველოს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეთ და გამოცხადდეს იგი ეროვნულ დღესასწაულად“, - აღნიშნულია წმინდა სინოდის მიერ მიღებულ განჩინებაში.

უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობას წმინდა სინოდი შემდეგ სხდომაზე გააგრძელებს, - ამის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, რომელიც საზოგადოებას ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა გააცნო. განჩინების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს შორის არსებულ ურთიერთობებზე მწუხარებას გამოხატავს.

 

ილია მეორის განცხადებით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში დღეს დაძაბული ვითარებაა შექმნილი.

 

„მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რაც მოხდა უკრაინაში, კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოებს შორის. უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია, არ არის ერთი აზრი, ერთსულოვნება. რუსეთის ეკლესიამ შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება, გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი. მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისათვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც მწუხარებას იწვევს ჩვენში. ეკლესიას ისტორიის მანძილზე ჰქონია მრავალი განსაცდელი და ღვთის მადლით დაუძლევია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ღვთის ძალით აღდგება ძმური ერთობა ეკლესიებს შორის“, - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

მეუფე დავითის თქმით, მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცერსების შესახებ მსჯელობა, წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე გაგრძელდება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ „გლობალპრსს“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

,,მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ასევე მთავარი პროკურორის მზაობას თავად უხელმძღვანელოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების უკვე ათწლეულების მანძილზე დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმეს.

 

იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით გაწეული სამუშაოს შედეგად, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები ჰქონდა, თუმცა, როგორც ბესელიამ „გლობალსს“ განუცხადა, კომიტეტის თავმჯდომარის დატოვების გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამო მიიღო და არა ვინმესთან უთანხმოების გამო.

 

მისივე თქმით, გუნდურობასთან დაკავშირებით იგი არავისგან შენიშვნას არ მიიღებს.

 

„გუნდურობაზე არ მივიღებ არავისგან მინიშნებებს და მითითებებს, განსაკუთრებით მათგან, ვინც 2012 წლის გამარჯვების შემდეგ მოვიდა ჩვენთან და მით უფრო 2016 წელს. ჩემთვის ეს ფაქიზი თემაა. ფრთხილად არის საჭირო ამ თემაზე საუბარი. მე არ მჭირდება გუნდურობაზე და სტანდარტების დაცვაზე მითითება. გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები გვქონდა და მაქვს. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი ყველაზე კარგად ვიცი და ვინც აკეთებს განსხვავებულ ინტერპრეტაციას, ეს არის არაგუნდურობა და არაეთიკური. თუ აინტერესებთ, ამ ადამიანებმა ჯერ უნდა მკითხონ მიზეზი“, - განაცხადა ბესელიამ.

 

როგორც ცნობილია, ეკა ბესელიამ გუშინ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ბესელიას თქმით, შესაბამის განცხადებას ბიუროს პირველივე სხდომაზე წარუდგენს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ რეალური ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს, ვინაიდან თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ქვეყანა გამოუსწორებელ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამის შესახებ კახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„გვინდა გამოვეხმაუროთ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, როდესაც მათ გუშინ უვადოდ დაამტკიცეს მოსამართლე ლევან მურუსიძე. გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა მხოლოდ სასამართლოს მმართველმა ჯგუფმა, რომელიც ივანიშვილის დაქვემდებარებაში ამყოფებს მართლმსაჯულების სისტემას, არამედ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებულმა წევრებმა - ხარებავამ, გზირიშვილმა, ქადაგიძემ. ეს არიან პირები, რომლებიც პარლამენტმა გაამწესა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მე მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ - პირველ რიგში, გაიაზრონ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს ალიანსი, რომელიც მათ სასამართლოს მმართველ ჯგუფთან გააფორმეს და რაღაც კოსმეტიკურ ცვლილებებს კი ნუ გვთავაზობენ საზოგადოებას, არამედ სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა დაიწყონ“, - განაცხადა კახიძემ.

