Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

სამართალდამცველებმა თბილისსა და მარნეულში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 5 პირი დააკავეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, დაკავებულებს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მიღებასა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვაში.ჩადენილი დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამინისტროს ინფორმაციით, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ - ჯეირან კინწურაშვილთან და ირაკლი დანელიასთან და მათთან შეთანხმებით ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ.

 

„დაკავებულები არიან: 1960 წელს დაბადებული გ. დ., 1985 წელს დაბადებული ტ.დ., 1977 წელს დაბადებული ე.კ., 1976 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1982 წელს დაბადებული გ.გ.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ - ჯეირან კინწურაშვილთან და ირაკლი დანელიასთან და მათთან შეთანხმებით ე.წ. „ქურდულიგარჩევებს“ აწყობდნენ.

 

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მიღებისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-პრიმა-2 მუხლით და 223-პრიმა-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ და მოვუწოდოთ, რომ სიძულვილის ენა დაივიწყონ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განუცხადა.

 

ივანიშვილის თქმით, ყველა უნდა გაერთიანდეს ქვეყნის წინსვლისთვის.

 

„არ დაიბნეთ, დაივიწყეთ სიძულვილის ენა. ძალიან კარგი რამ თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ - სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ და მოვუწოდოთ, რომ სიძულვილის ენა დაივიწყონ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, ყველას მხარი მივცეთ, გავერთიანდეთ და მხოლოდ ამით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და წინსვლას,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მე მჯერა ამ ქვეყნის, მე დავბრუნდი ამ ქვეყანაში და დავბრუნდი არაერთხელ. სულ ვბრუნდები. ჯანრი მეძახდა ბუმერანგს, შენ რომ გაგწევენ, მაინც ბრუნდებიო. დავბრუნდი სრულყოფილად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სპორტის სასახლეში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 

მან მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას, მხადამჭერებს, რომლებიც „ ამ ცუდი კამპანიის დროს“ მხარში ედგნენ. ზურაბიშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი რეგიონების განვითარება იქნება.

 

„მინდა, დიდი მადლობა მოვახსენო პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, აქტივისტებს. ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა ამ კამპანიის დროს, ამ ძალიან ცუდ და ზოგჯერ, ძალიან ბინძური კამპანიის დროს. მე ვიცი, რომ ზოგიერთი თქვენგანისთვის ალბათ არ იყო მარტივი, რომ სხვა კანდიდატისთვის დაგეჭირათ მხარი, ასე აქტიურად. კანდიდატი, რომელიც თქვენი პარტიის წევრი არ იყო, თქვენი პარტიიდან არ იყო გამოსული. მინდა, არამხლოდ მადლობა გადაგიხადოთ ამისათვის, ამით ქართულ დემოკრატიაში ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგით. მინდა, მადლობა მოგახსენოთ ამ ბოლო დღეებისათვის, როცა იქნება კიდევ უფრო ძნელი და ალბათ, ასევე არაპირდაპირი და არასუფთა ბრძოლა. ვიცით, როგორ მიდის ამ ბრძოლაში ჩვენი ზოგიერთი კონკურენტი და ამიტომ არაფერი გაგვიკვირდება. გავივლით ამ დღეებსაც და გავივლით გამარჯვებით. ამაში დარწმუნებული ვარ. დავითვალე, ეს არის ჩემი 99-ე გამოსვლა. მოვიარეთ რეგიონები. ერთმა კონკურენტმა დაითვალა 40 000 კილომეტრი, არ ვიცი, როგორ შეძლო, იმიტომ, რომ ჩვენ მოვიარეთ 14 200 კმ და არ გავჩერებულვართ. ასე, რომ არ ვიცი, როდის დადიოდა ის, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება. ვიცი, რომ აქ ბევრნი არიან, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. რომლებიც შეიძლება იქ ვნახე და უკვე მომისმინეს. დღეს აქ არიან და მინდა ორმაგად მადლობა გადაგიხადოთ იმიტომ, რომ რეგიონებში ბრძოლა კიდევ სხვა რამე არის. მინდა გითხრათ ის, რაც ადგილზე გითხარით, რომ ხვალინდელი საქართველო რეგიონებში შენდება. რეგინების წამოწევის გარეშე ხვალინდელი თანამედროვე საქართველო ვერ იქნება. მე ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც სასახლიდან გავა და ჩავა რეგიონებში. თქვენთან ერთად რეგიონებში ვეცდებით, რომ მოვნახთ ის ახალი გზები, ინიციატივები რომელიც იქნება სათავეში იმ გაცოცხლების, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის და მომავლისთვის აუცილებლობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

