აფხაზური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ და შენობაში დარჩენას მანამდე გეგმავენ, ვიდრე „სახელმწიფოს მეთაურის“ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. ამის შესახებ „ტასს“ საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ახრა ავიძბამ განუცხადა.

 

„პირადად, მსურს დავინახო სიცხადე ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და ხალხსაც ეს სურს. ჩვენ ამ მიზნით მოვედით აქ. მიტინგს დავასრულებთ, როდესაც ამბიციებზე კეთილგონიერება გაიმარჯვებს. როდესაც ახალი არჩევნები დაინიშნება, შენობას დავტოვებთ“ , - განაცხადა ავიძბამ.

 

მანვე დააკონკრეტა, რომ პროტესტის მონაწილეები გამოდიან კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოთხოვნაა, მოქმედმა „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ დაიცვას კონსტიტუცია, მათ შორის, არჩევნების ნაწილში.

 

„ჩვენ ხაჯიმბასთან მოვედით და გამოსვლა ვთხოვეთ - გვინდოდა განგვემარტა, რომ ის უნდა ყოფილიყო ჩვენი კონსტიტუციის გარანტი და დანიშნოს არჩევნები თავისი ნებით, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. გამოვიდა მისი დაცვა და დაიწყო ვითარების პროვოცირება“, - განაცხადა ავიძბამ.

 

მისი თქმით, დღევანდელ მიტინგზე 200-300 ადამიანი გამოვიდა, რომელთა მხრიდან აგრესია არ არის.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.