 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ რეალურად უნდა დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა, რათა ბოლოს და ბოლოს ჩვენს საზოგადოებას ეღირსოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა.

 

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პაკეტი წინადადებების, როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბება. უნდა მოვიწვიოთ სპეციალისტები და ყოფილი მოსამართლეები დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებიდან და დავიწყოთ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, ვინაიდან თუ ეს ტენდენცია, რომელიც ახლა გვაქვს, გაგრძელდა, ჩვენ გამოუსწორებელ მდგომარეობას მივიღებთ. ჩვენ მივიღებთ უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა ისეთ კორპუსს, რომელიც დღითიდღე გააუარესებს სასამართლოში მდგომარეობას. ეს არის ჯგუფი, რომელიც იყო როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების მორჩილი, და მზად არის ნებისმიერი დაკვეთა და ნებისმიერი დავალება შეასრულოს ხელშეუხებლობის სანაცვლოდ. ქართული საზოგადოების ვალია, ყველანაირად შევეცადოთ, ამ ჩიხიდან გამოვიდეთ“, - აღნიშნა კახიძემ.

 

გუშინ მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განწესდა. კენჭისყრის შედეგად მან საბჭოს წევრთა 11 ხმა მოიპოვა. ერთი ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგი იყო.

2017 წლის 28 მარტიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, 2018 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, 339 255 მოქალაქემ შენგენის წევრი ქვეყნების მიმართულებით 553 748 ვიზიტი განახორციელა. შესაბამისი ინფორმაცია „გლობალპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

 

მათივე სტატისტიკური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე მეტი - 135 884 ვიზიტი გერმანიაში განახორციელეს; 80 520 ვიზიტით მეორე ადგილს იტალია იკავებს; მესამეს 68 807 ვიზიტით - საბერძნეთი; მეოთხე ადგილზე პოლონეთია - 42 054 ვიზიტით, ხოლო მეხუთე ადგილზე ესპანეთი - 40 914 განხორციელებული ვიზიტით.

 

ასევე, 39 120 ვიზიტი განხორციელდა საფრანგეთში, 24 120 - უნგრეთში, კვიპროსზე - 18 258, ხოლო ავსტრიაში - 16 293.

 

2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრების უფლება აქვთ.

„დღეს გვქონდა ბოლო სამუშაო დღე ქუთაისში, რაც ძალიან სამწუხაროა, ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის. ნამდვილად შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ვტოვებთ სამუშაო პროცესს ქუთაისში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რიგგარეშე სესიის დახურვისას განაცხადა.

 

„სრულდება რიგგარეშე სესია. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დღეს გვქონდა ბოლო სამუშაო დღე ქუთაისში, რაც ძალიან სამწუხაროა, ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ორი წლის განმავლობაში, ზოგისთვის ექვსი წლის განმავლობაში ნამდვილად შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა და ძალიან გულდასაწყვეტია ის, რომ ვტოვებთ სამუშაო პროცესს ქუთაისში. და ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მანდატურებს, რომლებსაც ჰქონდათ რთული სესია და მათ შესანიშნავად და ბრწყინვალედ გაართვეს თავი მათთვის დაკისრებულ ამოცანებს. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა მათ მუშაობისთვის“  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განწესდა. კენჭისყრის შედეგად მან საბჭოს წევრთა 11 ხმა მოიპოვა. ერთი ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგი იყო.

 

ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში უვადოდ დაინიშნა. ლევან მურუსიძემ კეთილსინდისიერების კრიტერიუმში 95%, ხოლო კომპეტენტურობაში 94 პროცენტი მიიღო.

 

აღსანიშნავია, რომ მოსამართლეები გასაუბრებაზე კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის გათვალისწინებით ფასდებიან.

 

აღნიშნულის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც საბჭოს წევრებმა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით მყოფ მოსამართლეებთან დღეს გასაუბრების პროცესი ჩაატარეს. ამის შემდეგ კი კენჭი უყარეს.