საპრეზიდენტო კანდიდატის განმარტებით, ის ქვეყანაში გამარჯვებისათვის იმედიანად დაბრუნდა.

 

„მე მჯერა არამხოლოდ რეგიონების, მე მჯერა ამ ქვეყნის, მე დავბრუნდი ამ ქვეყანაში და დავბრუნდი არაერთხელ. სულ ვბრუნდები. ჯანრი მეძახდა ბუმერანგს - შენ რომ გაგწევენ, მაინც ბრუნდებიო. დავბრუნდი იმიტომ, რომ მჯერა ამ ქვეყნის. დავბრუნდი სრულყოფილად, ანუ მივატოვე საფრანგეთის მოქალაქეობა, რაზეც ვფიქრობ, რომ არ იყო მარტივი, რადგან ძალიან ბევრი სამადლობელი მაქვს საფრანგეთისათვის. ყველაფერი ის, რაც გაკეთდა საქართველოსთვის საფრანგეთის მიერ და ასევე კეთდება დღეს. მე ძალიან ბევრი ახლანდელი ემიგრანტი ვიცი თუ რამდენ დახმარებას იღებენ თუნდაც ჯანდაცვის კუთხით. ზოგიერთი არალეგალურად ჩადის და მაინც იღებს ძალიან სერიოზულ დახმარებას. ამიტომ, ამისათვის მადლობელი უნდა ვიყოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მე ძალიან მოხიბლული ვარ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი სამშობლოში დაბრუნების და ევროპულობის სიმბოლოა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გასაკიცხია ყველა, ვისაც ზურაბიშვილის ქართველობაში ეჭვი შეაქვს.

 

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას, ივანიშვილმა თამარ მეფის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ქართველების ქალბატონებისადმი დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს.

 

„ცოტა განაწყენებული ვარ, რომ სცენაზე არ ამიშვეს. ვისურვებდი, რომ კვირას არავითარი ექსცესი არ იყოს, არჩევნები ჩატარდეს ძალიან ლამაზ ფორმებში და ქალბატონი სალომეს პირველივე ტურში მიეღოს ის, რასაც იმსახურებს. ამის დიდი ალბათობაა. ძალიან ამაჩუყებელი იყო ჩემთვის, როცა მისმა შვილმა სცენაზე ცრემლები ვერ შეიკავა. ზოგიერთი ვაი ქართველი ეჭვს გამოთქვამს ქალბატონი სალომეს აქცენტზე, რომ ის ქართველი არ არის. სწორედ მის აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი.

 

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქართველია წასული ემიგრაციაში და ყველა კარგად გაიგებს, რამდენად რთულია უცხო სკოლაში მოსიარულე შვილს შეუნარჩუნო ქართული ენა. ძალიან რთულია - ეს იქნება საფრანგეთში, ამერიკაში, ინგლისში თუ სხვაგან, სადაც გნებავთ. ქალბატონი სალომეს ემიგრაციაში დაბადებაც, ცხოვრებაც იყო იძულებითი. მისმა მშობლებმა ეს შეძლეს. მე ძალიან მოხიბლული ვარ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს. გასაკიცხია, ვინც ეჭვს გამოთქვამს მის ქართველობაში.

