Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.8714
EUR
3.2191
RUR
0.0456
GBP
3.5832

„ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, რომლებიც არ შეწყდება არც ერთი დღე,“ - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, პერმანენტული აქციები იქნება მშვიდობიანი და კანონის ფარგლებში.

 

„გაერთიანებული ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით, ხელისუფლება კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდეს, მოვითხოვთ კომისიაში ყველა იმ პირის დასჯას, ვინც ბღუჯა-ბღუჯა ჩაყარა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენები. კატეგორიულად მოვითხოვთ იმ პირის დასჯას, ვინც სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, კატეგორიულად მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დასჯას, ვინც გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეებს თავს დაესხა, კატეგორიულად მოვითხოვთ იმ ვითომდა პოლიციელების დასჯას, რომელთაც ამ სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელობა ჰქონდა ჩაბარებული. ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, რომლებიც არ შეწყდება არც ერთი დღე. ის კრიმინალური შედეგები, რითიც ამ ხელისუფლებამ მართა ეს ქვეყანა, დასრულდა გუშინ. ეს აქციები იქნება მშვიდობიანი საქართველოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა. როგორც „გლობალპრესს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

 

პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი და საკითხები, რომლებზე მსჯელობაც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში იგეგმება.

 

საუბრისას ყურადღება დაეთმო განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ფრანგული გამოცემა Le Parisien საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დასწრებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა წერს, 7 დეკემბერს ემანუელ მაკრონსა და ნიკოლა სარკოზის შორის შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც ემანუელ მაკრონმა ყოფილ პრეზიდენტს რჩევები სთხოვა “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციებით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით.

 

“გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა მის წინამორბედს მნიშვნელოვანი მისია დააკისრა: წარმოედგინა ემანუელ მაკრონი ყოფილი ფრანგი დიპლომატის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე”, - წერს გამოცემა Le Parisien.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ მათ ეს ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ნიკოლა სარკოზის მჭიდრო კავშირები აქვს საქართველოსთან მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის დროს შუამავლის როლს ასრულებდა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრო.

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს.

 

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვისაც იკრიბებიან. ადგილზე უკვე მოვიდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები.

 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

 

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ რამდენიმე კარავი გაშალეს.

კახეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი ინციდენტების დროს დაშავებულ პოლიციელებს თელავის საავადმყოფოში პირველადი დახმარება და სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

 

„ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარე აქციის დროს, 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა პოლიციელების სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. უკვე ყველა დაშავებული პოლიციელი გადაყვანილია თელავის საავადმყოფოში, უტარდებათ პირველადი დახმარება, ასევე, გამოკვლევები. სათანადოდ შეფასდება პოლიციელებზე თავდასხმის ყველა ფაქტი და უმკაცრესად იქნება დასჯილი ყველა ის პირი, ვისი ბრალეულობაც დადასტურდება," - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა გიორგი გორელიშვილმა.

 

დაშავებული პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან თელავის საავადმყოფოს ექიმმა მარინა ქართლელიშვილმა ისაუბრა.

 

„შემოყვანილ პაციენტებს ამ ეტაპზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები უტარდებათ და ჯერჯერობით დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. დაზიანებები აღენიშნებათ და შესაბამისად, როგორც გითხარით უტარდებათ გამოკვლევები. დარჩებიან თუ არა კლინიკაში, მათი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვეტთ. ჯერჯერობით იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ“, - განაცხადა ექიმმა.

კიევში, გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა და მისი წესდება მიიღეს. ახალ ეკლესიას მიტროპოლიტი ეპიფანე უხელმძღვანელებს. უკრაინის ეკლესიის წმინდა სინოდს 12 წევრი ეყოლება.

 

გამაერთიანებელ კრებას ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მთავარეპისკოპოსი ფილარეტი ესწრებოდნენ. კრება პეტრო პოროშენკოსა და მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის ინიციატივით გაიმართა.

 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო უკრაინაში ცალკე მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსებას ეწინააღმდეგება.

 

ივარაუდება, რომ უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის დაარსების შემდეგ, მისი მეთაური, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან, ავტოკეფალიიის შესახებ ტომოსს მიიღებს, რაც 6 იანვრისთვის არის მოსალოდნელი.

 

ოქტომბრის დასაწყისში, მოსფლიო საპატრიარქომ კიევის საპატრიარქოს კანონიკურობა აღიარა, რაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პირველი ნაბიჯი გახდა. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მიიჩნევენ, რომ ასეთმა ქმედებებმა, შესაძლებელია, ეკლესიის გაყოფა გამოიწვიოს. მათ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 17-19 დეკემბერს, ვიზიტით ესტონეთს ეწვევა. ამის შესახებ „გლობალ პრესს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორთან, ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალულაიდთან, პრემიერ-მინისტრ იური რატასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სვენ მიქსერთან გამართავს.