ირაკლი ნადირაძემ ღამის ეკონომიკა პირდაპირ ნარკოტიკებს დაუკავშირა, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია,- ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე ირაკლი ნადირაძის გამოსვლას, რომელმაც დედაქალაქის მერს ჰკითხა მიაჩნია, თუ არა, რომ “ღამის ეკონომიკა“ მისი წარუმატებელი პროექტი იყო.

 

"ირაკლი ნადირაძემ ღამის ეკონომიკა პირდაპირ ნარკოტიკებს დაუკავშირა, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანისთვის, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა. ნარკოტიკები რომ ცუდია, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ვებრძოლოთ ამ მიმართულებას. ყველამ ერთად უნდა ავუხსნათ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, რამდენად ცუდია ნარკოტიკების ზემოქმედება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შთავაგონოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორად ცხოვრება. რა თქმა უნდა, ღამის ეკონომიკა განვითარდება, ის კლუბებიც განვითარდება, რომლებიც ელექტრონული მუსიკით არიან დაინტერესებული. სწორედ ეს კლუბები არიან დაინტერესებულნი, რომ რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი ცხოვრების წესი დაინერგოს, მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული და „არა ნარკოტიკს“",- განაცხადა კალაძემ.

 

ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძეს ჰკითხა, მიაჩნია, თუ არა, რომ “ღამის ეკონომიკა“ მისი წარუმატებელი პროექტი იყო. "მას შემდეგ, რაც თქვენ ღამის ეკონომიკის განვითარება დააანონსეთ, ბატონი გახარია გამოვიდა და ლამის თავზე ჩამოიქცა ის მთავარი ობიექტები, რომელზეც დგას ე.წ. „ღამის ეკონომოკა“. ფიქრობთ, თუ არა, რომ ეს იყო თქვენი წარუმატებელი პროექტი?! როგორ ფიქრობთ, პარასკევი-შაბათი-კვირა ერთი ავტობუსი რომ დადის „ახმეტელიდან“ „ვარკეთილამდე“, ეს ააღორძინებს ღამის ეკონომიკას?!“, - მიმართა ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძეს.

ახლა შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს და რაღაცების მოყოლას დავიწყებ ახლა, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ, რაც კილაძემ აღნიშნა, რომ უკვირს, რატომ ხდება კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ბესელიას გადადგომის საკითხის მოსამართლეობის კანდიდატების თემასთან დაკავშირება, როცა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის დატოვების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.

 

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, მას ეჭვი აქვს, რომ მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარება რამდენიმე თვით ადრე იგეგმებოდა, ვინაიდან მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრეც გავრცელდა. ბესელიას განცხადებითვე, მოვა დრო და ვიღაცები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვიღაცები კი ისეთ ზონაში შედიან, სადაც თავად დაიკარგებიან და მათ წინდახედულობასა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

 

„ახლა შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს ნაადრევად დავიწყებ და რაღაცების მოყოლას დავიწყებ ახლა. როგორც სჩანს, ეს ცოტა ადრე იგეგმებოდა. რატომ იგეგმებოდა ეს ადრე, იქამდეც მივალთ და ვიღაც არ აღმოჩნდეს ამაზე უხერხულ მდგომარეობაში. ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და ყველას ვურჩევ, ვინც დაკავებულია იმ პოზიციით, რომ ვერ გაუგია სად არის და რატომ არის, ვურჩევ ცოტა გაიაზროს პასუხისმგებლობა და ისე ილაპარაკოს. რადგან იმ ზონაში შევა, სადაც თვითონ დაიკარგება და ვეღარ გამოაგნებს გზას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გრიპის ვირუსთან დაკავშირებული მაჩვენებლები გასულ წელზე მეტია, თუმცა ორი წლის წინანდელ მონაცემებზე - ნაკლები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მისი თქმით, ზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა შესაბამისი ქმედებისთვის მზად არის.