 

ქალბატონი სალომე სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოა, ჩვენი ევროპულობის სიმბოლოც. ჩვენ პირველ პრეზიდენტს ავირჩევთ ქალბატონს. თამარ მეფე, რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიის ხიბლია, რომ ჩვენ შორეულ ისტორიაში ვახერხებდით ქალბატონებზე ის დამოკიდებულება გამოგვეხატა, რაც დღესაც კარგად გამოიხატება ყველა ქართულ ოჯახში. სიმბოლოებიც ბევრი გვაქვს ამის. არ დაიბნეთ, დაივიწყეთ სიძულვილის ენა. სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად, საერთო ჯამში, 875 ამომრჩეველი დარეგისტრირდა, თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა კი 28 ოქტომბერს, 20:00 საათის შემდეგ იქნება ცნობილი.

 

“დღეს, ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე იმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. კერძოდ, ბაგრამისა და მაზარის შარიფის სამხედრო ბაზებზე. საერთო ჯამში, ორივე ბაზაზე რეგისტრირებულია 875 ამომრჩეველი. აღსანიშნავია, რომ დღეს სრულდება მხოლოდ კენჭისყრის პროცედურები. მას შემდეგ, რაც ხმის მიცემის პროცესი დასრულდება, ყველა დოკუმენტაცია შესაბამისი წესით დაილუქება, მათ შორის სპეციალური კონვერტები, რომელშიც მოთავსებულია ბიულეტენები და საქართველოში გამოიგზავნება. 28 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მას შემდეგ, რაც მთელ საქართველოში ხმის მიცემის პროცესი დასრულდება, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ავღანეთის 2 უბნის ბიულეტენების დათვლა მოხდება და შესაბამისად, თითოეულმა კანდიდატმა რა რაოდენობის ხმები მიიღო, ცნობილი იქნება მხოლოდ 28 ოქტომბერს, 20:00 საათის შემდეგ”,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

მისივე თქმით, ავღანეთის საარჩევნო ბაზებზე ორი სპეციალური ჯგუფია გაგზავნილი, რომლებშიც შედიან ცესკო-ს მიერ არჩეული პირები და ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები.

 

“რაც შეეხება დამკვირვებლებს, ისინი არ იმყოფებიან, თუმცა ერთ-ერთ ბაზაზე რეგისტრირებულია საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი”, - აღნიშნა ცესკო-ს სპიკერმა.

კანდიდატი, რომელსაც ქალბატონი სალომეთი მიმართავთ და რომელიც ალბათ, კვირას ქალბატონი პრეზიდენტი იქნება, ჩვენთვის ყოველთვის დარჩება უბრალოდ დედად, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თემურ გორჯესტანმა სპორტის სასახლეში, ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილის ვაჟმა მის ოჯახს მადლობა გადაუხადა, რადგან სცენაზე იდგა და ქართული ენის თარჯიმანი არ დასჭირდა.

 

„მე და ქეთევანი ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას, ეს იმიტომ, რომ ჩვენთვის განსაკითრებული მომენტია. კანდიდატი, რომელსაც ქალბატონი სალომეთი მიმართავთ და რომელიც ალბათ, კვირას ქალბატონი პრეზიდენტი იქნება, ჩვენთვის ყოველთვის დარჩება უბრალოდ დედად. ეს მიმართვა - „დედა“ არის სიმბოლო, რადგან ეს სიტყვა ჩვენთვის იყო კავშირი ამ შორეულ საქართველოსთან. ეს არის ჩვენი მშობლების დამსახურება, რომ პირველი ენა ყოფილიყო ქართული. ჩვენ დღეს გვინდოდა მადლობა გადაგვეხადა დედასთვის, მამასთვის, ბებოსთვის და ჯანრისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ თარჯიმანი არ გვჭირდება. ამაყად გესაუბრებით ქართულ ენაზე, რადგან ეს ახასიათებს ჩვენი ოჯახის მიერ ქართული ენის დაცვას“, - განაცხადა ზურაბიშვილის ვაჟმა.

 

ის გამოეხმაურა წინასაარჩევნო კამპანიას და განაცხადა, რომ დედამისისთვის მიყენებული შეურაცხყოფა მიუღებელი და არაქართული ქმედება იყო.

