აშშ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდის გაგზავნას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN ავრცელებს.

 

ტელეარხის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვეს, თურქეთს შეატყობინონ შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდის შესაძლო შესვლის თაობაზე.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მხრიდან ეს ქმედება შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების ფონზე ხდება, რამაც ქერჩის სრუტეში უკრაინის საზღვაო ძალების გემებისა და მეზღვაურების დაკავება გამოიწვია.

 

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა. 24 უკრაინელი მეზღვაური რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. მათ ბრალი წაუყენეს რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადალახვის მუხლით.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.