 

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სემინარში - „შიდაპოლიტიკური განვითარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ მიიღებს მონაწილეობას.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ენერგიის აღმოჩენის ცენტრისა და კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის დათვალიერება. პარლამენტის თავმჯდომარე მოინახულებს თბილისის მემორიალსაც. ასევე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო წილოსანი შედიან.​

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში გადავიდა.

 

ახალი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა 28-მოსამართლემდე უნდა გაიზარდოს.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტი აირჩევს. ასევე, პარლამენტი 10 წლის ვადით აირჩევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელსაც თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს წევრთაგან შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.

 

პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში ახალი რედაქციის კონსტიტუცია შევიდა. კონსტიტუციური რეფორმა 2017 წელს განხორციელდა.

ახალი კონსტიტუციით, ეროვნული უშიშროების საბჭო გაუქმებას დაექვემდებარა. ეროვნული უშიშროების საბჭო ეროვნული თავდაცვის საბჭოთი იცვლება, რომელიც პრეზიდენტის თავმჯდომარეობით მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს შეიძლება შეიქმნას.

 

ამასთან, ახალი რედაქციის კონსტიტუციით, პრეზიდენტს საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარდგინებით შეეძლება. გარდა ამისა, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს დეკრეტების გამოცემაში სახელმწიფოს მეთაურის ექსკლუზიური უფლებამოსილება, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით შეიცვალა.

 

ასევე ახალი კონსტიტუციით, გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ პრემიერ-მინისტრი მიიღებს და ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ დამტკიცების საჭიროებას აღარ დაექვემდებარება.

 

პრეზიდენტი თანამდებობაზე თავდაცვის ძალების მეთაურს მთავრობის წარდგინებით დანიშნავს.

 

2017 წელს განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმით, რომელიც პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში შევიდა, ახალი კონსტიტუციური მოდელი უხვად არის გაჯერებული საპარლამენტო რესპუბლიკის ნიშან-თვისებებით, თუმცა ამ მოდელს კლასიკური საპარლამენტო მოდელებისგან საყოველთაო, პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური განასხვავებს. მომდევნო პრეზიდენტის არჩევა კი სწორედ არაპირდაპირი წესით მოხდება.

საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაშია. 2017 წელს განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმით, რომელიც პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში შევიდა, ახალი კონსტიტუციური მოდელი უხვად არის გაჯერებული საპარლამენტო რესპუბლიკის ნიშან-თვისებებით, თუმცა ამ მოდელს კლასიკური საპარლამენტო მოდელებისგან საყოველთაო, პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური განასხვავებს. მომდევნო პრეზიდენტის არჩევა კი სწორედ არაპირდაპირი წესით მოხდება.

 

ახალი რედაქციის კონსტიტუციის ერთ-ერთი საკვანძო სიახლე არის ის, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესი აღარ იარსებებს და სახელმწიფოს მეთაურს ამომრჩევლის ნაცვლად, 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

 

თავის მხრივ, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა 300 წევრით დაკომპლექტდება. საარჩევნო კოლეგიაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

 

ახალი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც. კონსტიტუციით დადგინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის არჩევა 6 წლის ვადით მოხდა, არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება.

ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციური ვალდებულება გახდა.

 

ახალამოქმედებულ კონსტიტუციაში წერია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

 

პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში ახალი რედაქციის კონსტიტუცია შევიდა. საკონსტიტუციო რეფორმა 2017 წელს განხორციელდა.

ხვალინდელი დღიდან, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა წერტილში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებილი - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

 

გახარია  პოლიციელებს თქმით იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი.

 

მისივე თქმით, ასეთი რეაგირება იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ დეპუტატების, მათ შორის ნიკა მელიას "საქციელში" სისხლის სამართლებრივი დანაშაული გამოიკვეთება.

 

"მინდა დავპირდე მათ და სხვას არავის - დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა წერტილში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებილი. იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. კიდევ ერთხელ მინდა მათ ავუხსნა და ვუთხრა, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ. განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი.

 

ნიკანორ მელიას ერთხელ დავპირდი, რომ როდესაც მსგავს საქციელს ექნებოდა ადგილი, როგორიც ჰქონდა წინა შემთხვევაში, შედეგი დადგებოდა იგივე. თუ ნიკანორ მელიას საქციელში სისხლის სამართლებრივი შემადგენლობა გამოიკვეთება, შედეგი იქნება იგივე",- განაცზადა გახარიამ.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ივლისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?