 

„ის, რაც მიმდინარეობდა ამ კამპანიაში დედის მიმართ, ქალის მიმართ, გარდაცვლილი ბებიის მიმართ - მიუღებელია. ეს შეურაცხყოფა იყო სრულიად არაქართული ქმედება. მე შეიძლება შეცდომას ვუშვებ ქართულ ენაში, მაგრამ ქართველობას არასოდეს დავარღვევ. ჩვენი ოჯახის მიერ საქართველოს დაცვა ნიშნავდა მოვალეობას, ეს იყო ვალდებულება ბაბუაჩემის, როცა უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე. მა სურდა დარჩენილიყო ქართველად. ასე დაიბადა და ქართველ ლტოლვილად გარდაიცვალა. ეს ახლა დედაჩემის მოვალეობაა. როცა დედაჩემმა ქართულ პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვიტა, 2006 წელს, მთელი ოჯახი ვეხვეწებოდით, რომ საფრანგეთში დაბრუნებულიყო, რათა მისი ფიზიკური უსაფრთხოების გვეშინოდა. გვეშინოდა, რადგან საქართველოში პოლიტიკა იყო საშიში. ამ თხოვნაზე დედაჩვენმა გვიპასუხა, რომ ბრძოლა მისი ვალდებულება იყო და პარიზში ჩამოსვლა იქნებოდა სამშობლოს მიტოვება. სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს ხიდი თბილისიდან ბრიუსელამდე, თბილისიდან პარიზამდე და თბილისიდან ლონდონამდე. ჩვენ, როგორც დაბადებულები საფრანგეთსა და ამერიკაში ვვოცნებობთ იმაზე, რომ ევროპული და დასავლური ღირებულებები განვითარდეს საქართველოში. ადამიანის უფლებების დაცვა და თავისუფლება, დამშვიდებული პოლიტიკური შეჯიბრება არის მნიშვნელოვანი. დღეს ვფიქრობთ ბებიაზე და ბაბუაზე, ისინი ჩვენთან არიან. დრო მოვიდა ჩვენთვის, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა. პირობას გაძლევთ, დაგიცავთ ყველას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილის შვილმა სიტყვით გამოსვლისას.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვატარებთ არჩევნებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მაგრამ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან ხერხს, ყველა გზასა და საერთაშორისო მექანიზმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის. მჯერა, დადგება დრო და ჩვენი სამშობლო ისევ იქნება ერთიანი და ძლიერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსტრმა მამუკა ბახტაძემ სპორტის სასახლეში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ მხადაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

 

პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილი ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს.

 

„მინდა, შევუერთდე იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ დარბაზშია და კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად გავუსვა ხაზი ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის უპირატესობას, როგორც პრეზიდენტობის ყველაზე სასურველი კანდიდატისა.

 

ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპის ნაწილი და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან, ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ... ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. სწორედ ამ გეზის გამტარებელი იქნება ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ის იქნება საქართველოს ევროპაში და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი გარანტი.

 

ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების აგრესიული, დესტრუქციული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის მიუხედავად, ქალბატონმა სალომემ ამომრჩეველს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია შესთავაზა, რაც იყო კიდეც ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, მითუმეტეს ძალამ, რომელმაც ასეთი ტკივილი მოუტანა საქარველოს“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ’ საქართველოში ახალი პოლიტიკური სტანდარტი დაამკვიდრა - ყველა არჩევნებზე საქართველომ დაადასტურა თავისი ერთგულება ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისადმი.

 

„ყველა არჩევნები, რომლებიც ჩავატარეთ, გამორჩეული იყო თავისუფალი საარჩევნო გარემოს, გამჭვირვალობისა და დემოკრატიულობის თვალსაზრისით. ასე აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და, რაც მთავარია, ჩვენს ხალხს აქვს არჩევნების შედეგებისადმი ნდობა. დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ საარჩევნო რეჟიმშია, წინ საპრეზიდენტო არჩევნები გვაქვს და, დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნებიც ისეთივე დემოკრატიული, ისეთივე თავისუფალი იქნება, როგორიც ყველა წინა არჩევნები იყო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება.