 

„ორი წლის წინ სხვადასხვა გამომწვევები იყო და წელს დომინირებს ერთი გამომწვევი - H1N1, რომელსაც ახასიათებს შედარებით მძიმე მიმდინარეობა, ვიდრე სხვებს. ახალი მონაცემები გვექნება ორშაბათს. ამ ორშაბათის იყო 221. ეს რაოდენობა საკუთრივ დაავადების მიმდინარეობაში არაფერს ცვლის, თუმცა მაინც საყურადღებოა და მნიშვნელოვანი, როგორ უნდა მოუაროს ადამიანმა თავს. მთავარი გზავნილი არის ის, არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა მზად, რომ თუკი რაღაცა ზღვარს გადააჭარბა და საგანგებო მზადყოფნა გახდა საჭირო, მზად ვართ თუ არა ამისთვის. დიახ, ამისთვის სისტემა მზად არის და ამ სამი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულია გეგმა, რომელიც ყოველ წელს იტესტება, თუმცა წელს ეს სიტუაცია არ გვაქვს“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

რაც შეეხება მიმართვების რაოდენობის გაზრდას, მინისტრის თქმით, ჰოსპიტალებში ადგილებზე შეფერხება არ არის.

 

„ამ ყველაფრის მეორე ნაწილი არის ამბულატორიების თემა, როცა პაციენტები აკითხავენ ოჯახის ექიმებს კონსულტაციისთვის. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაზრდილი იყოს დალოდების დრო, თუმცა არა იმიტომ, რომ ადგილი არ არის, არამედ გაზრდილი მიმართვიანობის გამო. მიმართვიანობა გაორმაგებულია. ჩვენ დღეში ორჯერ გვაქვს შეფასება მიმართვიანობის და გამოძახებების, დღეს კიდევ ერთხელ შევამოწმებთ, გავაანალიზებთ და საჭიროების შემთხვევაში გადავალთ პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც საოჯახო ცენტრები გადადიან 24/7-ზე რეჟიმით და გამოძახებებზე გასვლაზეც ვეხმარებით ტრანსპორტით“, - აღნიშნა სერგეენკომ.

ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერისას დარჩა კიდევ ადამიანების რაოდენობა, რადგან გამსესხებელმა საფინანსო ინსტიტუტებმა არ გაასხვისეს პორტფელები, როგორც ჩანს, რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხდა შეთანხმება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერის პროექტი წარმატებულია და შეცდომები პრაქტიკულად არ არის.

 

„ბოლო პერიოდში იყო ბევრი მითქმა-მოთქმა და ზოგიერთი მოქალაქის გულისწყრომა ვალების ჩამოწერის პროექტთან დაკავშირებით. მათ შორის, მეც ვღებულობდი ინფორმაციას, რომ ზოგიერთმა თავისი თავი იქ ვერ იპოვა, თუმცა მიაჩნდა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რის გამოც, იქ უნდა ყოფილიყო. პროექტი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება. ნახავდით, რომ 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო და 4 მილიარდამდეა ჯამური თანხა, რაც ჩამოეწერებათ. უბრალოდ, დარჩა კიდევ ადამიანების რაოდენობა, რადგან გამსესხებელმა საფინანსო ინსტიტუტებმა, არ გაასხვისეს ეს პორტფელები, როგორც ჩანს რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხდა შეთანხმება. ჩემი ინფორმაციით, „ქართუს“ კარი ჯერ კიდევ ღიაა და ვიმედოვნებ, ის დარჩენილი კომპანიები, ნაწილი მაინც, შეთანხმდებიან „ქართუსთან“ და ეს რიცხვი - 600 ათასი ფიზიკური პირი კიდევ უფრო გაიზრდება. ხელშეკრულების გაფორმება ვისთანაც მოხდა, ყველა უკლებლივ აისახა. პრაქტიკულად შეცდომები მინიმალურია, არ არის, თუ აღმოჩნდება, მყისიერად სწორდება. ძალიან წარმატებული პროექტია და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე მხარეს. ვიმედოვნებ, სამომავლოდ ასეთი რაღაც აღარ დაგვჭირდება“, - განახადა ივანე მაჭავარიანმა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?