 

წინასაარჩევნოდ ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისათვის, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს თანაბარი საარჩევნო გარემო ჰქონდეთ. ჩვენ ამომრჩევლებს შევუქმენით თავისუფალი არჩევანის პირობები, ვიცავთ და ვუფრთხილდებით თითოეული ამომრჩევლის ხმას და პატივს ვცემთ თითოეული მოქალაქის არჩევანს.

 

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვატარებთ არჩევნებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მაგრამ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან ხერხს, ყველა გზასა და საერთაშორისო მექანიზმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის. მჯერა, დადგება დრო და ჩვენი სამშობლო ისევ იქნება ერთიანი და ძლიერი!

 

სწორედ ერთიანი საქართველოსთვის გვჭირდება დღეს ევროპული ტიპის ლიდერი, უპარტიო, საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი, სწორედ ისეთი, როგორიც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილია.

 

დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი ღირსეულ და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. მინდა ვუსურვო ქალბატონ სალომეს გამარჯვება ამ ბრძოლაში.

 

ასევე მინდა მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, ყველას, ვისთვისაც ღირებულია ევროპული არჩევანი, ქართული ტრადიციები და ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა, ხმა მიეცით სალომე ზურაბიშვილს, შემოხაზეთ 48 !“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატს, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკური გუნდის, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სპორტის სასახლეში, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

კალაძე დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილი იქნება სამაგალითო პრეზიდენტი არა მარტო რეგიონში, არამედ თავის წვლილს შეიტანს ევროპის პოლიტიკაშიც, დადებით როლს ითამაშებს რუსეთთან ურთიერთობაში და იქნება საერთო სახალხო პრეზიდენტი, იქნება მედიატორი პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.

 

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი ძალიან მნიშვნელოვანია. საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. დაგეგმილი კეთილდღეობის მისაღწევად, დღეს სწორი მიზნების დასახვა, სწორი არჩევანის გაკეთება და მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.

 

ჩვენი ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას - ირგვლივ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, ოკუპირებული ტერიტორიები, ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე - წლობით, ათწლეულობით ნაგროვები პრობლემები.

 

ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად - არა დაყოფა, მტრობა, მუდმივი არეულობის მცდელობა, არამედ ერთად დგომა, კონსტრუქციული ძალების თანამშრომლობა და მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური დისკურსი გვჭირდება.

 

ჩვენმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. ადამიანებს ყოველდღიური ძალადობისა და წნეხისგან ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ, მედია და ბიზნესი გათავისუფლდა, ყველას შეუძლია აზრის და პოზიციის გამოხატვა შიშის და თვითცენზურის გარეშე!

 

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ჯანდაცვის, პენიტენციური სისტემის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში. ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ევროპულ სივრცეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია.

 

მიღწეულით, რა თქმა უნდა, არასდროს ვართ კმაყოფილი. ახალი მიზნები უნდა დავისახოთ, ახალი ოცნებების რეალიზებაზე ვიმუშაოთ ერთიანი ძალისხმევით და საზოგადოების კონსოლიდაციით. ამ მიზანსწრაფულობაზე დგას მმართველი გუნდის სიძლიერე, ერთობა ხალხთან და ჩვენი სამშობლოს სწრაფი განვითარება!

 

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ წლების მანძილზე. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელების უმრავლესობას, თავი არ დაუზოგავს, რომ ეს ქვეყანა უკეთესი ყოფილიყო ვიდრე წლების წინ - თავისუფალი, მშვიდობიანი, საკუთარი მოქალაქეების, ადამიანის, სიცოცხლის დამფასებელი და რაც ყველაზე მთავარია, მომავალზე ორიენტირებული.

 

ჩვენ განვამტკიცეთ ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც არის საფუძველი ქვეყნის სწორად განვითარების და საიმედო გარანტი იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლებაში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდებიან ის პოლიტიკური პარტიები და პიროვნებები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე, ჩაგრავდა მათ და აყენებდა შეურაცხყოფას.

 

ჩვენ ყველა ეტაპზე ვცდილობდით, რომ ქვეყნის პოლიტიკაში დაგვემკვიდრებინა ახალი, მაღალი სტანდარტი, ევროპული ტიპის დემოკრატია და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდით ამ სტანდარტების გათვალისწინებით.

 

ამ სტანდარტის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2011 წელს მიიღო გადაწყვეტილება, მოსულიყო ქართულ პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც ქვეყანაში იყო სრული ნიჰილისტური განწყობა და არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იყო არჩევნების - მშვიდობიანი გზით სისხლიანი რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეს მოვახერხეთ.

 

ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვინც ძალაუფლება და უმაღლესი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ამით საფუძველი ჩაუყარა, საქართველოსთვის სრულიად ახალ პოლიტიკურ მიდგომებს.

 

ეს გამოიხატა აგრეთვე ახალი კონსტიტუციით, რომლითაც „ქართული ოცნება“ ერთადერთ ხელისუფლებად იქცა, რომელმაც ცვლილებებით ძალაუფლება კი არ გაიზარდა, არამედ პირიქით, მაქსიმალურად შეიზღუდა და ეს გამოიხატა თუნდაც იმაში, რომ მმართველმა პარტიამ, ქვეყნის და დემოკრატიიის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ, ზეპარტიულ კანდიდატს.

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატს, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკური გუნდის, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იქნება.

 

ჩვენ მხრს ვუჭერთ უდიდესი დიპლომატიური და პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, ღირსეული ქართველების შთამომავალს, რომელიც ყველაზე ზუსტად შეესაბამება კონსტიტუციით პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ როლს.

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მშვიდობიან, ევროპულ მომავალს!

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს!

 

ის იქნება სამაგალითო პრეზიდენტი არა მარტო რეგიონში, არამედ თავის წვლილს შეიტანს ევროპის პოლიტიკაშიც, დადებით როლს ითამაშებს რუსეთთან ურთიერთობაში და იქნება საერთო სახალხო პრეზიდენტი, იქნება მედიატორი პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.

 

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ისტორიაში და მჯერა ახალი ერა დაიწყება საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მოწყობაში.

 

მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ ყველას, ვისაც გაწუხებთ საქართველოს ბედი, ვინც ზრუნავთ არ მარტო საკუთარ ბედზე, არამედ გაწუხებთ საზოგადოების სწორად განვითარება - ხმა მიეცით სალომე ზურაბიშვილს.

 

პირველ ქალ პრეზიდენტს ქვეყნის ისტორიაში! პირველ ზეპარტიულ პრეზიდენტს საქართველოში! შევუწყოთ ხელი ხელი დემოკრატიის განვითარებას! - მიეცი ხმა თანამედროვე საქართველოს!

 

ზურგი ვაქციოთ ერთხელ და სამუდამოდ დაპირისპირებას შეურაცხყოფას, საზოგადოების დაყოფას, არეულ წარსულს და ყველამ ერთად, ახალი ქვეყანა ავაშენოთ - სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, იმედზე და განვითარებულ მომავალზე.

 

მინდა, წარმატებები გისურვოთ ქალბატონო სალომე!“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონკურენტებს თავიდანვე შესთავაზა ღირსეული, ევროპული საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის წარმართვა, თუმცა ოპონენტების პასუხი იყო არაევროპული და არაქართული.

 

„რამდენიმე დღეში დასრულდება საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და საფუძველი ჩაეყრება ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას, სისტემას, სადაც პრეზიდენტი არის ზეპარტიული თანამდებობის პირი და ხიდი საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის. ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ“. სალომე ზურაბიშვილმა კონკურენტებს თავიდანვე შესთავაზა ღირსეული, ევროპული საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის წარმართვა, თუმცა ოპონენტების პასუხი იყო არაევროპული და არაქართული. ევროპელობა და ქართველობა გულისხმობს ღირსების პატივისცემას, ქალის პატივისცემას, ამის საპირისპიროდ ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ უღირსი, სიყალბე, აგრესია და სიძულვილი ოპონენტების მხრიდან. მხოლოდ ძლიერ ქალბატონს შეეძლო მოთმინებით ეპასუხა ოპონენტების მორალური სისუსტისთვის. ამგვარი კამპანიით მან აჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქართული პოლიტიკა და ქართული პოლიტიკური კულტურა მომავალში. მან წარმართა ჭეშმარიტად ევროპული სტილის საარჩევნო კამპანია, რითაც დაამტკიცა, რომ ის იქნება ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მე ეჭვს აღარ მიტოვებს ის, რომ პრემიერის განცხადება არის იმ ერთიანი ჯაჭვის ნაწილი და ერთიანი “მესიჯბოქსის” ნაწილი, რომლითაც “ქართული ოცნება” და ხელისუფლება არასამთავრობო სექტორზე თავდასხმას ცდილობს, - ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადების შეფასებისას განუცხადა.

 

მიხეილ ბენიძის აზრით, “ქართული ოცნებისა” და ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო სექტორზე თავდასხმის მცდელობა არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციასა და საზოგადოების თვალში მათი რეპუტაციის შელახვას იწვევს.

 

“ამას არჩევნებთან პირდაპირი კავშირი აქვს და მათი მცდელობა არის ის, რომ კონკრეტულად, არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაცია მოახდინონ და რაღაცნაირად, ჩვენი რეპუტაცია შელახონ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ქვეყნის დემოკრატიისთვის. უკვე ნახეთ, რომ ასეთ განცხადებებს საერთაშორისო გამოხმაურებები აქვს. მათ შორის, საკმაოდ მაღალი ტრიბუნებიდანაც და ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, პრემიერმა და ნებისმიერმა სხვა მაღალი თანამდებობის პირმა უმჯობესია, ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავოს და კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდნენ. რა თქმა უნდა, კრიტიკა ყველაფრის მისაღებია, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ ასეთ კოორდინირებულ, მიზანმიმართულ შეტევას, რომელიც სცდება ნებისმიერ საქმიანი კრიტიკისა და საქმიანი კოორდინაციის ფარგლებს”, - აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

 

ამასთან, მიხეილ ბენიძის თქმით, მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობაზე საუბრობს, რეალურად, მათ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისა და მისი ხედვების მოსმენის საშუალება არ ჰქონიათ.

 

“ჩვენ მაგალითად, არ გვქონია იმის შესაძლებლობა, რომ პრემიერს პირადად შევხვედროდით და მის რეფორმებზე მისი ხედვები მოგვესმინა ან ჩვენი პოზიციები გაგვეზიარებინა, ამიტომ როდესაც საუბრობს, რომ თურმე არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობს, კარგი იქნება, თუ მართლაც აქტიური კომუნიკაცია გვექნება და გავიგებთ, რას აპირებს პრემიერი და ამ თანამშრომლობას რეალურად, საქმით დაადასტურებს”,- აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი სამოქალაქო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს, თუმცა ამის საპასუხოდ ხშირ შემთხვევაში მათი მხრიდან „პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები გვესმის“.

არის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩამორჩება გეგმას, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები არ იგეგმება.

 

„მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებები არ იქნება. არის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩამორჩება გეგმას. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ უმეტესის დაკონტრაქტებას მოვახდენთ და თანხასაც გადავცემთ, თუმცა ფაქტობრივი ხარჯი ალბათ არ მოესწრება ამ წელს. აქედან გამომდინარე, ლარზე ზეწოლას ამით არ მოვახდენთ, თუმცა ბიუჯეტის ათვისება მაინც მოხდება",- განაცხადა მაჭავარიანმა.

ესპანეთის პოლიციამ კანარის კუნძულებთან მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ საბუქსირო გემზე 1400 კილოგრამი „კოკაინი“ აღმოაჩინა და გემის ეკიპაჟის 10 წევრი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

 

დაკავებულია თურქეთის 7 და საქართველოს, უკრაინისა და ბულგარეთის თითო მოქალაქე. პოლიციის ინფორმაციით, აკრძალული ტვირთი სპეციალურ სამალავში ინახებოდა.

 

„კოკაინი გემით სამხრეთ ამერიკიდან, თურქეთის გავლით ესპანეთში უნდა მოხვედრილიყო, საიდანაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მისი ტრანსპორტირება იგეგმებოდა“, - აცხადებენ პოლიციაში.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » ივნისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?